სიონი-კოლხეთი 0:0. ფოთი უმაღლესს თამამად დაუბრუნდა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგას რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თავისუფლად შეეძლო, დაბრუნება გამარჯვებით აღენიშნა. გამარჯვების გოლის გატანასთან ახლოს, თანაც არაერთხელ, ბესიკ შეროზიას გუნდი ბოლნისური მატჩის მეორე ტაიმში იყო, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა. თუმცა ამის მიუხედავად, ბოლნისში დაფიქსირებული შედეგით სტუმრები უფრო კმაყოფილები დარჩნენ.

უქმად არც "სიონი" ყოფილა, რომლის მწვრთნელ გიორგი ყიფიანს ამ ამპლუაში უმაღლესლიგური დებიუტი ჰქონდა. მასპინძლებმა შეტევაში პირველ ტაიმში უფრო იაქტიურეს. ყველაზე რეალური საგოლე შესაძლებლობა "სიონს" ტაიმის შუაწელში ჰქონდა, როცა გივი დიდავას თავური ძელს მოხვდა. ამას გარდა,
ლაშა ნოზაძის დარტყმა იყო აღსანიშნავი, რომელიც გიზო შენგელიამ კუთხურზე მოიგერია.

საწყის 45 წუთში მეტოქის კარის დალაშქვრის მეტი შემთხვევა არავის მისცემია. სამაგიეროდ, მოხდა ერთი სამწუხარო ფაქტი – "სიონის" ახალწვეულმა ვაჟა ნემსაძემ ხელის თითი მოიტეხა და ბუნებრივია, შესაცვლელი შეიქნა.

შეხვედრა არცთუ სანახაობრივი გამოდგა, მაგრამ ვერც ერთ გუნდს მონდომებას ვერ დავუკარგავთ. 90 წუთის განმავლობაში მოედნის ყველა მონაკვეთში ფიცხელი ბრძოლა მიმდინარეობდა და საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, თამაშის ტემპიც ნორმალური იყო. თუკი პირველ ტაიმში გამოცდილმა სიონელებმა გარკვეული უპირატესობის მოპოვება შეძლეს, შესვენების შემდეგ ფოთელების უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა და "კოლხეთის" ფეხბურთელები უფრო და უფრო თამამად გადადიოდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე.

მეორე ტაიმი მთლიანად სტუმართა უპირატესობით წარიმართა, "სიონს" კი მხოლოდ იმის ძალაღა ჰქონდა შემორჩენილი, რომ მეტოქის იერიშებისთვის შეძლებისდაგვარად გაეძლო. მატჩის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, ლაშა გვალიას მოჭრილი დარტყმა მიზანს ოდნავ რომ ასცდა, გამარჯვების გოლის გატანა კი ორჯერ შეეძლო დათა სიჭინავას. ამ უკანასკნელმა ორ ეპიზოდში კი მოახერხა ბოლნისელთა კარში დარტყმა, მაგრამ "სიონის" კარის დარაჯმა მინდია ბობღიაშვილმა, რომელიც თავის გუნდში უდავოდ საუკეთესო იყო, ჯერ მისი საშუალო დისტანციიდან დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი მასთან პირისპირ გასულ სიჭინავასაც აჯობა.

ეს ყველაფერი თამაშის დასკვნით ნაწილში მოხდა. ბუნებრივია, "კოლხეთის" წევრებს ამ მომენტების გამოუყენებლობამ გული დასწყვიტა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ბოლნისიდან წაღებულმა ქულამ ფოთელები მაინც დააკმაყოფილა. შეროზიას გუნდმა ნამდვილად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. "კოლხეთი" სწრაფი, კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს და ხშირად ეს ხარისხიანადაც გამოსდის. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც გუნდის წევრთა უმრავლესობას შეადგენენ, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა მნიშვნელობა ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

ალბათ, ეს ორივე გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს და ვფიქრობთ, "კოლხეთის" მსგავსად, ამის რეალური შანსი "სიონსაც" აქვს. ბოლნისელთა რიგებში ხომ არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც ერთმანეთთან წლებია, შეთამაშებულები არიან და ამიტომაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შაბათს "სიონის" შესაძლებლობათა მაქსიმუმი არ გვინახავს.

სიონი-კოლხეთი 0:0
14.08. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
სიონი: ბობღიაშვილი – კობაური, ლ. ჭელიძე, ორბელაძე, რაქვიაშვილი – ნემსაძე (42. ქურასბედიანი, (84. ლ. ჩხეტიანი), ლ. ნოზაძე, დიდავა, ვ. უგრეხელიძე – ჩივაძე (64. ბობოხიძე) – გ. თოდუა
სათადარიგოები: მერლანი, გ. ოქროპირიძე, ქორიძე, ისიანი
კოლხეთი: გ. შენგელია – ჭითანავა, მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი – სილაგავა (81. გულუა), თედიაშვილი, ჯოჯუა, სიჭინავა – გვალია (90. წიქარიშვილი) – ციცხვაია (76. რ. ჯიქია)
სათადარიგოები: სტურუა, ზ. ექონია, ცხვიტარია, ბუკია
გაფრთხილება: მახვილაძე (30), გველესიანი (42), ვ. უგრეხელიძე (52), კობაური (73), ინწკირველი (87), თედიაშვილი (89)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული