ჯემალ ჭიპაშვილი, "სიონის" პრეს-ატაშე:
- ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. მერწმუნეთ, ამ პოზიციაზე ნამდვილად არ ვართ იმის გამო, რომ სიახლე უმაღლეს ლიგაში ავტომატურად დაგვტოვებს - უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი ისედაც გვქონდა.
სახელმწიფო დაფინანსებით ინფრასტრუქტურის პრობლემები მოგვარდება და თორმეტგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება პრობლემა არ იქნება. კარგია, რომ უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის საშუალება უფრო
საინტერესოა ჩემპიონატის ჩატარების სისტემაც, რომელიც გუნდებს მეტი სიფხიზლისკენ მოუწოდებს. დარწმუნებული ვარ, უმოტივაციო მატჩებს რაოდენობა საგრძნობლად დაიკლებს, რადგან თითოეულ ქულას ამჟამინდელზე გაცილებით დიდი ფასი ექნება. დაძაბული შეხვედრების გაზრდილი რაოდენობა კი მაყურებელს სტადიონზე აუცილებლად მიიზიდავს.
უფრო საინტერესო გახდება პირველი ლიგის გათამაშებაც, რადგან იქაურ კლუბებს მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.
ერთადერთი, რითიც უკმაყოფილონი ვართ, ისაა, რომ სჯობდა, ფედერაციას საკუთარი პროექტი ცოტა ადრე წარმოედგინა და ჩემპიონატის ფინიშის წინ კლუბები გაურკვევლობაში არ აღმოჩენილიყვნენ. გავარდნის საფრთხის ქვეშ მყოფი კლუბები ბოლო ტურებში თითქოს ბოლომდე უნდა დახარჯულიყვნენ, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ზოგ მათგანს თავი უკვე ქუდში აქვს, რაც ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია.
მართალია, ფეხბურთის ფედერაციას პროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალი სეზონიდან ჩემპიონატი ახლებური ფორმატით ჩატარდება.
ბადრი კვარაცხელია, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი:
- ეროვნული ჩემპიონატის ახალი ფორმატი მხოლოდ"სპარტაკის" ან "სამტრედიასთვის" არაა შექმნილი. რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პლეი ოფში ვიბრძოლებთ, მაგრამ იქ რომც ვერ შევინარჩუნოთ ადგილი, "სპარტაკი" არ დაიშლება, პირველ ლიგაში ვიასპარეზებთ და ისევ დავუბრუნდებით უძლიერესთა რიგებს.
ეს ახალი ფორმატი კი ყველას მოსწონს და მას მართლაც არაერთი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს პირველობაზე 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა და ექვსეულებად დაყოფა ადრეც იყო, მაგრამ ეს ახალი ფორმატი უფრო სრულყოფილია და ბვრად უკეთესი. ამ ახალ ფორმატს ერთდროულად რამდენიმე დადებითი მხარე აქვს. ვფიქრობ, მაქსიმალურად შემცირდება ე. წ. საეჭვო მატჩების რაოდენობა. გუნდებს სეზონის განმავლობაში, ფაქტობრივად, 50-მდე მატჩი ექნებათ ჩასატარებელი, რაც ფეხბურთელების ჩამოყალიბებასა და დაოსტატებას მნიშვნელოვნად წაადგება.
ზოგი იმასაც ამბობს, 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა თუ გვინდა, ამდენი სტადიონი სად გვაქვსო. სეზონში, რომელიც თითქმის დავასრულეთ, 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა იყო, გვქონდა კი უმაღლეს ლიგაში 10 სტადიონი?
რამდენი ხანია გვესმის, სახელმწიფომ ფეხბურთში დიდი ფული თუ არ ჩადო, ისე ჩვენი ჩემპიონატის დონე არ ამაღლდებაო. ეს დღეც დადგა, უმაღლეს ლიგაში ყველა კლუბს სპონსორი ეყოლება, სახელმწიფო მოედნებს აკეთებს და გააკეთებს კიდეც, გუნდები პრემიალურებს მიიღებენ და ეს მხოლოდ მოწინავე სამეულს ან ოთხეულს არ შეეხება. ვფიქრობ, ამ ახალი ფორმატით ჩემპიონატში მეტი ინტრიგა და დაძაბულობა იქნება, რაც დონის ამაღლებას განაპირობებს. ერთი სიტყვით, ახალ ფორმატს ძალიან ბევრ პლუსი აქვს და მას სრულიად ვემხრობი.