"გაგრა": ანატოლი პისკოვეცი ზვიად ჯელაძემ შეცვალა

AutoSharing Option
ანატოლი პისკოვეცი "გაგრას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის - 63 წლის უკრაინელი სპეციალისტი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. გავრცელებული ინფორმაცია "ლელოს" გუშინ კლუბშიც დაუდასტურეს.

"პირადი განცხადების და "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძესთან შეთანხმების საფუძველზე ბატონ ანატოლის კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყდა", - გვითხრა კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მიხეილ აფხაზავამ.

"გაგრას" მთავარ მწვრთნელად პისკოვეცის ყოფილი ასისტენტი ზვიად ჯელაძე დაინიშნა, რომელიც სოხუმის "ცხუმში", "სამტრედიაში", თბილისის "დინამოსა" და სარატოვის "სოკოლში" თამაშობდა. უკრაინელი მწვრთნელი სამშობლოში ორი კვირის წინ გაემგზავრა, სწორედ ამის შემდეგ ჩააბარეს ჯელაძეს გუნდი - ჯერ
დროებით, ახლა კი თანამდებობა იურიდიულად დაუკანონეს.

აფხაზავას თქმით, "გაგრას" პრეზიდენტმა უკრაინელ მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა - მისი ხელმძღვანელობით ხომ გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა და საქართველოს თასს დაეუფლა.

გუშინვე ახალ მთავარ მწვრთნელ ზვიად ჯელაძეს მცირე კომენტარი ვთხოვეთ.

- ძნელი ამოცანაა, ამბიციურ გუნდს დამოუკიდებლად პირველად გაუძღვებით.
- რა თქმა უნდა, უამრავი სიძნელე მელის, მაგრამ პასუხისმგებლობა ვიკისრე და მისი არ მეშინია, შევეცდები, თასზეც და ჩემპიონატშიც წარმატებებს მივაღწიოთ.

- თქვენი აზრით, "გაგრაში" რა არის შესაცვლელი?
- ერთს ვერ დავასახელებ, თანდათანობით კი ბევრი რამის შეცვლაა სასურველი.

- "გაგრამ" სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად გააგრძელა. რა იყო მიზეზი?
- უიღბლობა, რომლის გასაღებსაც ყველა ერთად ვეძებთ. თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კლუბში თავის მოვალეობას ყველა კეთილსინდისიერად ასრულებს.

- ვინ იქნება თქვენი ასისტენტი?
- ჯერ ეს საკითხი ღიად რჩება და უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- ოვონიკოკო როდის დაგიბრუნდებათ?
- ის რეაბილიტაციას გადის, მაგრამ იმედია, ფინალური ეტაპის დაწყებამდე დაგვიბრუნდება.

- რამდენი ხანია, მწვრთნელად მუშაობთ - სად და რომელ გუნდებში?
- მწვრთნელობა "გაგრაში" დავიწყე, მანამდე კი ვსწავლობდი და კობა ჟორჟიკაშვილთან 17-წლამდელების ნაკრებში გავიარე სტაჟირება, "გაგრაში" კი 2010 წელს მიმიწვიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული