მალხაზ ჟვანია: "მერანი" დაკომპლექტდა, მარტვილში გუნდი ქომაგთან ერთად იმარჯვებს

AutoSharing Option
მარტვილის "მერანმა" უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი წარუმატებულად ჩაატარა - სტუმრად "გაგრასთან" 0:3 წააგო. სამაგიეროდ, მეორე ტურში მალხაზ ჟვანიას გუნდმა დაამტკიცა, რომ საშინაო მატჩში საკუთარ ძალის სულ სხვა დონეზე წარმოაჩენ შეუძლია.

"სპარტაკის" 2:0 დამარცხებამ მიგვანიშნა, რომ მარტვილელებმა საკუთარ სტადიონზე შესაძლებელია არაერთ მეტოქეს შეუქმნან პრობლემა.

"მერანის" მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას განვლილ შეხვედრებსა და გუნდის მიზნებზე ვესაუბრეთ.

- როგორ აფასებთ ჩემპიონატის სტარტს?
- ერთი მატჩი წავაგეთ, მეორე კი მოვიგეთ, რაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გუნდისთვის ნორმალური შედეგია. მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შევცვლით და
მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ, რათა მომავალ ტურებში ხარისხიანად და შედეგიანად ვითამაშოთ.

- "გაგრასთან" განადგურების მიუხედავად, "მერანი" უშანსოდ არც იმ მატჩში ყოფილა.
- გეთანხმებით. ის თამაში კარგად გავაანალიზეთ და დავასკვენით, რომ მინიმუმ არწაგება ნამდვილად შეგვეძლო. მეტოქემ საკუთარი საგოლე შანსებით მშვენივრად ისარგებლა, ჩვენ კი რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან და ანგარიშიც ამან განაპირობა. გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, უმაღლეს და პირველ ლიგებს შორის უზარმაზარი სხვაობაა და ახალ დონესთან შესაგუებლად ცოტა დრო დაგვჭირდება. უმაღლეს ლიგაში "მერანიც" პირველად თამაშობს და აქ ჩემი სამწვრთნელო დებიუტიც შედგა.

- შინაური კედლების ფაქტორი კი კარგად გამოიყენეთ.
- მარტვილელ გულშემატკივრებს ჩვენი გუნდის წარმატებაში ყოველთვის განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ და ასე იყო ახლაც. ბიჭებმაც ძალიან მოინდომეს, მაგრამ ქომაგთა ერთგულმა მხარდაჭერამ ხელი ძალიან შეგვიწყო. ამისთვის ამ ხალხს დიდ მადლობას ვუხდი.

- შეესაბამება თუ არა უმაღლესი ლიგის დონეს "მერანის" დღევანდელი შემადგენლობა?
- ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ვფიქრობ, საკმარისად ძლიერი კონტინგენტი გაგვაჩნია, რომ უმაღლეს ლიგაში მყარად დავმკვიდრდეთ. გუნდი ყველა რგოლში თანაბრადაა დაკომპლექტებული, სასწავლი ბევრი გვაქვს, მაგრამ სერიოზული ხარვეზები არც ერთ რგოლს არ აქვს.

- "სპარტაკთან" მატჩში "მერანის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გივი დიდავას.
- მოხარული ვარ, ასეთი გამოცდილი და მაღალი დონის ფეხბურთელის დამატება რომ შევძელით. დიდავა მშვენიერ ფორმაშია და ახალგაზრდა თანაგუნდელები მისგან ძალიან ბევრს ისწავლიან.

- უახლოეს დღეებში კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?
- არა, გუნდის დაკომპლექტება დავასრულეთ და ფონს გასვლას არსებული კადრებით შევეცდებით.

- როგორია "მერანის" სათადარიგოთა სკამი და მძაფრია თუ არა კონკურენცია?
- ამითაც კმაყოფილი ვარ. 22 კვალიფიციური ფეხბურთელი გვყავს და თითოეულ პოზიციაზე პრეტენზიას ორი ძლიერი მოთამაშე აცხადებს.

- მიზანი, ალბათ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გაქვთ.
- რა თქმა უნდა. საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად ვაფასებთ და ამ სეზონში მიზნად მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენას ვისახავთ. კარგი იქნება, თუ საუკეთესო რვა გუნდში მოვხვდებით და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უძლიერესთა შორის ვითამაშებთ. ნებისმიერ მეტოქეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ და ფარ-ხმალს წინასწარ არავისთან დავყრით. მომავალში კი უფრო მაღალ მიზნებსაც დავისახავთ.

- კლუბის ფინანსური მდგომარეობა ძველებურად სტაბილურია?
- ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგში გვაქვს. "მერანის" განვითარება შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

- მარტვილის სტადიონის რეკონსტრუქციის პროცესი რა ეტაპზეა?
- ჯერჯერობით, სამუშაოები შეჩერებულია და უახლოეს საშინაო მატჩებს მარტვილში ჩავატარებთ, მალე კი წესით, რეკონსტრუქციაც უნდა განახლდეს. ამჯერად კლუბსა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელსაც დადებითი შედეგი უნდა მოჰყვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული