ერთი გუნდის ამბავი - ის "ბაია" აღარ არის, გაიზარდა

AutoSharing Option
ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერაც დიდი დროა, მანამდე ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილი ზუგდიდის "ბაია", რომელიც ნამდვილად არ გამოირჩევა განსაკუთრებული დაფინანასებით, "ბაიობის" პერიოდს გასცდა, გაიზარდა და მიმდინარე ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა.

"ბაია" წლევანდელი ჩემპიონატის ლიდერებშია და ურიგოდ არ თამაშობს. სწორედ ამით არის გამოწვეული ჩვენი გაზრდილი ინტერესი ამ კლუბის მიმართ, რომელსაც მუდამ ჰქონდა დიდი პოტენციალი, მაგრამ უსახსრობის გამო ევროთასებზე არასოდეს უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებში მყოფ "ბაიას" მოთამაშეთა ჯამურმა ფასმა წლეულს პირველად გადააჭარბა მილიონ ევროს და
1.375.000 ევროს უწია.

გუნდის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი ქობალიაა. რუსთავის "მეტალურგში" თამაშისას ევროთასებზე გატანილი გოლების შემდეგ "ტრანსფერმარკეტმა" იგი 250 ათას ევროდ შეაფასა.

"ბაიას" მოთამაშეთა ამჟამინდელი სატრანსფერო ფასები ასეთია:
1. ირაკლი ქობალია 250.000 €
2. ნიკა აფაქიძე 175.000
3. ლუკა გუგუჩია 150.000
4. ირაკლი ეხვაია 125.000
5-8. ზვიად სიხარულია, ვალიკო ტყემალაძე, ლევან წურწუმია, გურამ სამუშია 75.000 €
9-13. გიორგი სომხიშვილი, შოთა ლომია, ნიკა მგელაძე, დათა რიგვავა, ილია გამრეკლიძე 50.000

ზუგდიდის "ბაიაში" ბევრი საინტერესო მოთამაშეა, ცხადია, დღეს ყველაზე ვერ შევჩერდებით, პერსპექტიულთაგან ორს და კაპიტანს გავესაუბრეთ.

კაპიტნის სიტყვა: პრობლემა იყოს ნაკლები და ქულა მეტი იქნება
"ბაიას" კაპიტანი გიორგი სომხიშვილი ამბობს, რომ წარმატებული თამაშის მიზეზი გუნდში არსებული მეგობრული ვითარებაა.

"წლეულს, უპირველესად, სწორედ ერთსულოვნება გახდა გუნდის წარმატებული გამოსვლის მიზეზი, ასეთი შეკრული გუნდი, ასეთი თამაში იშვიათი მეგობრული ატმოსფეროს შედეგია. ამგვარ მეგობრულ გარემოს ბევრგან ვერ ნახავთ, ელგუჯა ქომეთიანი და ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

"ბაიაში" არიან ახალგაზრდებიც და გამოცდილი მოთამაშეებიც, მე, ლევან აკობია და შოთა ლომია. მაგრამ ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, ვმეგობრობთ, ერთად დგომაც შეგვიძლია და ეს არის ყველაზე დიდი წარმატება.

ნიჭიერი ბიჭები გვყავს, თითოეულ მათგანს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. საერთოდაც, მიკვირს, რა ტალანტები იზრდებიან ზუგდიდში, აქ მართლაც ნიჭირთა ბუდეა. რამდენიმე მატჩი წავაგეთ, რაც, უპირველესად, გამოუცდელობით მოგვივიდა, მაგრამ მაინც არ შევჩერდით.
ეს ბიჭები არა მხოლოდ ნიჭიერებით, არამედ ასაკისთვის უჩვეულო პროფესიონალიზმითაც მაოცებენ, გულიანად ვარჯიშობენ და მოედანზე მაქსიმუმს აკეთებენ.

კიდევ, იცით, რა მიკვირს? თანამედროვე ფეხბურთში ტანმაღალი მოთამაშეები ფასობენ, ჩვენ კი ათლეტური გუნდი არ გვეთქმის. არ მინდა გუნდის დასახელება, იქ ჩემი მეგობრები თამაშობენ და ერთხელაც მატჩის წინ მოთელვაზე რომ გავედით, ძველმა თანაგუნდელმა მითხრა, მაღალი ფეხბურთელები არ გყავთ და რისი იმედი გაქვთო. არადა, ბიჭებმა ბურთი ისე გააგორეს, ვერაფერი მოგვიხერხეს და ამის მთქმელი გაოცებული დარჩა.

წლეულს ჩვენი მიზანი რვა საუკეთესოში მოხვედრაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შემადგენლობა თუ შევინარჩუნეთ, მომავალ სეზონში "ბაია" ბევრად უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტას შეძლებს, მინიმუმ, სამეულისთვის ბრძოლას მაინც. მთავარია, სოლიდურად დაგვაფინანსონ და "ბაია" თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის", - ამბობს სომხიშვილი.

ზვიად სიხარულია: ქომეთიანი ჩვენი დელ ბოსკეა
ზვიად სიხარულია "ბაიაში" წლეულს იმკვიდრებს თავს. ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველმა მიმდინარე ჩემპიონატში რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა და მისი პროგრესი თვალსაჩინოა.

19 წლის სიხარულია მოედანზე თამამი და აქტიურია, ცხოვრებაში კი საკმაოდ მოკრძალებული და თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

"მოედანზე მართლაც განსხვავებული ვარ, აქ დათმობა არ შეიძლება და არც მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის მეტოქეს ვხვდებით, ჩემი დავალება მისი დამარცხებაა და თავის დახრა არ მჩვევია. ხელს ისიც მიწყობს, რომ წლეულს "ბაია" კარგად თამაშობს, ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული შეკრული გუნდი გვყავს. ცხადია, ეს ყველაზე მოქმედებს და მეც ვცდილობ, გუნდელებს მხარი ავუბა" - ამბობს სიხარულია.

ნახევარმცველი "ბაიას" ნაკლსაც ამჩნევს, უფრო ლიდერებთან ბრძოლისას ვართ მოტივირებულიო: "ვერავინ იტყვის, რომ სხვა გუნდებთან მონდომებით არ ვთამაშობთ, მაგრამ ვამჩნევ, განსაკუთრებული სტიმული ლიდერებთან შეხვედრისას გვიჩნდება, უფრო მონდომებულები ვართ. შესაძლოა, ეს ჩვენს გამოუცდელობაზე მეტყველებს. თუმცა, ჯერ ვერც "ზესტაფონს" მოვუგეთ და ვერც "მეტალურგს", მაგრამ მალე თბილისის "დინამო" გვეწვევა და იმედია, ახლა მაინც მოვახერხებთ ლიდერის დამარცხებას. ამ მატჩს ყველა განსაკუთრებულად ველით და საგანგებოდაც ვემზადებით, თანაც, "დინამო" მაინც ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბია და მასთან თავის გამოჩენა ბევრს ნიშნავს, ისიც გამოჩნდება, რეალურად რა შეგვიძლია".

სიხარულია საინტერესოდ ხსნის წარმატების მიზეზს: "დელ ბოსკე მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად რომ დანიშნეს, წარმატებას რის ხარჯზე მაიღწია? მისი გაზრდილი იყო "რეალის" ბევრი ლიდერი. ასევეა ჩვენთვის ელგუჯა ქომეთიანი, გაგვზარდა, "ბაიაში" დაგვაწინაურა და ერთმანეთის უსიტყვოდ გევსმის. ბატონ გუჯას თითოეული ჩვენგანი ემადლიერება და მოედანზე მისთვისაც ვიბრძვით. მწვრთნელიც კარგია და პიროვნებაც, ფეხბურთელებს შვილებივით გვპატრონობს".

სიხარულიას უკვე სისტემატურად იწვევენ ახალგაზდრულ ნაკრებში, მაგრამ ჯერ არ უთამაშია: "ახალგაზრდულ ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, ჯერ 18-კაციან განაცხადშიც კი ვერ მოვხვდი, ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი შრომა დამჭირდება. ვფიქრობ, ფეხბურთის თამაში შემიძლია, შრომა არ მეზარება და იმედია, იმ კონდიციებს მივაღწევ, ნაკრებში თამაში რომ დავიმსახურო. ჩემი ოცნება კი ეროვნულ გუნდში თამაში და მისი მაისურით წარმატების მიღწევაა".

გურამ სამუშია - იანვარში ევროპაში?
კობა ჟორჟიკაშვილის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებული ეფექტური თამაშის შემდეგ გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურამ სამუშიას მადრიდის "ატლეტიკოში" იწვევდნენ, თუმცა იგი "ბაიაში" დარჩა.

17 წლის ფეხბურთელი გუნდსაც შეეჩვია და უმაღლესი ლიგის მოთხოვნებსაც, მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ბოლო დროს ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებშიც ხშირად ათამაშებს. შაბათს გორის "დილასთან" მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ზუგდიდელთა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

მაგრამ რატომ შეწყდა ლაპარაკი ესპანეთში მის წასვლაზე, იყო თუ არა ეს სიმართლე?

"გაზაფხულზე მართლაც იყო ლაპარაკი, რომ მადრიდის "ატლეტიკოში" გამსინჯავდნენ. მაგრამ მერე რა მოხდა, წარმოდგენა არ მაქვს, ფაქტია, რომ ვერ წავედი, მაგრამ უცხოეთში წასვლაზე ხელი არ ჩამიქნევია. როგორც მითხრეს, იანვარში ერთ-ერთ ევროპულ კლუბში სინჯებზე მელიან. ჯერ კი ზუგდიდის "ბაიასთან" მაკავშირებს კონტრაქტი, რომელიც მომავალი წლის ივნისში მიმთავრდება და, რა თქმა უნდა, უცხოეთში თამაშზე უარს არ ვიტყვი" - ამბობს სამუშია.

უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ შეხვედრებში სამუშია სულაც არ ჰგავს დაბნეულ დებიუტანტს, აქტიურია, მონდომება არ აკლია და უკვე ორი გოლი გაიტანა - ერთი ჩემპიონატში "გაგრასთან", მეორე კი ბოლნისის "სიონთან" საქართველოს თასზე.

"უცხოეთში წასვლა წინსვლისთვის მჭირდება და ამას ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი იტყვის. ნაკრებში თამაშის მცირე გამოცდილება მქონდა და უმაღლეს ლიგაში ესეც ძალიან დამეხმარა. საქართველოს ჩემპიონატში თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილებას ვიძენ, აქ გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება გიწევს და, ცხადია, თავადაც იზრდები. მწვრთნელით დაწყებული, თანაგუნდელებით დამთავრებული, ყველა ხელს მიწყობს, ეს კი დიდი სტიმულია, რათა უფრო თამამად და მონდომებით ვითამაშო", - გვითხრა სამუშიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული