"დინამომ" ზუგდიდში თამაშზე მეტი წააგო

AutoSharing Option
22 ოქტომბერი. ზუგდიდი. "გულია თუთბერიძე". 2500 მაყურებელი.
ბაია-დინამო 2:1
1:0 მგელაძე (8, სიხარულიას პასით), 1:1 ჩისკო (45+1), 2:1 პაჭკორია (90+2, ქობალიას პასით).

ბაია დინამო
4-2-3-1 4-3-3

სომხიშვილი ლორია
რიგვავა ოდიკაძე
აფაქიძე თომაშვილი
მგელაძე ჰომოლა
აკობია გ. რეხვიაშვილი
ტყემალაძე კაკუბავა
გუგუჩია ალვარო
სიხარულია კოშკაძე
წურწუმია კოტო
ეხვაია ჩისკო
ქობალია კახელიშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:
ე. ქომეთიანი. ა. გარსია

ბაია
70. ეხვაია - შ. ლომია
83. სიხარულია - პაჭკორია
90. წურწუმია - სამუშია
სათადარიგოები: ჯომიდავა, ქვარცხავა, კუკავა, ვეკუა.

დინამო
38. კაკუბავა - ჯიღაური
77. კახელიშვილი - რობერტინიო
83. კოტო - იაგუე
სათადარიგოები: ზარქუა, კაშია, პარუნაშვილი, თექთურმანიძე.

გაფრთხილება: ჰომოლა (33),
რეხვიაშვილი (40), კოშკაძე (50), კოტო (81).
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

"ბაიამ", კლუბის ისტორიაში პირველად, დაამარცხა "დინამო" და დაამტკიცა, რომ წლეულს მისი წარმატება შემთხვევითი არ არის.

ელგუჯა ქომეთიანის შეგირდებმა მატჩი შეტევებით დაიწყეს და პირველივე წუთებზე რაელური საგოლე მომენტები შექმნეს: "დინამოს" კარს ჯერ ნიკა აფაქიძე დაემუქრა, რომელმაც ლევან წურწუმიას ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება, მაგრამ ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა სტუმართა მეკარე გიორგი ლორიამ ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

მასპინძლებმა შეტევა განაგრძეს და ერთ წუთში ირაკლი ქობალიამ "მაკრატელა" შეასრულა - ლორიამ ამჯერად ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა. თუმც მე-8 წუთზე თავისიანების გადარჩენა მანაც ვერ მოახერხა: ზვიად სიხარულიამ დაარტყა, მაგრამ პასი უფრო გამოუვიდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ნიკა მგელაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.

"დინამო" მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, შეუტია და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ალვაროსა და კოტოს შეტევები უშედეგო იყო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 31-ე წუთზე განხორციელებული შეტევა იყო, როდესაც გიორგი სომხიშვილმა ბურთი კარგად ვერ მოიგერია, მაგრამ ალვარომ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

ტაიმის ბოლოს "დინამოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და სომხიშვილი წაკამათდნენ, ვითარება დაიძაბა, მაგრამ მალევე განიმუხტა და "დინამომ" გაათანაბრა: ჩისკო "ბაიას" საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, მახვილი კუთხიდან ბურთი მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა და ეფექტურადაც გაიტანა - 1:1.

მეორე ტაიმი "დინამოს" უპირატესობით წარიმართა, ალექს გარსიას შეგირდებს რამდენჯერმე შეეძლოთ დაწინაურება, 51-ე წუთზე ჩისკო-კოტო-ჯიღაურის კომბინაციის დაგვირგვინებას ალეკო კოშკაძე ცდილობდა, მაგრამ "დინამოს" კაპიტანმა ახლო მანძილიდან ააცილა.
აქტიურობდა კოტო, სახიფათოდ აწვდიდა და თავადაც ურტყამდა, კარგად ჩაერთო თამაშში ჯაბა ჯიღაურიც, სტუმართა შეტევებს უნარიანად წარმართავდა კოშკაძე, მაგრამ ჩინებულად თამაშობდა "ბაიას" მეკარე გიორგი სომხიშვილი, რომელმაც, ტრავმის მიუხედავად, თამაში არ მიატოვა და შეხვედრის შემდეგ სტადიონი მხოლოდ მეგობრების დახმარებით დატოვა.

მატჩი არა მხოლოდ მოედანზე, ტრიბუნებზეც დაძაბულ ატმოსფეროში დასრულდა: მაყურებელთა მცირე ნაწილმა შეურაცხყოფა მიაყენა "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს, გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა გუნდის იმ ბიჭებს, რომელთაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს. მატჩის შემდეგ მასპინძელთა მთავარი მწვრნელი ელგუჯა ქომეთიანი შეწუხებული ამბობდა, ასეთი რამ თავად ჩვენი, ზუგდიდელების შეურაცხყოფა არისო.

საფეხბურთო ფორტუნა სასტიკია: დინამოელებმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს, საბოლოოდ კი მეორე ტაიმში საკუთარ კარს მიჯაჭვულმა "ბაიამ" გაიმარჯვა. ქომეთიანმა შეცვლები გამოიცნო. მეორე დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "დინამოს" კართან ჯარიმა დაინიშნა. ირაკლი ქობალიამ დარტყმის იმიტაცია გააკეთა, ბურთი კი საჯარიმოში მყოფ მოედანზე ახალშესულ გიორგი პაჭკორიას გადააწოდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად გაისროლა და ზუგდიდელები უზომოდ გაახარა - 2:1, "ბაია" დაწინაურდა და დარჩენილ წუთში გამარჯვება ხელიდან არ გაუშვია.

ზუგდიდელები ქულებით "დინამოს" გაუთანაბრდნენ, თბილისელებმა კი ჩავარდნას თავი ვერა და ვერ დააღწიეს და გამორიცხული არ არის, ეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი გახდეს.

ელგუჯა ქომეთიანი: "ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ბიჭების თავდადებამ და შეუპოვრობამ შედეგი მოგვიტანა. ისეთი მეტოქე გვყავდა, რომელთან მოგება ყოველთვსი საპატიოა".

ალექს გარსია: "სამწუხაროდ, პირველ წუთებზე ისევ გავუშვით და მერე ანგარიშის გათანაბრება მოგვიხდა. ვცდილობ და ვერ ამიხსნია, რა არის მატჩის დასაწყისის ასეთი სისტემატური ჩაგდების მიზეზი. ვიცით, რომ კონცენტრაცია გვმართებს, მაგრამ მაინც ერთი და იგივე მეორდება. ამას მომენტების დაბალი რეალიზაციაც ემატება და ამიტომაც დავმარცხდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული