კახა ალადაშვილი: ცუდ უკრაინას კარგი საქართველო სჯობს

AutoSharing Option
კახა ალადაშვილმა "ზესტაფონი" სეზონის დასრულებისთანავე დატოვა კარიერის უკრაინაში გაგრძელების იმედით, მაგრამ მიზეზთა გამო ოდესის "ჩერნომორეცში" არ გადასულა.

ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა მცველი უკლუბოდ დიდხანს არ დარჩენილა - რუსთავის "მეტალურგში" გადასვლას კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 27 წლის ალადაშვილი "ზესტაფონს" დაუბრუნდა, სადაც ჯერჯერობით დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს, ძირითად გუნდს კი, ალბათ, სულ მალე დაუბრუნდება. დანარჩენს თავად კახასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რატომ გადაწყვიტე "ზესტაფონის" დატოვება?
- კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ავჩქარდი. უკრაინაში სულ ტყუილად ჩავედი, ოდესის "ჩერნომორეცის" ბაზაზე სულ ორი საათი გავატარე და
უკან გამოვბრუნდი. მივხვდი, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი და საქართველოში დავბრუნდი. გაურკვევლობაში მოხვედრას ძლიერ ქართულ კლუბში თამაში ბევრად სჯობს და ძალიან მოხარული ვიქნები, "ზესტაფონში" დარჩენის საშუალება თუ მომეცემა.

- ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა?
- სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება. როგორც იცით, "ზესტაფონის" მთავარი გუნდი ავსტრიაშია და სამწვრთნელო შტაბი ჩემ შესახებ გადაწყვეტილებას ჩამოსვლისთანავე მიიღებს. ყველაფერი ჩემს ფორმაზე იქნება დამოკიდებული და დიდი იმედი მაქვს, "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელად დავრჩები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან უკრაინიდან დაბრუნებისთანავე ერთი დღეც არ გამიცდენია, დუბლშემადგენლობასთან ერთად ინტენსიურად ვვარჯიშობ და ფორმას სულ მალე აღვიდგენ.

- "ზესტაფონთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებ თუ ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება?
- თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ავტომატურად გახანგრძლივდება, რადგან კლუბთან 1+1 სისტემის კონტრაქტი მაქვს გაფორმებული.

- გავრცელდა ხმები, რომ შენით რუსთავის "მეტალურგი" იყო დაინტერესებული.
- ინტერესი მართლაც იყო, მაგრამ არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გავაკეთე.

- იმედი გაქვს, რომ "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობას მალე დაუბრუნდები?
- საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს და იმის მიუხედავად, რომ გუნდში ყველა პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა, თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ "დაჩიასთან" პირველივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში თამაში დავიმსახურო.

- რისი მიღწევა შეუძლია "ზესტაფონს" ევროტურნირებზე?
- ჩვენი მიზანი ჯგუფში მოხვედრაა - თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით, ევროპის ლიგის ჯგუფურში მაინც უნდა შევაღწიოთ. ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ვფიქრობ, "ზესტაფონს" საამისო პოტენციალი გააჩნია. იოლი ბრძოლები არც "დაჩიასთან" გველის და ჯერ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ. ევროტურნირების დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველოდები. ახლა მთლიანად "ზესტაფონზე" ვარ კონცენტრირებული და გუნდის წარმატებებისთვის არაფერს დავიშურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული