"ტორპედოში" ყველაფერი რიგზეა

AutoSharing Option
უკვე კარგა ხნის გარკვეულია, რომ ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე ადგილი ევროსაგზურს ვერ იძლევა და ამიტომაც თასის გათამაშებას შემორჩენილმა იმ გუნდებმა, რომლებიც უმაღლეს ლიგაში სამეულს მიღმა არიან, აქცენტი მთლიანად თასზე გადაიტანეს.

ფინალში გასული "ტორპედოსთვის" ჩემპიონატში დარჩენილი მატჩები, პრაქტიკულად, რეპეტიცია იქნება 26 მაისისთვის. უნდა ითქვას, რომ "ტორპედო" თასის ფინალს კარგ ფორმაში ხვდება. გუშინ გია გიგატაძის გუნდმა არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ბოლნისური მატჩი შთამბეჭდავად მოიგო.

პირველ ტაიმში "სიონი" ურიგოდ არ გამოიყურებოდა და გამარჯვებულის განჭვრეტა იოლი არ იყო. თუმცა, რაც ბოლნისელებს გუშინ დაემართათ, ეს მათთვის სეზონში
პირველი არ ყოფილა – მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ კიდევ ერთხელ იჩინა თავი მათმა არასახარბიელო ფიზიკურმა მომზადებამ. სწორედ ამის ბრალი იყო, მეორე ტაიმში სტუმრები მთელ მოედანზე რომ გაბატონდნენ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რაღა თქმა უნდა, რევაზ გოცირიძეა, რომელმაც ბოლო ტურებში "ტორპედოში" საკუთარი თავი იპოვა და ახალ გუნდში საგოლე ანგარიშიც გახსნა. გუშინ კი გამოცდილმა თავდამსხმელმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა. შესანიშნავად ითამაშა მისმა ახალგაზრდა მეწყვილე ნიკა საბანაძემაც. ბოლნისში ქუთაისელთა შუა ხაზმაც გვარიანად იმუშავა.

ორივე გუნდის შემტევები სიზუსტით გამოირჩეოდნენ და გაფუჭებული სახიფათო მომენტები, ფაქტობრივად, არ გვინახავს. მასპინძლები ალექსანდრე გოგობერიშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ სერგი ორბელაძემ გაახარა, თუმცა ბოლნისელთა სიხარულმა სამიოდე წუთს გასტანა. გიორგი სეთურიძის ფლანგურ ჩაწოდებას გოცირიძე გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა.

დაიწყო მეორე ტაიმი და "ტორპედოს" უპირატესობაც უცებ გამოიკვეთა. გოცირიძემ ამჯერად საბანაძის გადაცემით დააწინაურა თავისიანები. ხუთ წუთში გივი დიდავამ თავის მეკარეს ბურთი არაზუსტად დაუგორა, გადაცემა საბანაძემ ჩაჭრა და გოცირიძეს მეორედ გაუწია ასისტენტობა – 1:3 და ყველაფერი აქ გაირკვა.
შეცვლების მიუხედავად, "სიონს" შეტევაში არაფერი გამოსვლია, სამაგიეროდ, გიორგი დათუნაიშვილს შეეძლო სეზონის ულამაზესი გოლის გატანა – "ტორპედოს" ნახევარმცველმა კარიდან წინ გამოსული ზუხბაია შენიშნა და მოედნის ცენტრიდან დაარტყა. დათუნაიშვილს მიზანმა ოდნავ უმტყუნა.

ბოლო სიტყვა მაინც ტორპედოელებმა თქვეს. სტუმრებმა სწრაფი და ლამაზი კონტრშეტევა განახორციელეს. იერიში შეცვლაზე შესულმა ლაშა კემუხტაშვილმა წამოიწყო, თამაში გრიგოლ დოლიძემ გაამწვავა და კემუხტაშვილს საგოლედ უპასა.

"ტორპედომ" მეოთხე საფეხური შეინარჩუნა, სიონელებს კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად კიდევ მოუწევთ ოფლის დაღვრა.

8.05. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი-ტორპედო 1:4

1:0 ორბელაძე (20. გოგობერიშვილის პასით), 1:1 რ. გოცირიძე (23. სეთურიძის პასით), 1:2 რ. გოცირიძე (58. საბანაძის პასით), 1:3 რ. გოცირიძე (63. საბანაძის პასით), 1:4 კემუხტაშვილი (90. დოლიძის პასით)

სიონი ტორპედო
4-2-3-1 4-4-2
ზუხბაია ქვილითაია
კობაური დ. ფოფხაძე
დიდავა ს. თოდუა
დ. ლომაია ფარულავა
ორბელაძე ჩიკვილაძე
სვანიძე დოლიძე
ლ. ნოზაძე გ. დათუნაიშვილი
გოგობერიშვილი თარხნიშვილი
ქუცურუა სეთურიძე
ჩირიკაშვილი საბანაძე
რეხვიაშვილი რ. გოცირიძე
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ხ. ქასრაშვილი გ. გიგატაძე

სიონი
50. ქუცურუა – შალამბერიძე
64. რეხვიაშვილი – ისიანი
65. ჩირიკაშვილი – მ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თარგამაძე, გ. ოქროპირიძე, ლ. ჩხეტიანი

ტორპედო
64. თარხნიშვილი – დიღმელაშვილი
69. საბანაძე – ქებაძე
82. გოცირიძე – კემუხტაშვილი
სათადარიგოები: ჯოხაძე, მაჭავარიანი, გ. ჩხეტიანი, ვ. კვარაცხელია

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (42)
არბიტრი: ჯ. ხორავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული