"სიონიდან" ჯერ მხოლოდ მიდიან

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონს" მომავალი სეზონისთვის მზადება ჯერ არ დაუწყია. არც ის არის ცნობილი, როდის და სად დაიწყებს გუნდი შეკრებას. მეტიც, ისიც კი გაურკვეველია, რა კონტინგენტით განაგრძობს "სიონი" არსებობას. 30 მაისს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა ყველა მწვრთნელსა და ფეხბურთელს და მოთამაშეთა ნაწილმა უკვე მოძებნა ახალი კლუბი, ნაწილიც ძიებაშია. ბოლნისელთა ახალწვეულების შესახებ კი არაფერია ცნობილი.

როგორც იცით, რუსთავის "ოლიმპს" მიაშურეს სერგი ორბელაძემ და დავით ლომაიამ, კობა შალამბერიძე და რევაზ ჯიქია კი, ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალის "სპარტაკთან" აწარმოებენ მოლაპარაკებას. გაურკვეველია დუბლშემადგენლობის ბედიც, სადაც, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი
დაინიშნება და კადრებიც გვარიანად შეიცვლება.

"ჯერჯერობით გუნდის მომავლის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ვფლობ. არც ის ვიცი, დავრჩები თუ არა "სიონში" და არც იმის შესახებ ვარ ინფორმირებული, დარჩენის შემთხვევაში რა მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მე მზად ვარ "სიონში" მუშაობის გასაგრძელებლად და ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა.

ამაზე ბევრად მეტი ვერც კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი არევაძისგან შევიტყვეთ: "როგორც იცით, ჩვენი სპონსორის, "მადნეულის" ხელმძღვანელი კობა ნაყოფია ბოლო პერიოდში ფილმ "აგვისტოს 5 დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებებითაა დაკავებული. მალე დროს "სიონისთვისაც" გამონახავს და კვირის ბოლოსთვის დეტალურად გვეცოდინება კლუბის ბიუჯეტიც, საზაფხულო გეგმებიცა და სამომავლო მიზნებიც. საგანგაშო არაფერია, "სიონი" უმაღლეს ლიგაში ღირსეულად იასპარეზებს."

არევაძემ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ "სიონს" მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და პერსონალის მიმართ რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება აქვს და თქვა, რომ გასასტუმრებელი მხოლოდ მაისის ხელფასებია და ეს საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება.

ასე რომ, დაველოდოთ კვირის ბოლოს და იმედი დავიტოვოთ, რომ "სიონში" ყველაფერს სულ მალე მოეფინება ნათელი და უმაღლესი ლიგის ამბიციური კლუბების რაოდენობა არ შემცირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
midi shalamber...carmatebebi...
gigi
17:50 07-06-2011
0

სიახლეები პოპულარული