ესპანელებს "დინამომ" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჩისკო 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, იაგუე - 19-ით, კოტო კი - 21-ით. "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას იაგუე გუშინდელი მატჩის 18-კაციან განაცხადში ჰყავდა შეგულებული, მაგრამ მისი საევროთასო განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და ესპანური სამეული თბილისურ კლუბს ევროპის ლიგის მეორე
ფიფია: დღევანდელი დღე "დინამოსთვის" და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ესპანელი ფეხბურთელებით გავძლიერდით და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენს იმედებს გაამართლებენ. გვჯერა, ალექს გარსიას ბარსელონური გამოცდილება ჩვენს კლუბს ძალიან წაადგება.
პოლოლიკაშვილი: "ვფიქრობ, ამ ტრანსფერებით დავამსხვრიეთ ის მითი, თითქოს საქართველოში სათამაშოდ ძლიერი ფეხბურთელი არ ჩამოვა. "დინამოში" სამი ძლიერი ესპანელი მოთამაშე გადმოვიდა, მაშინ, როცა რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა, რომელთაც თავიანთ კლუბებში საქმე არცთუ კარგად მისდით, ჩვენს წინადადებაზე უარი თქვა. ესპანელ ფეხბურთელებზე კი აქცენტი მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე გავაკეთეთ და ამაში ჩემი პირადი კონტაქტებიც დაგვეხმარა. ლეგიონერებს ახლა იმიტომ ვიმატებთ, რომ ალექს გარსიას ვადროვეთ, შეკრებაზე გუნდს კარგად დაკვირვებოდა და თავად დაენახა, თუ რომელ პოზიციებზე გვჭირდებოდა გაძლიერება.
თქვენს წინაშე არიან საინტერესო ბიოგრაფიისა და გამოცდილების ფეხბურთელები. მათ კიდევ ერთხელ მივესალმები და ვუსურვებ, "დინამოში" წარმატებული პერიოდი გაეტარებინოთ".
ხისკო: "თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვედი და თქვენი ქალაქითა და თბილი მიღებით უკვე აღფრთოვანებული ვარ. ასეთი დახვედრისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით და ვეცდები, თქვენი იმედები სრულად გავამართლო.
ვიცი, რომ "დინამო" მდიდარი ტრადიციების მქონე და ტიტულოვანი კლუბია. მისმა ხელმძღვანელობამ ახალწამოწყებული პროექტის შესახებ მიამბო და ჩემთვის მასში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა".
იაგუე: "სამი დღეა, თბილისში ვარ და თავს უკვე შინაურულად ვგრძნობ. მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს და გარემოც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ადაპტაციას მალე გავივლი და თავს კარგად წარმოვაჩენ".
კოტო: "დარწმუნებული ვარ, "დინამოში" გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მოტივაციითა და სასიამოვნო ემოციებით ვარ სავსე და მზად ვარ, ჩემს ახალ კლუბს გამოვადგე".
"დინამოს" ესპანელი ახალწვეულების შესახებ რამდენიმე დღის წინ ვრცლად გიამბეთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩისკო მუნიოსი 30 წლის შემტევი ნახევარმცველია და გასული სეზონი "ლევანტეში" გაატარა, 2004 წელს კი რაფა ბენიტესის "ვალენსიასთან" ერთად უეფას თასი მოიგო; 26 წლის ალბერტ იაგუე ცენტრფორვარდია და "ესპანიოლის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, ორი სეზონი გაატარა სეგუნდა დივიზიონის "ეიბარში"; 23 წლის კარლეს კოტო კი "ბარსელონას" აკადემიაში აღიზარდა, უთამაშია ბელგიურ "მუსკრონსა" და კვიპროსულ "ანორთოსისში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"