”ა” ზონა
1. სამტრედია
2. დინამო (ბათუმი)
3. კოლხეთი (ხობი)
4. მეშახტე (ტყიბული)
5. ჩხერიმელა (ხარაგაული)
6. მერცხალი (ოზურგეთი)
7. ჭიათურა
8. ლოკომოტივი (თბილისი)
9. მესხეთი (ახალციხე)
10. სტუ (თბილისი)
”ბ” ზონა
1. ჩიხურა (საჩხერე)
2. გურია (ლანჩხუთი)
3. იმერეთი (ხონი)
4. ნორჩი დინამოელი (თბილისი)
6. სამგურალი (წყალტუბო)
7. სქური (წალენჯიხა)
8. ზოოვეტი (თბილისი)
9. სულორი (ვანი)
10. აეტი (სოხუმი)
სავარაუდოდ, პირველი ლიგის კალენდრის კენჭისყრა მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება, გათამაშება კი 23 აგვისტოს დაიწყება.
აქამდე გაურკვეველი იყო, მისცემდნენ თუ არა მონაწილეობის უფლებას "ჭიათურას", თბილისის "ლოკომოტივსა" და სოხუმის "აეტს". მათ საწევრო 20 ათასი ლარი უნდა გადაეხადათ და, რადგან სიაში სამეულიც მოხვდა, გამოდის, ეს პრობლემა მოაგვარეს.
სიახლეებსა და გათამაშების ფორმატზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი რევაზ შენგელია გველაპარაკა:
- როგორი სისტემით ჩატარდება გათამაშება?
- 10-10 გუნდი ორ ზონაში 18-18 მატჩს ჩაატარებს, ორი ტური გადმოვა მარტში, შემდეგ კი 2-2 გამარჯვებული და უმაღლესი ლიგის ბოლო 4 გუნდი საუმაღლესო ოთხეულს გაარკვევს.
რაც შეეხება დანარჩენ 16 გუნდს, ისინი 8-8 გუნდად გაიყოფიან. ზონებში ბოლო ადგილებზე გასულები პირველი ლიგიდან ავტომატურად გავარდებიან, ორი საგზურის მფლობელი კი მეშვიდეადგილოსნებისა და რეგიონული ლიგის ორი ზონის მეორეადგილოსნების გადათამაშებებში გაირკვევა. თუ რეგიონული ლიგა სამ ზონად დაკომპლექტდება, მაშინ პირველში პირდაპირ გადავა სამი გამარჯვებული, პლუს მეშვიდეადგილოსნების გადათამაშებაში გამარჯვებული.
ზონები სპორტული პრინციპით შევადგინეთ და შევეცადეთ, თანაბარი სიძლიერის გუნდებით დაგვეკომპლექტებინა.
პირველი ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მხოლოდ ორი ტური გაიმართება გაზაფხულზე. თებერვალი საქართველოში ნალექიანია და მოედნების მდგომარეობის გამო მატჩები ბევრჯერ ჩაშლილა. ამიტომ გადაწყდა, რომ მეორე ეტაპი 11 მარტს დაიწყოს.
წლეულს პირველ ლიგაში სერიოზული ბრძოლებია მოსალოდნელი, რის იმედსაც გასული სეზონის მოულოდნელი შედეგები გვაძლევს - ტურნირის გამარჯვებულმა ”გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა, საჩხერის ”ჩიხურას" უამღლესში გადმოსასვლელად ცოტა დააკლდა, გორის ”დილამ" კი გადათამაშებაში უმაღლესლიგელი ”სამტრედია" დაამარცხა, ანუ პირველ ლიგაში ისეთი დაბალი დონეც არ ყოფილა, როგორიც გვეგონა.
ახალ სეზონისთვის არის დაპირება, რომ პირველი ლიგის გუნდებს სახელმწიფო დააფინანსებს - ცხდია, კერძო კლუბების გარდა. ფავორიტები უკვე გამოკვეთილია - ბიძინა ივანიშვილის მიერ მოფერიანებულ-ნაპატრონები საჩხერის ”ჩიხურა", ყადაღამოხსნილი ლანჩხუთის ”გურია” და უმაღლესზე დამიზნებული ბათუმის ”დინამო", რომლის აღორძინებასაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს.
საინტერესო გუნდია პირველ ლიგაში აღზევებული სტუ, რომლსაც გარანტირებული აქვს მრავალრიცხოვანი სტუდენტობის მხარადჭერა, ლიგას დაუბრუნდა ახალციხის ”მესხეთი", ითამაშებს ბათუმის ორი გუნდი, მაგრამ მათთვის სტადიონი ქობულეთში შენდება, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
ჯერ კიდევ გასარკევია "სამტრედიას" დაფინანსების საკითხი. ამბობენ, ახალი წლიდან უფრო სერიოზულად მივხედავთო და იმედია, ასეც მოხდება.
ყველაზე მეტი გუნდი იმერეთს ეყოლება - 8, თბილისს - 4, აჭარას, გურიასა და სამეგრელოს - 2-2, ჯავახეთს და აფხაზეთს - თითო-თითო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"