ნიკოლოზ გელაშვილი: ევროპაში "ზესტაფონი" საქართველოს არ შეარცხვენს

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" შაბათს საქართველოს ჩემპიონობა გაიფორმა, იმერელთა 25 წლის ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა კი საკუთარ საგოლე აქტივს კიდევ ერთი ბურთი შემატა და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გელაშვილს ჩემპიონობით მიღებულ ემოციებზე ველაპარაკეთ, სეზონის მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ და უახლოეს მიზნებზეც დავეკითხეთ.

- უპირველესად, ჩემპიონობას გილოცავ. რომელი კომპონენტების წყალობით შეძლო "ზესტაფონმა" ტიტულის მოპოვება?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ვფიქრობ, ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. პირადად ჩემთვის ეს პირველი ჩემპიონობაა და ძალიან ბედნიერი ვარ, "ზესტაფონის" გამარჯვებაში წვლილი რომ შევიტანე.

ჩემპიონობას, უპირველეს ყოვლისა, გუნდური თამაშითა
და საოცარი ერთსულოვნებით მივაღწიეთ. "ზესტაფონი" ძალიან მეგობრული გუნდია, რის გარეშეც ასეთი შედეგები არ ექნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონობაში კონკრეტულად რამდენიმე ფეხბურთელმა შეიტანა სხვებზე მეტი წვლილი, ამ გამარჯვებისთვის გუნდის თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო.

- "ზესტაფონს" წინა სეზონებშიც ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ ჩემპიონობასთან ახლოსაც არ ყოფილა.
- როგორც ჩანს, ძველი წარუმატებლობებისგან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და ნაკლოვანებები გამოვასწორეთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. "ზესტაფონმა" ეს მოახერხა, ფეხბურთელებმა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მოედანზეც უკეთ გავუგეთ ერთმანეთს და სანუკვარ მიზანსაც მივაღწიეთ. გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს და ჩემპიონობის დროც მოვიდა.

- დუბლის შესრულებაც შეგეძლოთ.
- თასის მოპოვებაც ძალიან გვინდოდა, უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში დუბლი აღარავის შეუსრულებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარფინალში "ტორპედოს" ბარიერი ვერ გადავლახეთ. ვაღიარებ, მეტოქემ უკეთ ითამაშა და ფინალში სამართლიანად გავიდა.

- ხომ არ ფიქრობ, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონობა კონკურენტების არასტაბილური თამაშის გამოც გაუადვილდა?
- არა, რადგან, ჩავარდნების მიუხედავად, "დინამომ" და "ოლიმპმა" ჩემპიონატი ღირსეულად ჩაატარეს. განსაკუთრებული წინააღმდეგობა "დინამომ" გაგვიწია და გამუდმებით სერიოზულ წნეხში ვყავდით მოქცეული.

- რომელი თამაში აღმოჩნდა გადამწყვეტი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?
- თუ ჩემპიონობა გინდა, თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ქულები არ ანიავო. ჩემპიონობა რომელიმე კონკრეტული მატჩის მოგებამ არ მოგვიტანა, მაგრამ სატურნირო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაინც ორ შეხვედრაში გამარჯვებას გამოვარჩევ - "ზესტაფონმა" ჯერ შინ "დინამო" დაამარცხა, მერე გასვლაზე "ოლიმპს" მოუგო და სწორედ მაშინ დარწმუნდა ყველა, რომ საქართველოში საუკეთესო გუნდი ჩვენ გვყავს.

- ბომბარდირობაში უკვე დარწმუნებული ხარ?
- იმის მიუხედავად, რომ 17 გოლი დამიგროვდა და უახლოეს მდევარ ირაკლი მოდებაძეს სამი ბურთით ვუსწრებ, ეს ტიტული ჯერ არ დამიბევებია. თანაც, შემდეგ ტურში ბოლნისის "სიონთან" მიკროტრავმის გამო, ალბათ, ვერ ვითამაშებ. მთავარი მაინც "ზესტაფონის" ჩემპიონობა იყო და რაკი ეს მიზანი უკვე შესრულებულია, შემიძლია, პირად მიღწევაზეც ვიფიქრო.

- ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი შარშანწინაც გახდი, მაშინ 20 გოლი გაიტანე. გაქვს ამ მიღწევის გამეორების იმედი?
- გამიჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები. თუმცა ისიც კარგია, რომ წინა სეზონის მაჩვენებელი უკვე გავაუმჯობესე. მაშინ 16 გოლი გავიტანე და მხოლოდ "ოლიმპის" ბრაზილიელმა აკინომ გამისწრო.

- ამ სეზონის 17 გოლიდან პენალტით ერთიც არ გაგიტანია. თუ შანსი მოგეცა, თერთმეტმეტრიანს დაარტყამ თუ გირჩევნია, გოლები მხოლოდ თამაშიდან გქონდეს გატანილი?
- დავიწყებ იმით, რომ ამ სეზონში "ზესტაფონმა" მხოლოდ ერთი პენალტი დაარტყა და მეეჭვება, ამის შესაძლებლობა კიდევ მოგვეცეს, თუმცა, თუ საშუალება იქნება, თერთმეტმეტრიანს აუცილებლად შევასრულებ. პენალტიც გოლია და არც მისი გატანაა იოლი.

- ალბათ, "ზესტაფონის" წევრებს ჩემპიონობა ფინანსურადაც საკადრისად დაგიფასდებათ.
- აუცილებლად, ეს დაპირება სეზონის დაწყებამდე მივიღეთ.

- რისი მიღწევა შეუძლია "ზესტაფონს" ევროტურნირებზე?
- "ზესტაფონი" პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენი ამოცანა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება. კარგად მესმის, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. საერთოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა კი არა, ერთი ეტაპის გადალახვაც დიდი საქმეა, თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვიქნებით. წინა წლებში ევროთასებზე არაერთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშეთ, ზამთრის შეკრებაზე ესპანეთშიც სახელოვან გუნდებს გავუწიეთ დიდი წინააღმდეგობა და ყოველივე ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ევროპაში საქართველოს სახელს არ შევარცხვენთ.

- რა რეაქცია გქონდა ტოტალიზატორთან დაკავშირებულ სკანდალზე?
- მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შოკში ჩავვარდით. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დასჯილი ფეხბურთელი ჩემი მეგობარია, მიმაჩნია, რომ ისინი დამსახურებულად მოიკვეთნენ ფეხბურთიდან. ბედნიერი ვარ, რომ ამ სიბინძურეში "ზესტაფონის" სახელი არ გაჟღერებულა.

- ახლოვდება ხორვატია-საქართველოს მატჩი. გაქვს სპლიტში გამგზავრების იმედი?
- ძალიან მინდა, თემურ ქეცბაიას ნდობა კვლავ დავიმსახურო და ნაკრებს გამოვადგე. თუ მწვრთნელი ნაკრების ღირსად მიმიჩნევს, ყველანაირად ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობები სანაკრებო დონეზეც გამოვავლინო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული