"ბაიაში" ყველა მშვიდადაა

AutoSharing Option
მართალია, ცნობილ იტალიურ კომპანია "ფერეროსთან" საკონტრაქტო ხელშეკრულება ჯერაც არ გაფორმებულა, მაგრამ "ბაიაში" დარწმუნებულები არიან, რომ ამ ფირმისგან დაფინანსებას აუცილებლად მიიღებენ და მომავალ სეზონს წელგამართულად ჩაატარებენ.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, კონტრაქტის გაფორმებამდე მცირეოდენი დეტალების მოგვარებაღაა საჭირო და სანერვიულო არაფერია. მისივე ვარაუდით, "ფერეროსა" და "ბაიას" შორის თანამშრომლობა ამ კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს.

მანამდე კი ზუგდიდელები ახალი სეზონისთვის გულმოდგინედ ემზადებიან. უკვე გაცნობეთ, რომ "ბაიაში" გადადის "სამტრედიას" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ცხადაია, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კი ზუგდიდელებს ერევნის "ულისიდან"
ლევან აკობია დაუბრუნდებათ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია გამოცდილი მეკარის, გიორგი სომხიშვილის დარჩენაც, რომელსაც კლუბის ფინანსური კრიზისის გამო წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

გაირკვა "ბაიას" უახლოესი ამხანაგური შეხვედრების გრაფიკიც. 2 ივლისს ქომეთიანის გუნდი ზუგდიდში ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს, 4 ან 5 ივლისს ოზურგეთის "მერცხალს" მიიღებს, 9 ან 10 ივლისს კი აბაშაში მარტვილის "მერანს" გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული