საქართველოს ჩემპიონატი. III ტურის წინათქმა. განსხვავებული ზაფხული

AutoSharing Option
და ჰა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში საშინაო შეხვედრას ჩაატარებს! რა მიხვედრა უნდა, თუ როგორი ინტერესი იქნება ფოთში დღევანდელი მატჩისადმი; მით უფრო, რომ "კოლხეთის" მეტოქე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "ვიტ ჯორჯიაა". ტურის მთავარი მატჩი კი კვირას რუსთავში გაიმართება, სადაც ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონს უმასპინძლებს...

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია

...პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული, "კოლხეთი" 17 სეზონი ასპარეზობდა უმაღლეს ლიგაში და საშინაო მატჩებში მუდამ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ფოთიდან ქულის წამოღება რომ ყოველთვის ძნელი საქმე იყო, ეს "ვიტ ჯ
ორჯიასაც" გამოუცდია; თუმცა, დღევანდელი მეტოქეების უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში (2005-06 წლების სეზონი) ერთი მატჩი "კოლხეთმა" მოიგო (1:0), მეორე - "ვიტ ჯორჯიამ" (3:0). საინტერესოა, რომ ორივე გუნდში ოთხი წლისწინანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ თითო-თითო ფეხბურთელიღა შემორჩა: მანუჩარ წიქარიშვილი ("კოლხეთი") და დავით ლომაია ("ვიტ ჯორჯია").

წინა ტურში "კოლხეთმა" სტუმრად ქულა მოიპოვა, ხოლო მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიამ" გაძლიერებულ და ამბიციურ "ბაიას" აჯობა. ვნახოთ, თუ როგორ შეძლებს სტუმართა ახალგაზრდული გუნდი ამ წყვილში ფავორიტის მეტ-ნაკლები სტატუსით მოასპარეზე "კოლხეთისთვის" წინააღმდეგობის გაწევას. ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა გუნდის სამი ახალწვეული (ოლეგ გველესიანი, ალექსანდრე ინწკირველი, გიორგი დეკანოსიძე) თავის დროზე (ცხრა-ათი წლის წინ) სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" თამაშიდან "გავიცანით"...

ზესტაფონი-სპარტაკი

ამ წყვილში კი ფავორიტის გამოცნობას ბევრი "ტვინის ჭყლეტა" არ სჭირდება: მასპინძლები ხომ ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევიან და, წესითა და რიგით, აშკარად მოკრძალებული მიზნების მქონე მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ზესტაფონმა" ჩემპიონატი მარცხით დაიწყო და ერთგული ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას, ალბათ, დღეს შეეცდება. არადა, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს დღევანდელი მატჩის წინ არაერთი საფიქრალი ექნება: ხუმრობა საქმე ნადვილად არ არის ერთდროულად სამი უკანახაზელის დისკვალიფიკაცია.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურის პრინციპულ დაპირისპირებაში ("დინამოსთან") წითელი ბარათები მიიღეს "ზესტაფონის" მცველებმა - გიორგი ხიდეშელმა და მამუკა კობახიძემ, ხოლო ალექსი ბენაშვილი დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა და ისიც დისკვალიფიცირებულია. თუმცა, ასეთი საკადრო პრობლემის მიუხედავად "ზესტაფონი", უბრალოდ, ვალდებულია ჩემპიონატში პირველი სამი ქულა აიღოს - გია გეგუჩაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა ხომ ქვეყნის ჩემპიონ "ოლიმპთან" აქვს...

სხვათა შორის, "ზესტაფონისა" და "სპარტაკის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში დღევანდელ მასპინძლებს აშკარა უპირატესობა ნამდვილად არა აქვთ; ამის დასტურად წინა სეზონიც გამოდგება, როცა გუნდებმა თითო-თითო მატჩი მოიგეს (თან, იდენტური ანგარიშით - 4:1), ხოლო ორი შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

ოლიმპი-დინამო

სამდღიანი ტურის მშვენება კი, რაღა თქმა უნდა, "ოლიმპისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება - ქვეყნის ჩემპიონი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ! ამ შემთხვევაში, ალბათ, წინასწარვე უნდა შევთანხმდეთ, რომ "ოლიმპისა" და "დინამოს" პაექრობისას სიტყვა "ფავორიტის" ხსენება არც შეიძლება...

ხვალინდელი მეტოქეების დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ოთხ წელიწადს ითვლის და იმის მიუხედავად, რომ ამ ხნის განმავლობაში "ოლიმპი" ჩემპიონი ორჯერ გახდა, უპირატესობა მაინც "დინამოს" მხარეს არის: 5 გამარჯვება, 3 ფრე და 3 წაგება (ბურთების სხვაობა 13-7). ვფიქრობთ, არც ის ფაქტი უნდა იყოს ვინმესთვის უცნაურ-მოულოდნელი, ამ გუნდებს შორის ჩატარებული 8 არასაყაიმო მატჩიდან მხოლოდ ერთში რომ დაფიქსირდა დიდი ანგარიშით მოგება.

რაღა თქმა უნდა, წინა სეზონს ვგულისხმობთ, კერძოდ, 13 სექტემბრის მართლაც ლამაზ შეხვედრას, როცა კახა კაჭარავას გუნდმა პირწმინდად აჯობა მანამდე წაუგებლად მოასპარეზე "ოლიმპს" და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა! "დინამოს" ყველა ფეხბურთელმა ის მატჩი უაღრესად მოტივირებულად ჩაატარა, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავად ალექსანდრე კოშკაძე გამოიყურებოდა: მასპინძელთა ნახევარმცველმა ყოფილი გუნდის კარში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა...

..."დინამოსთან" დაპირისპირებებში "ოლიმპმა" თერთმეტი მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგოო, ზემოთ ვთქვით და ისიც უნდა დავამატოთ, რომ რუსთავის გუნდმა ამ სამივე გამარჯვებას სხვადასხვა მწვრთნელის - ანატოლი პისკოვეცის, ვარლამ კილასონიას და თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მიაღწია. ოღონდ, ამ სამიდან ერთი შეხვედრა "ოლიმპმა" თბილისში მოიგო, ერთი - ბოლნისში და მხოლოდ ერთადერთხელ გაიმარჯვა რუსთავში. საერთოდაც, 2008 წლის 13 დეკემბრის ის მოგება მართლაც განსაკუთრებული იყო: ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში "დინამოს" მანამდე არც ერთი შეხვედრა არ ჰქონდა რუსთავში წაგებული!

თუმცა "ოლიმპისა" და "დინამოს ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მატჩებიც ყოფილა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ოლიმპმა" თავის ორივე საჩემპიონო ტიტული სწორედ... "დინამოსთან" პაექრობაში მოიპოვა; აღსანიშნავია, რომ თითქმის ერთი და იგივე სიტუაცია იყო: ჩემპიონატის დამთავრებამდე ორივეჯერ ოთხი ტური რჩებოდა, ის საჩემპიონო მატჩებიც ორივეჯერ 5 მაისს ტარდებოდა (2007 და 2010 წლებში) და სანუკვარი მიზნის მისაღწევად "ოლიმპს" ორივეჯერ ფრე აწყობდა!

...წლევანდელი საჩემპიონო მატჩიდან სამთვენახევარზე ოდნავ მეტი დროა გასული და ეს პერიოდიც ხვალინდელმა მეტოქეებმა განსხვავებულად განვლეს. რაღა თქმა უნდა, ევროტურნირებზე ასპარეზობას ვგულისხმობთ, - "ოლიმპისგან" განსხვავებით "დინამომ" მართლაც ღირსეულად რომ იასპარეზა. ეგ კი არა, ისიც საკითხავია, ევროპის ლიგის ფლეი-ოფში "იუვენტუსს" "შტურმი" დაუპირისპირდებოდა თუ ჩვენი "დინამო": სამწუხაროდ, ავსტრიელებთან განმეორებით მატჩში იღბალმაც ზურგი გვაქცია, მსაჯმაც ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა და...

ისე, არავინ იცის, იმავე "აქტობესთან" (გნებავთ, უფრო ძლიერ მეტოქესთანაც) როგორ განვითარდებოდა მოვლენები, "ოლიმპს" საჩემპიონო შემადგენლობა რომ შეენარჩუნებინა. თუმცა, რატომ გვიკვირს: არასრული რვა თვის განმავლობაში "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს ხომ უკვე ორჯერ მოუწია, ფაქტობრივად, ახალი გუნდის "გაკეთება": ჯერ - იანვარში, მერე - ივნის-ივლისში.

...წლევანდელ ევროტურნირებზე "ოლიმპისა" და დინამოს" არაერთგვაროვან ასპარეზობაზე ვსაუბრობთ და ამ ორ გუნდს საერთო ნაკლიც ჰქონდა; ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური მატჩების (მით უმეტეს, ევროტურნირებზე) განაცხადში 18-ს ნაცვლად 16 ფეხბურთელი რომ გეყოლება, რბილად რომ ვთქვათ, სირცხვილია; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ მართლაც გამორჩეულ გუნდებზე ვსაუბრობთ: საქართველოს ჩემპიონსა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბზე...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული