მარტვილელებმა ბორჯომ-ბაკურიანი მოილიეს

AutoSharing Option
თუკი ზოგ უმაღლესლიგელს მომავალი სეზონისთვის მზადება ჯერაც არ (უფრო სწორად, ვერ) დაუწყია, მარტვილის "მერანმა" პირველი მოსამზადებელი ეტაპი უკვე მოილია - მალხაზ ჟვანიას გუნდმა ბაკურიანული შეკრება დაასრულა, სადაც აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდა, თუმცა უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა ერთი საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს - "ბორჯომს" 2:0 სძლიეს.

ამ შეხვედრაში გოლები თორნიკე შალიკაშვილმა და გურამ სამადაშვილმა გაიტანეს, "მერანმა" კი ამ შემადგენლობით ითამაშა:
გ. შენგელია, გ. ჟვანია, იობაშვილი, სუხიაშვილი, კაკუშაძე, იატრო, მემარნიშვილი, ე. გრიგალაშვილი, კუჭუხიძე, ამბროლაძე, ტაპე.
შეცვლაზე შევიდნენ: შეროზია, თ. შალიკაშვილი, მელიავა, მანწკავა, წოწორია,
ქამუშაძე, ტორაძე, ჩალაძე, სამადაშვილი.

ჟვანიამ შეგირდებს ორდღიანი დასვენების უფლება მისცა, მზადების მეორე, ათდღიანი ეტაპი კი ხვალიდან მარტვილში დაიწყება, რასაც ურეკული შეკრება მოჰყვება. 10 ივლისს "მერანი" ზუგდიდის "ბაიას" გაეჯიბრება, 15-ში კი - ქუთაისის "ტორპედოს". ეს ორივე შეხვედრა აბაშაში გაიმართება.

"სამტრედიადან" თორნიკე შალიკაშვილის გადაბირების შემდეგ "მერანმა" ფოთის "კოლხეთიდან" მეკარე გიზო შენგელია, ბათუმის "დინამოდან" გიორგი მანწკავა, "ბათუმიდან" ელგუჯა გრიგალაშვილი, საჩხერის "ჩიხურადან" კი დავით ქამუშაძე დაიმატა. მარტვილელთა ბოლო ახალწვეული კი გორელი თავდამსხმელი გურამ
სამადაშვილია, რომელიც ბოლოს "კოლხეთში" თამაშობდა.

ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ახალი საფრის დაგება მიმდინარეობს და "მერანს" ამიტომაც უწევს აბაშაში თამაში. წესით, ჩემპიონატის დაწყებისთვის მარტვილის სტადიონი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული