რამდენს უჭირს და რამდენს გაუჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს მომავალი ჩემპიონატი 7 აგვსიტოს დაიწყება. 12 გუნდამდე გაზრდილი უმაღლესი ლიგის სტარტამდე დრო ჯერ საკმაოა, მაგრამ ბევრი რამ აქედანვე ცხადი ხდება - უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ იბრძოლებს უმაღლესი მიზნებისთვის და ვინ - უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებისთვის.

სამწუხაროდ, გამორიცხული არც ის არის, რამდენიმე უმაღლესლიგელმა სეზონი მწირი ბიუჯეტით დაიწყოს, რასაც, როგორც წესი, ჩემპიონატის მსვლელობისას გაღრმავებული პრობლემები და გუნდის იძულებითი გაახალგაზრდავება მოსდევს ხოლმე. ის კი არა, ჯერ იმის გარანტიაც კი არ გვაქვს, რომ რომელიმე უმაღლესლიგელი უსახსრობის გამო სეზონს ელიტაში ვერ დაიწყებს.

იმედია, საქმე
აქამდე არ მივა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ რამდენიმე უმაღლესლიგურ კლუბში დღეს თითქმის არაფერი ხდება და სიტუაციის გარკვევას ელოდებიან. არადა, როცა ჩემპიონატის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, შემადგენლობისა და შეკრებისა თუ არა, კლუბის სპონსორისა და ბიუჯეტის საკითხი კი უნდა იყოს გადაწყვეტილი.

საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი კლუბები უმაღლესი ლიგის სამონაწილეო თანხის გადახდას. შეგახსენებთ, შარშან პროფესიული ფეხბურთის ლიგას უმაღლესლიგელთათვის 40 ათასი ლარი ჰქონდა დაწესებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემპიონატის ჩატარება ფედერაციამ ითავა, ზვიად სიჭინავამ გადასახადის განახევრების შესახებ განაცხადა. სფფ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში იტყვის, თუ რამდენის გადახდა მოუწევთ უმაღლესლიგელებს.

საბედნიეროდ, რამდენიმე ქართულ კლუბს ჩვენი საზომებით მეტ-ნაკლებად სოლიდური, რამდენიმეს კი მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური ბიუჯეტი აქვს და ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სამონაწილეოს უპრობლემოდ გადაიხდიან "ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "გაგრა", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია" და "სპარტაკი". მათ რიცხვს გორის "დილაც" უნდა მივამატოთ, რადგან შიდაქართლელები უცხოურ შეკრებაზე აპირებენ წასვლას და ასეთ დროს ფინანსურ პრობლემებზე ლაპარაკი უადგილოა.

დარჩა ოთხი კლუბი - "სიონი", "ბაია", "კოლხეთი" და უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "მერანი".

პირველ სამში დღეისთვის გაურკვეველი ვითარებაა, მარტვილელებს კი არცთუ სოლიდური, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, მაინც სტაბილური დაფინანსება აქვთ და თუ რაიმე არ შეიცვალა, მოკრძალებული მიზნისთვის გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გარეშე ითამაშებენ.

ალბათ, ამ სიაში "სიონის" მოხვედრა ძალიან გაგიკვირდათ, მაგრამ ფაქტია - ბოლნისელებს ჯერ არც ახალი სეზონისთვის მზადება დაუწყიათ, არც მათი შემადგენლობის შესახებაა ცნობილი რამე და არც ბიუჯეტი და სამომავლო მიზნები განუხილავთ. ყველაფრის მიუხედავად, "სიონის" მდგომარეობას უიმედო ნამდვილად არ ეთქმის. წესით, უახლოეს დღეებში კლუბისთვის უნდა მოიცალოს სპონსორის, "მადნეულის" ხელმძღვანელმა კობა ნაყოფიამ და სწორედ მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული "სიონის" მომავალი. კლუბს უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე, ალბათ, არ დაემუქრება, უბრალოდ, გასარკვევია, რამდენს დაახარჯავს მას მეპატრონე.

ბოლოს კი ყველაზე უსიამოვნო ამბავს უნდა მივადგეთ. ალბათ, მიხვდით - ორ მეგრულ კლუბში, ზუგდიდის "ბაიასა" და ფოთის "კოლხეთში" დღეისთვის სრული გაურკვევლობაა. ცაშია გამოკიდებული სპონსორისა და, შესაბამისად, მათი ხვალინდელი დღის საკითხი.

შესაძლოა, სიტუაციას ნათელი 15 ივნისისთვის მოეფინოს. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დღესაა დანიშნული შეხვედრები ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში, რომელთაც, შესაძლოა, პოტენციური სპონსორებიც დაესწრონ.

ჯერ უცნობია, "ბაია" ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება თუ კერძო სპონსორიც გამოუჩნდება, "კოლხეთი" კი დაფინანსებას კვლავ ფოთის პორტიდან ელის. ამთავითვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაფინანსების საკითხის დადებითად გადაჭრის შემთხვევაშიც კი "ბაიასა" და "კოლხეთის" ბიუჯეტი მწირი იქნება და ისინი ფონს კვლავ ახალგაზრდებით გავლენ. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს რამდენიმე თვის დავალიანება აქვთ მისაღები.

აი, ასეთია უმაღლესლიგელთა სადღეისო მდგომარეობა და იმედია, უახლოეს პერიოდში სასიამოვნო სიახლეებს შევიტყობთ. ძალიან გვინდა, 12-გუნდიანი უმაღლესი ლიგა შეუფერხებლად ჩატარდეს და თორმეტივე გუნდმა წელგამართულად იარსებოს. კარგია, თუ ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს მართლაც დაეხმარება საწვავისა თუ სასტუმროს ხარჯის ანაზღაურებაში, მაგრამ ქართულ ფეხბურთს არაფერში წაადგება, წინა სეზონის მსგავსად, უმაღლეს ლიგაში ისეთი კლუბები თუ ითამაშებენ, რომელთათვისაც სამონაწილეო, სამგზავრო, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების გასტუმრება ყოველდღიურ თავისტკივილად დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული