საქართველოს ჩემპიონატი. III ტური. გეოგრაფიული ბალანსი

AutoSharing Option
..ათგუნდიანი ჩემპიონატის ხიბლი იმაშიც მდგომარეობს, რომ, ფაქტობრივად, ყოველ ტურში, სულ მცირე, ერთი მართლაც განსაკუთრებული მატჩია. "ბომბა-მატჩი", "პრინციპული დაპირისპირება", "ტურის ცენტრალური შეხვედრა", - აი, ხშირად ასეთი ეპითეტით რომ შევამკობთ-ხოლმე ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდის პაექრობას. ასეა ახლაც: ქვეყნის ჩემპიონმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს უნდა უმასპინძლოს! აბა, "ოლიმპი"-"დინამოს" მატჩზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა გვქონდეს, თანაც, ეს შეხვედრა "განცალკევებით", ტურის მესამე დღეს ჩატარდება. სხვათა შორის, მხოლოდ და მხოლოდ მესამე ტურში იქნება თამაშები სამ დღედ გადანაწილებული, ყოველ შემთხვევაში, ზამთრის პაუზამდე კალენდარში ასეა მითითებული.

"ოლიმპი"-"დინამოს" მართლაც,
გამორჩეული დაპირისპირება კვირას უნდა შედგეს, და ამიტომაც, ამ წყვილზე ხვალ ვისაუბროთ, ისე როგორც შაბათს ჩასატარებელ კიდევ ორ შეხვედრაზე. დღეს კი დანარჩენ ორ წყვილზე ვთქვათ, მით უფრო, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოვლენათა ეპიცენტრში... დასავლეთ საქართველო იქნება: ხუთიდან ოთხი შეხვედრა ხომ ლიხს იქით უნდა ჩატარდეს! ჰო, გახსოვთ, არცთუ დიდი ხნის წინათ როგორ იყო? როგორ, და უმაღლეს ლიგას ..."თბილისის ჩემპიონატსაც" უწოდებდნენ, - დედაქალაქის იმდენი გუნდი მონაწილეობდა და იმიტომ. ახლა კი როგორც ამჩნევთ, "ბალანსი" დაირღვა, უფრო ზუსტად, გათანაბრდა: უმაღლესი ლიგის ათი გუნდიდან ხუთი დასავლეთ საქართველოს წარმოადგენს, ხუთი კი - აღმოსავლეთს...


ბაია-ტორპედო

ერთიანად გადახალისებულ "ბაიას" უმძიმესი მატჩი ელოდება: ზუგდიდში სტუმრად უმაღლეს ლიგაში დიდ ამბიციებით დაბრუნებული "ტორპედო" ჩადის! შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა XXII ჩემპიონატი მარცხით დაიწყო, თანაც იმ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი როინ ონიანი გაუძევეს. დანაკლისი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ, ბევრი გუნდისაგან განსხვავებით, "ბაიაში" სათადარიგოთა სკამის პრობლემა არ დგას. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია: "ტორპედოს" შემდეგ "ბაიას" კიდევ ორი ურთულესი მატჩი ელოდება ("დინამოსთან" და "ზესტაფონთან"). მოკლედ, ზუგდიდურ გუნდს ჩემპიონატის სტარტზე, ფაქტობრივად, ყველა ფავორიტთან მოუწევს საკუთარი ამბიციების დამტკიცება.

...უმაღლეს ლიგაში ზუგდიდისა და ქუთაისის გუნდები უკანასკნელად 1998-99 წლების სეზონში შეხვდნენ; "ტორპედომ" ორივე მატჩი მოუგო "ოდიშს" (3:1, 2:0) და აქედან ერთ-ერთში ზუგდიდური გუნდის კარში გოლი "ტორპედოს" ცენტრფორვარდმა გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. დღესდღეობით კი ეს გამოცდილი თავდამსხმელი "ბაიას" ღირსებას იცავს, ისე როგორც კახა ჩხეტიანი, - მეგრელაძის მსგავსად არაერთი სეზონი რომ გაუტარებია "ტორპედოში". თავის მხრივ, "ტორპედოს" შემადგენლობაშიც არის ორი ფეხბურთელი, გარკვეული პერიოდი ზუგდიდურ გუნდებში რომ უთამაშიათ: სევასტი თოდუა და ნოდარ მაჭავარიანი.

ისე, რახან ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, ლევან აკობიაც უნდა ვახსენოთ: "ბაიას" შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელი, 1998-99 წლების სეზონში "ტორპედოს" წინააღმდეგ რომ უთამაშია. ისე, მწვრთნელებსაც, ვფიქრობთ, არაფერი "დაუშავებიათ" და, რაღა თქმა უნდა, ოთარ გაბელიასა და ზაურ სვანაძის ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: "ბაიას" მწვრთნელ-კონსულტანტების შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა ხომ, ფაქტობრივად, ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო...

სამტრედია-სიონი

ამ წყვილის წარმომადგენლებს ჩემპიონატში შედარებით მოკრძალებული მიზნები აქვთ, თუმცა, ერთმანეთს რომ არაფერს დაუთმობენ, ფაქტია; აღსანიშნავია, რომ წინა ჩემპიონატში ამ გუნდების ოთხი დაპირისპირებიდან სამი ფრედ დამთავრდა და მხოლოდ ერთხელ შეძლო ერთ-ერთმა გუნდმა ("სიონმა") გამარჯვება.

მოკლედ, უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ "სამტრედიას" ბოლნისური კლუბი ჯერ არ დაუმარცხებია და ნავსის გატეხვას, ალბათ, დღეს შეეცდება. სხვათა შორის, დღევანდელი შეხვედრა იმითაც არის საინტერესო, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები: გელა სანაია ("სამტრედია") და გიორგი ყიფიანი ("სიონი") 32-32 წლისანი არიან!
უფრო საინტერესო კი ის არის, რომ გელა სანაიას უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, ოღონდ ორი "გამონაკლისის" გარდა: შოთა ჩომახიძე მთავარი მწვრთნელის თანატოლია, "სამტრედიაში" სულ ბოლო მომენტში ჩარიცხული ვალტერ გუჩუა კი ... მწვრთნელზე სულაც სამი წლით უფროსია. აი, "სიონში" კი, ძირითად ბირთვს ერთი-მეორეზე გამოცდილი მოთამაშეები შეადგენენ, ბევრ მათგანთან გიორგი ყიფიანს არაერთი სეზონი გვერდი-გვერდ რომ უთამაშია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული