მერანი-გაგრა 1:0 - "მერანი" შინ კვლავაც დაუმარცხებელია

AutoSharing Option
30.10. მარტვილი. ცენტრალური. 1500 მაყურებელი
მერანი-გაგრა 1:0
1:0 ე. გრიგალაშვილი (67.ჩალაძის პასით)
მერანი (4-4-2) გაგრა (4-4-1-1)
შეროზია სეფიაშვილი
კაკუშაძე ყურულაშვილი
ჟვანია კალანდაძე
იობაშვილი ტყეშელაშვილი
სუხიაშვილი ნ. ჯიშკარიანი
დიდავა ხუციძე
ე. გრიგალაშვილი ზ. ჩხეტიანი
მანწკავა ნაკონეჩნი
ჩალაძე შარიქაძე
ამბროლაძე სიჭინავა
ტაპე კვანტალიანი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ა. ჩხაბერიძე ზ. ჯელაძე

მერანი
60.ტაპე - სამადაშვილი
75.ამბროლაძე - მემარნიშვილი
90.მანწკავა - ტორაძე
სათადარიგოები: ქამუშაძე,გეგეჭკორი,ჭაფოძე,შენგელია

გაგრა
55.ნაკონეჩნი - გაბედავა
74.ხუციძე - ჯერემია
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯგერენაია, გაბუნია, ჭკუასელი
გაფრთხილება: ნაკონეჩნი (25),კალანდაძე (76)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

"მერანმა" პირველ წრეში "გაგრასთან" მარცხის გამო რევანში აიღო, თანაც, მარტვილელებმა ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი მოიგ
ეს. ყოველივე ეს შეძლეს არა გამართლების წყალობით, არამედ ბრძოლითა და ჟინით. ფაქტია, რომ ისინი თამაშიდან თამაშამდე უმატებენ და ნურავინ გაიკვირვებს, თუ ხუთეულში მოხვედრაზეც ფიქრობენ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მათ თავიდანვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი: საწყის წუთებში ლაშა ჩალაძეს შეეძლო გატანა, მან სამ მცველს აუარა გვერდი, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს: საჯარიმოში შესულმა ანზორ სუხიაშვილმა ბურთი მცირედით ააცილა კარს. ერთადერთი, რაც გაგრელებმა შეძლეს, ტაიმის ბოლოს ნაკონეჩნის დარტყმა იყო, რომელსაც შეროზია ადგილზე დაუხვდა.

შესვენებამდე გასახსენებელი აღარაფერი მომხდარა, თამაშის განახლებისთანავე კი "მერანმა" გაცილებით მწვავედ შეუტია და მიზანსაც მიაღწია. მანამდე იყო ელგუჯა გრიგალაშვილის შორეული დარტყმა, მოგვიანებით კი გიორგი მანწკავას სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო, რომელიც ჩინებულ ნახტომში მოიგერია სეფიაშვილმა და გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა.

როგორც აღმოჩნდა, დროებით, რადგან 67-ე წუთზე ლაშა ჩალაძემ შესანიშნავი პასით მოძებნა მარჯვენა ფლანგზე მყოფი გრიგალაშვილი, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით დააწინაურა თანაგუნდელები - 1:0. აქვე ვთქვათ ისიც, რომ, გაშვებული ბურთის მიუხედავად, გაგრელთა მეკარე სტუმრებში საუკეთესო იყო, მან ერთ ეპიზოდში მარტვილელთა კაპიტნის, გიგა ჟვანიას დაახლოებით 9 მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაულებრივად მოიგერია.

გაშვებული გოლის შემდეგ, წესით, "გაგრა" უნდა გააქტიურებულიყო, თუმცა მოედანზე კვლავ მასპინძლები დომინირებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში საჯარიმოში სახიფათოდ შეჭრილ გრიგალაშვილს ბოლო მომენტში ფეხი დაუცდა და წაიქცა. გამორჩეულები იყვნენ ჩალაძე, გრიგალაშვილი, სუხიაშვილი, სამადაშვილი, რომლებიც ბურთს უნარიანად აკონტროლებდნენ და სტუმრებს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ, აღსანიშნავია მერანელთა დაცვის საიმედო თამაშიც.

ბოლოსკენ გაგრელებს მატჩის გადარჩენის რეალური შანსი მიეცათ: 88-ე წუთზე შალვა კვანტალიანის მიერ სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთს შეცვლაზე შესულმა ჯერემიამ დაუხვედრა თავი, მაგრამ შეროზიამ აჯობა თავდასხმელს და "მერანმა" დამსახურებული გამარჯვება მიითვალა.

ბესიკ გვაზავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული