"ზესტაფონი" ავსტრიისკენ, ალადაშვილი უკრაინისკენ

AutoSharing Option
კახა ალადაშვილი "ზესტაფონს" ტოვებს და კარიერას, ალბათ, კვლავ უკრაინაში გააგრძელებს. იმერულ კლუბს ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ ალადაშვილი ისევ ლეგიონერი გახდება.

მან "ზესტაფონს" შარშან ზაფხულს მიაშურა და გუნდის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი შეიტანა. 27 წლის მარჯვენა მცველმა საქართველოს განვლილ ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ალადაშვილს "ზესტაფონთან" კონტრაქტი 1+1 სისტემით ჰქონდა გაფორმებული. მისი გასხვისებით კლუბი კომპენსაციას მიიღებს და, სავარაუდოდ, ფეხბურთელის სურვილს გაგებით მოეკიდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონში" თემურ ღონღაძე გადავიდა, რომელიც
ალადაშვილის ალტერნატივა უნდა იყოს. მის გარდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კლუბს ალექსი ბენაშვილიც ჰყავს.

რაც შეეხება "ზესტაფონის" მზადებას, როგორც იცით, გია გეგუჩაძის გუნდი ხვალ ავსტრიულ შეკრებაზე მიემგზავრება, შაბათს კი კლუბის ბაზაზე ორმხრივი თამაში გაიმართა. ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს დუბლშემადგენლობის წევრები დაემატნენ, "მწვანეებმა" "წითლებს" 4:0 მოუგეს, გოლები კი საბა ლომიამ, თორნიკე აფციაურმა, გიორგი ჭანკოტაძემ და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს.

"მწვანეები": რ. კვასხვაძე (55. იმერლიშვილი), გაგოშიძე, გ. ონიანი, მნათობიშვილი, მ. ღონღაძე, დაუშვილი, აფციაური, ჭანკოტაძე, შ. გრიგალაშვილი (58. შარვაძე), სარდალიშვილი, ლომია (61. წინამძღვრიშვილი).
"წითლები": მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, კობახიძე, ხიდეშელი (36. ფერაძე), კიკნაველიძე, გორგიაშვილი, გეწაძე, ძარია (55. გაჩეჩილაძე), ბაბუნაშვილი (58. ჩიხლაძე), წინამძღვრიშვილი (61. ლომია), დვალი (60. ღირდალაძე).

ნიკოლოზ გელაშვილმა, ზაალ ელიავამ და ალექსი ბენაშვილმა ორმხირვ მატჩში ვერ ითამაშეს, მაგრამ ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებენ.

სხვათა შორის, 18 ივნისს "ზესტაფონის" დაარსებიდან შვიდი წელი გავიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ზესტა შენი იმედი მაქ ორი ეტაპი კი უნდა გადალახო და მერე რამე იქნება
irakli1805
12:53 20-06-2011
0

სიახლეები პოპულარული