უქმად აღარც "კოლხეთია"

AutoSharing Option
"კოლხეთის" პრობლემები ჯერჯერობით კვლავაც მოუგვარებელია, მაგრამ გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება მაინც დაიწყო.

სხვა საქმეა, როგორი კონტინგენტით იასპარეზებენ ფოთელები მომავალ ეროვნულ ჩემპიონატში - გაუსტუმრებელი ხელფასების გამო გუნდი წამყვანი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა დატოვა და თუ კლუბი ძველებურად ხელმოკლედ დარჩება, გამორიცხულია, ძლიერ შემადგენლობას მოუყაროს თავი.

ყველა უსიამოვნების მიუხედავად, "კოლხეთის" გამოცდილი მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია საქმეს ენერგიულად შეუდგა და ცდილობს, ფოთელ და ახლომახლო ქალაქებში მცხოვრებ ფეხბურთელებში უმაღლესი ლიგისთვის გამოსადეგი კადრები შეარჩიოს.

ფილიას ხელმძღვანელობით 35-მა ახალგაზრ
დამ ვარჯიში 1 ივლისს დაიწყო. მათი უმრავლესობა სინჯებზეა და ვარჯიშებისა და ორმხრივი თამაშების მერე გასასინჯთა ნაწილს "კოლხეთის" სამწვრთნელო შტაბი უკვე დაემშვიდობა.

ხვალ "კოლხეთი" ოზურგეთში ადგილობრივ "მერცხალს" ეთამაშება, 10 ივლისს ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, 12 ივლისს ბათუმის "დინამოს" მიიღებს, 14-ში კი ლანჩხუთში "გურიას" ესტუმრება. დაგეგმილია შეკრება ურეკში, რომელიც, სავარაუდოდ, 15-დან 30 ივლისამდე გასტანს.

რაც შეეხება კლუბის დაფინანსების საკითხს, ამ მხრივ კონკრეტული სიახლეები არ ისმის, მაგრამ "კოლხეთის" წევრები სოლიდური სპონსორის გამოჩენის იმედს არ ჰკარგავენ. ამ სასიცოცხლო ამოცანის გადაჭრას კლუბის პრეზიდენტი თენგიზ სარიშვილი ცდილობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოთელებს მებრძოლი გუნდი ყავთ და მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ. იმედია კარგი სპონსორი გამოუჩნდებათ გუნდს და ხუთეულისთვისაც იბრძოლებს კოლხეთი...
kolxeti-1913
12:52 05-07-2011
0

სიახლეები პოპულარული