პლეი ოფის წინ

AutoSharing Option
ხვალ ეროვნულ სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკი" და საჩხერის "ჩიხურა" პლეი ოფში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის საგზურისთვის შეებრძოლებიან. სეზონის გადამწყვეტი მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს გავესაუბრეთ.

ბადრი კვარაცხელია: "სპარტაკი" დანაკლისით, მაგრამ იმედით
- სამწუხაროდ, არაერთი ქულა დავკარგეთ და პლეი ოფში მოგვიწია თამაშმა. ჩვენთვის ეს სეზონის გადამწყვეტი მატჩია. ბუნებრივია, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენს გუნდში ეს ყველა ფეხბურთელს კარგად აქვს გათავისებული. "ჩიხურასთან" მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით და შეკრებაზე ვიმყოფებით.

- დანაკლისი თუ გაქვთ?
- სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ავცდით და ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად
4 წევრი გვაკლია. მეკარე სოსო გრიშიკაშვილმა ტრავმა ვერ მოიშუშა, დაშავდა შემტევი ნახევარმცველი მიხეილ ბარაბაძე, ლაშა ჯაკობია და ვალერი ბოლქვაძე ამ თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი ძალაა.

- მეტოქეს როგორ დაახასიათებთ?
- "ჩიხურას" სათანადოდ ვაფასებთ, ვნახეთ მისი მატჩების ჩანაწერები. ვნახეთ და დალაგებული გუნდია, გამართულ ფეხბურთს თამაშობს და გამოცდილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ერთი სიტყვით, კარგი მეტოქე გვყავს, ეს გუნდი ტყუილად არ იყო პირველი ლიგის ლიდერებს შორის.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება გადამწყვეტი, პირველი გოლი, კლასი თუ სხვა ფაქტორები?
- პირველი გოლის გამტანს ყოველთვის აქვს უპირატესობა და ამ მატჩშიც ასე იქნება. არა მგონია, პირველი გოლი გადამწყვეტი იყოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა კი ექნება. კლასსა და გამართლებას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, ისევე, როგორც გულშემატკივრის ფაქტორს. ერთი სიტყვით, რთული მატჩი გველის და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- მატჩი ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ეს ფაქტორი რამდენად იმოქმედებს შედეგზე?
- კარგ მოედანზე მოგვიწევს თამაში, იქ, სადაც ეროვნული ნაკრები თამაშობს და ეს მომენტი ორივე გუნდისთვის დიდი სტიმულია. ყველანაირად შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და კმაყოფილი დარჩეს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ჩვენს მატჩს დაესწრება.


სოსო ფრუიძე: კვირას მასპინძელი "ჩიხურა" იქნება
- "ჩიხურას" ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა საჩხერელია და ამიტომაც შეკრება არ მოგვიწყვია, თბილისში შაბათს ჩავალთ და გადათამაშებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- პლეი ოფის ოპტიმალური შემადგენლობით ჩატარებას თუ ახერხებთ?

- სამწუხაროდ, ვერა. ტრავმების გამო მიქაძე და ჩიკვაიძე დაგვაკლდებიან, ხოლო ტყებუჩავა დისკვალიფიცირებულია. დანაკლისი სერიოზულია, მაგრამ მჯერა, ამ ფეხბურთელებს სრულფასოვნად შევცვლით.

- რა შეიძლება დაუპირისპიროს "ჩიხურამ" "სპარტაკს"?
- მეტოქე უფრო გამოცდილია, მაგრამ კოზირები ჩვენც გვაქვს, რის დამტკიცებასაც მოედანზე შევეცდებით. "სპარტაკი" საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს.

- გავრცელებულია აზრი, რომ "ჩიხურასთვის" უმაღლეს ლიგაში გადასვლა პრიორიტეტი არ არის.
- შეიძლება, წინა წლებში ასე იყო, მაგრამ უკვე ოთხი წელიწადია, "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი ვარ, ჩვენი კლუბი ეტაპობრივად იზრდება და ამბიციებიც გვემატება. გვაქვს კეთილმოწყობილი სტადიონი, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, ყველანაირი საწვრთნელი პირობები და დროა, საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს ლიგაშიც მოვსინჯოთ. თუ უმაღლესის საგზური მოვიპოვეთ, გუნდის შემადგენლობის გაძლიერების საშუალებაც გვაქვს. ეს ყველაფერი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი სპონსორის, "ქართუ ჯგუფის" დამსახურებაა.

- ალბათ, საჩხერიდან თბილისში ქომაგები მრავლად ჩამოვლენ.
- ჩვენი გუნდის თითქმის არც ერთ წევრს ეროვნულ სტადიონზე არასდროს უთამაშია, მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ერთგული გულშემატკივრების წყალობით კვირას თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საჩხერის სტადიონზე, მასპინძელი "ჩიხურა" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული