გია გეგუჩაძე: ზესტაფონში ჩასვლა მიხარია

AutoSharing Option
კვირას გია გეგუჩაძე მთავარი მწვრთნელის რანგში ქუთაისის "ტორპედოს" ჩაიყვანს ზესტაფონში, სადაც იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელსაც სამი წელი წვრთნიდა და ჩემპიონობისკენ გზაც გაუკვალა.

- ზესტაფონში თამაში თქვენთვის ჩვეულებრივი ვერ იქნება - სამი თვის წინ ხომ "ზესტაფონს" ავარჯიშებდით. ამ ქალაქში ისეთივე განწყობით ვერ ჩახვალთ, როგორც სხვაგან.
- ცხადია, ასე იქნება. მიხარია, რომ ჩავდივარ ქალაქში, რომელთანაც ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. თამაშს კი, უპირველესად, სპორტული პრინციპით უნდა მივუდგეთ. ჩვენთვის ეს დაპირისპირება ძალიან სასარგებლო იქნება და, იმედია, ორივე გუნდი ლაღ და სანახაობრივ ფეხბურთს შესთავაზებს მაყურებელს.

ჩვენ ვხვდებით საქართველოში საუკეთესო გუნდს - "ზესტაფონი" ტიტულითაც და თამაშის ხარისხითაც მართლაც საუკეთესოა. ამიტომაც "ტორპედოსა" და მისი თითოეული მოთამაშის მომზადების დონეზე რეალური წარმოდგენა შეგვექმნება, დავინახავთ დადებით და უარყოფით მხარეებს.

- ეს შეხვედრა იმასაც წარმოაჩენს, რამდენად რეალურია "ტორპედოს" საჩემპიონო ამბიციები.
- არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ "ტორპედო" ახლა აწყობის სტადიაშია. ჩვენთვის ახლა მთავარი ის სამუშაოა, რომლითაც გუნდს საფუძველი ჩაეყრება, საამისოდ და საქმიანობის სწორად დასაგეგმად კი საჭიროა სწორი ინფორმაცია, რაშიც "ზესტაფონთან" შეხვედრა დაგვეხმარება. ამჟამად კი ჩვენი მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა.

- ხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ გუნდს, რომელსაც თქვენს ხელში გაზრდილი მწვრთნელი ავარჯიშებს - რა სიურპრიზი შეიძლება შემოგთავაზოთ "ზესტაფონმა"?
- ჯერ ის ვთქვათ, რომ ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და წინასწარ ვერავინ იტყვის, რომ მეტოქე სიურპრიზს არ შემოგთავაზებს. ამ ჩემპიონატში "ზესტაფონის" თამაში რომ ვნახე, შარშანდელთან შედარებით დიდი სხვაობა არ არის - დალაგებულ, შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, დიდი ხანია, ფეხბურთელები ერთად მოდიან და ჩინებულად უგებენ ერთმანეთს. მაგრამ გია ჭიაბრიშვილს თავისი შეხედულებები აქვს და, ვიმეორებ, დღეისთვის საქართველოში საუკეთესო გუნდი ჰყავს.

- "ტორპედოს" შემადგენლობა თითქმის არ შეგიცვლიათ, მაგრამ გუნდი ათამაშდა.
- არ ვაპირებ, ძველ მწვრთნელებს ნამოღვაწარი დავუკარგო. კიკნაძე-ზამთარაძის დამსახურებაცაა, დღეს გუნდი ასე რომ თამაშობს. მაგრამ, რომ ვთქვი, ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულებები აქვს-მეთქი, ცხადია, მეც ასე ვარ.

ჩამაბარეს გუნდი, რომელსაც რადიკალური ცვლილებები არც სჭირდებოდა. თუმცა ზამთრამდე დავაკვირდები და ცვლილებები აუცილებლად იქნება, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთა დაწინაურებაც შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული