გაგრელი ნიგერიელის ტკივილი და სიხარული

AutoSharing Option
დოსიე:
აბაიომი ოვონიკოკო
დაიბადა: 13 სექტემბერი, 1992
სიმაღლე: 182 სმ
წონა: 68 კგ
კარიერა:
2009 წლამდე ბრაიტონის საფეხბურთო აკადემია (ნიგერია)
2009 წლიდან "გაგრა"
ტიტული:
საქართველოს თასის მლობელი (2011 - გაგრა).

დიდი ხანია, მშობლიურ ნიგერიაში აღარ ყოფილა, ცხოვრობს თბილისში, ლაპარაკობს ქართულად და მეგრულად, თავს ნახევრად ქართველად გრძნობს და რაც მთავარია, თავის ასაკში ბარე ორი ქართველი თავდამსხმელი ვერ შეეჯიბრება. იომიმაც და "გაგრას" ხელმძღვანელობამაც მიიჩნიეს, რომ ყოველივე ეს 18 წლის ფეხბურთელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად და მისთვის საქართველოს ნაკრებში მოსახვედრი შანსის მისაცემად საკმარისი წინაპირობა
იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ოვონიკოკოს ქართული პასპორტი არ მისცეს.

მისთვის ეს ბოლო დროს განცდილი ერთადერთი იმედგაცრუება არ ყოფილა. სეზონის ბოლოს მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

არადა, ამ ორ უსიამოვნებამდე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. "გაგრაში" 2009 წლის დასაწყისში გადასულმა ოვონიკოკომ საოცარი პროგრესი განიცადა და გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებასა და თასის ფინალში გასვლაში ლომის წილი დაიდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, რა თქმა უნდა, თასის ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯიასთან" გატანილი ორი საუცხოო გოლი იყო.

"ლელომ" ოვონიკოკო უყოყმანოდ დაასახელა სეზონის საუკეთესო ლეგიონერად. ბოლოდროინდელი უსიამოვნებების მიუხედავად, იომი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და ინტერვიუს დროსაც ხალისიანად გამოიყურებოდა.

- ჩემთვის ეს დიდი აღიარებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ჩემმა თამაშმა ქართული პრესისა და გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა. საქართველოში კარგი ლეგიონერების ნაკლებობა არ არის და მიხარია, რომ საუკეთესოდ მე დამასახელეთ.

- შენი ჯანმრთელობის ამბავი გვითხარი. სად და როდის მიიღე ტრავმა, როგორ გრძნობ ახლა თავს და როდის დაუბრუნდები მოედანს?
- მარტვილში, "მერანთან" მატჩისას დავშავდი და რამდენიმე თამაში გამიცდა. საქართველოს თასის ფინალში თამაში ძალიან მინდოდა და სწორედ ამიტომ დავუშვი დიდი შეცდომა. ვარჯიში ნაადრევად განვაახლე და ფინალის წინა დღეს ეროვნულ სტადიონზე ვარჯიშისას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გავიწყვიტე.

მკურნალობის პირველი ეტაპი თბილისში, სამედიცინო ცენტრ "სიტი სპორტში" ჩამიტარდა, მალე კი ოპერაციასაც გავიკეთებ. რამდენიმე დღეში გაირკვევა, რომელ ქვეყანაში გამგზავნის კლუბი საოპერაციოდ და სარეაბილიტაციო პერიოდის გასავლელად. დაბრუნების ზუსტ თარიღს ახლა ვერავინ მეუბნება, გააჩნია, როგორ წარიმართება გამოჯანმრთელების პროცესი. დაახლოებით კი, მოედანზე ოთხ-ხუთ თვეში დავბრუნდები.

- როგორც ჩანს, ტრავმამ ამ ეტაპზე შენი ტრანსფერი გამორიცხა.
- რა თქმა უნდა. როგორც იცით, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების დიდი შანსი მქონდა, მაგრამ ტრავმირებულ ფეხბურთელს არავინ იყიდის. გული ძალიან კი დამწყდა, მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი წინ მაქვს. ვიცი, რომ ჩემით დაინტერესებული კლუბები გამოჯანმრთელებისთანავე დამაკვირდებიან და ამიტომ საგანგაშო არაფერია. მომავალ სეზონში "გაგრაში" თამაშს აუცილებლად მოვასწრებ, საქართველოს კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, მომავალ ზაფხულს დავტოვებ.

- ალბათ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების დიდი იმედი გქონდა.
- დიახ, მაგრამ, სამწუხაროდ, უარი მივიღე. გულით მინდოდა, მომავალში საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და ვოცნებობდი, მისი ღირსება დამეცვა, მაგრამ ოცნებები დამემსხვრა.

- კანონმდებლობით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კიდევ გაქვს განაცხადის შეტანის უფლება.
- ასეა, მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

- ახლა შენ მიერ წარმატებით ჩატარებულ სეზონზე გადავიდეთ. სეზონის წინ ტიტულზე ფიქრობდი?
- ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იყო, მაგრამ თასზე წარმატებასაც ვუმიზნებდით. ტიტულის მოგებას გადაჭრით არავინ გვთხოვდა, მაგრამ გადიოდა დრო, წინ მივიწევდით, ძლიერ მეტოქეებს ვამარცხებდით და ვირწმუნეთ, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. მე კი თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. "გაგრა" ერთ მუშტად შეკრული და ძალიან მეგობრული გუნდია, აქ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემს ყველა წარმატებას კი ბიჭებს, მწვრთნელებსა და კლუბის თითოეულ თანამშრომელს ვუმადლი.

- ფინალს ტრიბუნიდან რა განწყობით ადევნე თვალი?
- მძიმე წუთები გადავიტანე. საკუთარი გუნდის მოედნის გარედან ყურება ძალიან ძნელია. უზომოდ ვინერვიულე, მაგრამ მეორე ტაიმში ვირწმუნე, რომ "გაგრას" გამარჯვება შეეძლო. დამატებით დროში გოლს აღარ ველოდი, მეგონა, ყველაფერს პენალტების სერია გადაწყვეტდა, სადაც გამარჯვების დიდი იმედი მქონდა. დარწმუნებული ვარ, "გაგრა" უჩემოდაც ძლიერად ითამაშებს და ევროტურნირებზე თავს არ შეირცხვენს.

- საქართველოში უკვე ორწელიწადნახევარი ცხოვრობ. ვიცით, რომ აქაურობას იოლად შეეგუე.
- უცხო გარემოში მოხვედრა ყოველთვის ძნელია, მაგრამ ეს საქართველოს არ ეხება - აქ ხომ უშუალო და გულღია ხალხი ცხოვრობს... კლუბის ხელმძღვანელობამ მშვენიერი საცხოვრებელი პირობები შემიქმნა, თანაგუნდელებმაც კარგად მიმიღეს, ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში კი დიდი როლი ანატოლი პისკოვეცმა ითამაშა.

- გითამაშია როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაში. მათ შორის რა მსგავსებასა და სხვაობას ხედავ?
- დონით, ბუნებრივია, უმაღლესი ლიგა სჯობია, მაგრამ პირველ ლიგაში თამაშიც ძალიან ძნელია. იქ სულ ძალისმიერი ბრძოლა გიწევს, განსაკუთრებით მძიმე კი რეგიონებში თამაშია.

- როგორ ფიქრობ, გამოჯანმრთელებიდან რამდენ ხანში დაიბრუნებ ჩვეულ ფორმას?
- აქამდე მძიმედ არასდროს დავშავებულვარ და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ მგონია, რომ დიდი ლოდინი არ დამჭირდება. ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონის მეორე ნახევარში "გაგრასთვის" ძველებურად სასარგებლო ფეხბურთელი ვიქნები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რას ერჩოდნენ ამ კაცს მოქალაქეობა რომ არ მიცეს არ მესმის. მე თქვენ გეტყვით და რიგები დგას ჩვენი მოქალაქეობის მიღებაზე.მე მგონი ჩვენი მთავრობა სხვას რომ აბრალებს გოიმიაო (ძირითადად ხალხს) თავად დაგოიმდა - იმისი შეეშინდათ ვინმემ არ თქვას "გაავსეს ნიგერიელებით საქართველოო". თანაც ასე რა გამოვიდა, ბურების ჩამოყვანა (თუნდაც მოტყუებით და ხვეწნა მუდარით) შეიძლება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, ხოლო ნიჭიერი ნიგერიელის ფეხბურთის დასახმარებლად არა?
buxuti
13:48 16-06-2011
0
არაა საჭირო ამის ნაკრებში თამაში ნიჭიერი როა და სერიუზულ რამეს მიახწევს მერე სულ დაიკიდებს საქართველოს და ამას იმდენიხანი არაქ აქ ნაცხოვრები რო რეალურად შეუყვარდეს საქართველო და ეს ბაზარი იმიტომ აქ რო მოქალაქეობა მიეცათ აქედან ადვილად რო წასულიყო ახლა სავიზო პრობლემები აქ
milno
14:24 16-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული