"ტორპედო" სპონსორებით გაძლიერდა

AutoSharing Option
ახლახან გამცნეთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედანი, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა, სამუშაოებია საღორიის საწვრთნელ ბაზაზე... ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად "ტორპედოს" ხელმძღვანელობა კლუბის ფინანსურად გასაძლიერებლადაც ზრუნავს.

სწორედ საამისოდ გუშინ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ტორპედოსა" და კომპანიებს - "ალფას", "ავერსსა" და "სილქნეტს" შორის გაფორმდა სასპონსორო მემორანდუმი. ეს არის პირველი პრეცენდენტი ჩვენში, როდესაც კლუბის განვითარებაზე რამდენიმე კერძო კომპანია ერთობლივად იზრუნებს.

ლევან ფხაკაძე ("ტორპედოს" პრეზიდენტი): "ქუთაისის "ტორპედო" ევროპული ტიპის კლუბად ყალიბდება, რომელიც თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებით იმართება. კლუბის ფეხბურთელებს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ ევროპული სტანდარტების
სპორტულ მოედნებზე ივარჯიშონ და ითამაშონ, არამედ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებითაც ისარგებლონ.

მოხარულნი ვართ, რომ დღეს სამი კომპანია შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას, საქართველოშიც დავნერგოთ კლუბების მართვის ევროპული სტანდარტები და მაქსიმალური რესურსები დავხარჯოთ კლუბისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განსავითარებლად. როგორი ძლიერი მფლობელიც უნდა ჰყავდეს გუნდს ევროპაში, მასთან სხვა სპონსორებიც პარტნიორობენ. ჩვენც ამ მოდელის დანერგვას ვიწყეებთ".

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კლუბის მესვეურებმა თანასპონსორებსა და მათ თანმხლებთ ახალგარემონტებული სტადიონი დაათვალიერებინეს.

ლევან ფხაკაძე: "ჩვენი არენა მზად არის ნებისმიერი მაღალი დონის შეჯიბრების სამასპინძლოდ. რამდენიმე დღის წინ სტუმრად გვყავდა უეფას ექსპერტები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს სტადიონის მდგომარეობა".

კითხვაზე, აპირებს თუ არა"ტორპედო" ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას, ქუთაისური გუნდის პრეზიდენტმა გვიპასუხა: "ჩვენ უკვე დავასრულეთ გუნდის დაკომპლექტება. "ტორპედო" შეკრული და კარგად დაბალანსებული გუნდია. ჩემპიონატისთვის 24 ფეხბურთელი ემზადება. მთავარი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია. ვფიქრობ, "ტორპედოს" შესწევს ძალა, რათა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს და მისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები გაახაროს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული