დინამო-ზესტაფონი 2:1. დინამომ რიხით დაიწყო

AutoSharing Option
ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ახალი სეზონი რიხით დაიწყო. თბილისის "დინამომ" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი და ალბათ მთავარი კონკურენტი "ზესტაფონი" გუშინ საკუთარ  მოედანზე 2:1 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე დინამოელებს გასულ სეზონში მოპოვბული ვერცხლის მედლები გადასცეს და ამ თამაშის მასპინძლებისთვის ეს ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა. ამ პრინციპული შეხვედრის მოგებაში "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ ლომის წვლილი შ იტანა. მართალია მას ბურთი არ გაუტანია, მხოლოდ საგოლე პასს დასჯერდა, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ჩინებულ ფორმაშია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.

კოშკაძის გარდა, დიდი სამუშაო
გასწიეს კამერუნელმა დონალდ ჯუისმა და ბრაზილიელმა რობერტინიომ. "ზესტაფონის" ორი მცველის გაძევება სწორედ მათი დამსახურებაა. რაც შეეხება იმერლებს, ეს გუნდი გუშინ საგრძნობლად ცუდად გამოიყურებოდა. არადა, "ზესტაფონი" შემადგენლობით ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მაინც არის ეროვნულ ჩემპიონატში. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრებმა გუშინ თითქმის მთელი მეორე ნახევარი კაცნაკლულმა ჩაატარეს და მატჩის ბოლო წუთებში რომ გაეძლოთ, შინ ქულასაც წაიღებდნენ.
გუნდებმა ჩვეულ ტაქტიკას ამჯერადაც არ უღალატეს. "დინამოში" ერთი გადაადგილება იყო თვალში საცემი. დინამოელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ გუნდში დაბრუნებული გურამ კაშია თავის პოზიციაზე, კვლავ ცენტრალურ მცველად ათამაშა, ლევან კაკუბავას კი მარჯვენა მცველის ფუნქცია დაავალა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ეს მეტოქეებმა გახსნილი თამაში აირჩიეს და ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კარგი სანახაობა იხილა. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი თამაშები, მით მეტად შეივსება ტრიბუნები...
დინამოელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. მე-7 წუთზე კოშკაძე მარცხნიდან კარგად შეიჭრა და ჯუისი მოძებნა. კამერუნელის დარტყმული სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია, დამატებაზე მათე ვაწაძემ ყველას დაასწრო და ანგარიშიც ასე გაიხსნა, 1:0. მიღებულმა გოლმა იმერლები გამოაცოცხლა და მათ 10 წუთში აღადგინეს წონასწორობა. გიორგი ონიანის დარტყმულისა და ნიკოლოზ გელაშვილი თავურისას მასპინძელთა მეკარე გიორგი ლორიამ იმარჯვა. მე-17 წუთზე კი კახა ალადაშვილმა საჯარიმო ოსტატურად შეასრულა და ეფექტური გოლით ანგარიში გათანაბრა, 1:1.

ამჯერად უკვე "დინამო" გაცხარდა. ტრავმირებული ვაწაძის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა გიორგი კახელიშვილმა თამაში გაამწვავა, რომელსაც კარგად აუბა მხარი თავდამსხმელად გადაწეულმა ჯუისმა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ორივე კართან იქმნებოდა ხიფათი. ჯერ იყო და რობერტინიომ გადააცილა თავური, მერე კაშიას შესრულებული საჯარიმო დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს. ხიდეშელისა და ბაბუნაშვილის დარტყმებს ლორია გადაეფარა. გელაშვილის პასით ძარიამ ააცილა. თექთურმანიძისა და რობერტინიოს მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. შემდეგ რობერტინიოსა და გელაშვილი დარტყმებისას მეკარეებმა იყოჩაღეს. ტაიმის ბოლოს კი დვალისა და გელაშვილის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.

დინამოელებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს. 49-ე წუთზე ხიდეშელს ჯუისი გაექცა მაისურით დაიჭირა და მეორე გაფრთხილების გამო მოედანი დატოვა. ზესტაფონელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ ხიდეშელის ნაცვლად, მამუკა კობახიძის შეყვანამდე, მურთაზ დაუშვილი ჩამოსწია. კობახიძესთან ერთად შოთა გრიგალაშვილი შეუშვა მოედანზე და ნახევარდაცვას "ახალი სისხლი გადაუსხა". მოგვიანებით კი, გეგუჩაძე, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად ვა-ბანკზე წავიდა და თავდასხმაში ჯაბა დვალს რატი წინამძღვრიშვილი შეაშველა. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. გეგუჩაძისგან განსხვავებით, მის ვიზავ კახა კაჭარავას შეცვლამ ნამდვილად გაამართლა. მეტრეველმა მცირედი სიმწვავე შესძინა თამაშს, ფირცხალავამ კი დააგვირგვინა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი გაიტანა. თუმცა დინამოელებს მანამდე მართებდათ ბურთის გატანა. 53-ე წუთზე თექთურმანიძის დარტყმულს რიკოშეტის შედეგად კუთხური მოჰყვა. 57-ე წუთზე კი კოშკაძის ჩინებული პასი რობერტინიოს გოლით უნდა დაეგვირგვინებინა, მაგრამ მცველმა დაფარება მოასწრო და ბრაზილიელმა რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. კოშკაძის

მიერ კარგად შსრულებილი საჯარიმო დარტყმისას მეკარე კვასხვაძემ იმარჯვა. გრიგალაშვილმა კარს გადააცილა, მაგრამ აფციაურის ჩაწოდებისას კობახიძის თავური ლორიამ მოიგერია. ალადაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შესრულა, მაგრამ ამჯრად არაზუსტად. 75-ე წუთზე "დინამოს" კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ რობერტინიოს ონიანმა ბოლო წამს დაუფარა. მერე გრიგალაშვილმა და მეტრეველმა გადააცილეს, 84-ე წუთზე კი რობერტინიოს შეეძლო გაეტანა, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ იხსნა გუნდი. ბოლო წუთებზე მასპინძლებმა სტუმრებზე ზეწოლა გააძლიერეს, რასაც შედეგიცვ მოჰყვა. კახელიშვილის ჩაწოდებისას კვასხვაძემ იმარჯვა, მაგრამ 89-ე წუთზე კოშკაძის პასი, ფირცხალავამ მოულოდნელად, ძლიერად და ზუსტად კარში დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1. დარჩენილ დროში მასპინძლები ანგარიშში სხვაობის გაზრდას შეეცადნენ.

კოშკაძის პასით რობერტინიო პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მაგრამ კობახიძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა, წითელი ბარათი დაიმსახურა და გააძევეს. თამაშიც ამით დასრულდა. "ზესტაფონმა" თბილისში ქულებიც დაკარგა და ორი ცენტრალური მცველიც - მომდევნო ტურში იმერლებს, ცხინვალის "სპარტაკთან" ხიდეშელისა და კობახიძის გარეშე მოუწევთ შინ ქულებისთვის ბრძოლა.

მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (დინამო):
"სანახაობრივად მდიდარი თამაში იყო. შედეგითა და თამაშით კმაყოფილი ვარ და ფეხბურთელებს დიდ მადლობას ვუხდი. იმედი მაქვს გვეყოფა ძალები და სეზონის ბოლომდე კარგ თამაშებს ვაჩვენებთ. ვაწაძეს უკანა კუნთი დაეჭიმა და ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს მოუწევს უძულებით დასვენება. ეს ხვალ-ზეგ უფრო ნათლად გამოჩნდება".
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სამწუხაროდ, თამაში ჩვენი სცენარით არ წარიმართა. ასეთი სტარტი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. ვიმედოვნებ, გვეყოფა ფიზიკური მომზადება და სანახაობრივ, შედეგიან მატჩებს ჩავატარებთ... დასანანია, რომ მომდევნო ტურში ორი ცენტრალური მცველი არ გვეყოლება. დავფიქრდები და გადავწყვეტ, თუ ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში".


15.08.10. თბილისი. ეროვნული. 1 500 მაყურებელი
დინამო-ზესტაფონი 2:1
1:0 ვაწაძე (7. ჯუისის პასით), 1:1 ალადაშვილი (17), 2:1 ფირცხალავა (89. კოშკაძის პასით)
დინამო: ლორია - კაკუბავა, თომაშვილი, გ. კაშია, ხმალაძე - თექთურმანიძე (65. მეტრეველი), ედნილსონი, კოშკაძე - რობერტინიო, ჯუისი (83. ფირცხალავა) - ვაწაძე (15. კახელიშვილი).
სათადარიგოები: შეყრილაძე, სიხარულიძე, გველესიანი, გავაშელიშვილი.
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ალადაშვილი, გ. ონიანი, ხიდეშელი, ელიავა - აფციაური, ძარია, დაუშვილი, ბაბუნაშვილი - დვალი, გელაშვილი.
სათადარიგოები: მამალაძე, ფიფია, გორგიაშვილი, ბენაშვილი.
გაფრთხილება: ხიდეშელი (22), ჯუისი (27), ხიდეშელი (49), გ. კაშია (71), ალადაშვილი (88).
გაძევება: ხიდეშელი (49), კობახიძე (90+1).
არბიტრი: ლ. კვარაცხელია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული