გუბერნატ 2

AutoSharing Option
21.08. ფოთი. ფაზისი. 1 300 მაყურებელი
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0

1:0 სიჭინავა (55. პენალტით), 2:0 გულუა (78. სილაგავას პასით)

კოლხეთი       ვიტ ჯორჯია
4-4-1-1        4-3-2-1
გ. შენგელია     ა. მიქაბერიძე
ჭითანავა         ბეჭვაია
მახვილაძე       ლომაია
ინწკირველი    ადამაძე
გველესიანი     ჭანკვეტაძე
თედიაშვილი   ვასაძე
ჯოჯუა           მაისაშვილი
სილაგავა        გურეშიძე
სიჭინავა         ლიპარტია
გვალია          ზაქრაძე
ციცხვაია        ვ. კვარაცხელია

67. თედიაშვილი - გულუა
76. ციცხვაია - რ. ჯიქია
87. ჯოჯუა - ცხვიტარია
სათადარიგოები: სტურუა, წიქარიშვილი, ექონია, ბუკია

69. ზაქრაძე - ჩიმაკაძე
82. ლიპარტია - კორიფაძე
82. ჭანკვეტაძე - ღანიაშვილი
სათადარიგოები: ძაძამია, გოგიაშვილი, დვალიშვილი,
კასრაძე

გაფრთხილება: ჭანკვეტაძე (54), ციცხვაია (57), ლომაია (72, 84), სილაგავა (87), გ. შენგელია (88)
გაძევება: ლომაია (84)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფოთში "დიდი" ფეხბურთი დაბრუნდა. ყველა ელოდა, რომ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "კოლხეთის" პირველ საშინაო შეხვედრას "ფაზისი" სანახევროდ შევსებული მაინც შეხვდებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, სტადიონის ტრიბუნების მეოთხედიც არ შეივსო. ამას მიზეზიც ჰქონდა - ფოთში დილიდანვე კოკისპირულად წვიმდა, პერიოდულად მზე კი გამოანათებდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ქალაქს უხვი ნალექი არ მოჰკლებია (შემდეგ ფოთს ქარბორბალაც დაატყდა). მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მიუხედავად, მინდვრის საფარი თითქმის იდეალურ მდგომარეობაში გახლდათ.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ ადგილობრივმა დიქტორმა ფოთელებს ელიტაში დაბრუნება მიულოცა. მალევე მიმლოცველებს სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია და ფოთის "კოლხეთის" ექსპრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი შეუერთდნენ. ამ უკანასკნელის რა გითხრათ და, გუბერნატორი მატჩის ბოლო წუთამდე "კოლხეთს" აქტიურად ქომაგობდა. გოროზია ბესიკ შეროზიასაც "ეხმარებოდა" და ფეხბურთელებს ლოჟიდან კარნახობდა, როდის უნდა გაეშალათ თამაში, ვისთვის უნდა ეპასა კონკრეტულ ფეხბურთელს და ა. შ. სხვათა შორის, ამას ისე აკეთებდა, შთაბეჭდილება დაგვრჩა, გუბერნატორს სამწვრთნელო კურსები თუ არ გაუვლია, მინიმუმ "დამწვარი" ფანი მაინც უნდა იყოს.

თამაში კოლხების უპირატესობით დაიწყო. უკვე მე-6 წუთზე, დათა სიჭინავამ სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ შეტევაში ჩართულმა მიხეილ მახვილაძემ თავი კარგად ვერ დაუხვედრა. ხუთიოდ წუთში მასპინძლებს უკეთესი შანსი მიეცათ, მაგრამ დავით ციცხვაიამ დარტყმა დააგვიანა, მცველთან ჭიდილში საბოლოოდ "საპენალტო დაცემა მოახერხა", თუმცა არბიტრს 11-მეტრიანი ვერ დასტყუა.
მე-17 წუთზე, ვიტელები გოლისგან უკვე ხარიხამ გადაარჩინა, როცა ლაშა გვალიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩინებულად გაისროლა, დამატებაზე კი ისევ ციცხვაიას ამჯერად უკვე მიზანს ცოტათი დაუცდა.

ამის შემდეგ თამაში სტუმრებმა ჯერ დაალაგეს, მალევე გაათანაბრეს, ხოლო ტაიმის მიწურულს მცირეოდენი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ: ჯერ კოლხებმა ბწყინვალედ გაითამაშეს ბურთი საჯარიმოში და ბოლო მომენტში ვეღარ ივარგეს, ხოლო სტუმართაგან მაისაშვილის შორეული გასროლა დაგვამახსოვრდა, რომელიც კარს ცოტათი ასცდა; სულ ბოლოს კი ფოთელთა დაცვამ მთელი შეხვედრის მანძილზე ერთადერთი შეცდომა დაუშვა, როცა უწყინარ სიტუაციაში ვახტანგ კვარაცხელია გაეპარათ, მაგრამ ფორვარდმა ბურთს თავი უხეიროდ გაჰკრა და მასპინძელ მეკარეს პრობლემაც ვერ შეუქმნა.

თამაშის მეორე ნახევარი პირველის მსგავსად დაიწყო - გოლზე დაგეშილი "კოლხეთის" უპირატესობით. ნამატჩევს აკი აღნიშნა კიდეც მასპინძელთა თავკაცმა - აქცენტი სწრაფ გოლზე გავაკეთეთო. პირველისგან განსხხვავებით, მეორე ტაიმში კოლხებმა ეს მოახერხეს - უწყინარ სიტუაციაში ვერ გაერკვა სტუმართა მცველი ირაკლი ჭანკვეტაძე, რომელსაც ბურთი სიჭინავამ "მოპარა", კოლხი კარისკენ ჩინებულად გაიჭრა, ჭანკვეტაძემ კი ის აკრძალული ილეთით შეაჩერა.  პენალტი და ყვითელი ბარათი - ასეთი იყო გიორგი ვადაჭკორიას ვერდიქტი და უნდა ითქვას - სამართლიანიც, თუმცა ამას ორივე მხარის პროტესტი მოჰყვა: მასპინძლები წითელ ბარათს ითხოვდნენ, ხოლო სტუმრებს მოეჩვენათ, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ, უკიდურეს შემთხვევაში, ხაზზე მოხდა. დათა სიჭინავამ 11-მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა, მეკარეს აჯობა და ანგარიშიც გახსნა, 1:0.

ამ გოლმა კიდევ უფრო აქტიური გახადა "კოლხეთი" და... გუბერნატორი გოროზიაც (ის ორ გოლს ითხოვდა თავიდანვე). ამან შედეგიც გამოიღო. მასპინძლები ისევ სახიფათოდ უტევდნენ, ხოლო ვიტელი ფორვარდები ვერაფერს უხერხებდნენ საიმედოდ მოთამაშე ინწკირველი-მახვილაძის დუეტს.

71-ე და 77-ე წუთებზე დუბლის შესრულება დათა სიჭინავას შეეძლო, მაგრამ პირველ შემთხვევაში სტუმართა მეკარემ ბურთი რის ვაი-ვაგლახით კუთხურზე გადააგდო, მეორედ კი - საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული მცველს მოხვდა, რამაც მომენტი უფრო სახიფათო კი გახადა, მაგრამ მიმართულება შეცვლილმა ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუარა.
ამ ეპიზოდიდან წუთიც არ იყო გასული: მარცხნიდან სილაგავამ საჯარიმოში ჩააწოდა, მას კი შეცვლაზე შესული ლევან გულუა გამოეხმაურა და თავური დარტყმით შეხვედრას წერილი დაუსვა - 2:0.

დარჩენილ წუთებში ფეხბურთელებს ხეირიანი არაფერი შეუქმნიათ, მხოლოდ შეცდომებსა და წესების დარღვევას უმატეს, რაც სტუმართა კაპიტან ლომაიას მეორე ყვითელ ბარათად და გაძევებად დაუჯდა. ამ მოგებით "კოლხეთი" მინიმუმ ერთი დღით ("დინამო"-"ოლიმპის" გუშინდელ შეხვედრამდე) გათამაშების ცხრილს სათავეში მოექცა.

"შედეგი გვაქვს უზარმაზარი" - ამ ფრაზით ზაზა გოროზიამ ოპოზიციის გაშარჟებაც მოახერხა და კოლხთა წარმატების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მან და ჯემალ ინაიშვილმა სტადიონი მალევე დატოვეს - ამ უკანასკნელის "ფაზისზე" გამოჩენამ ფოთელ ქომაგს ის წარსული გაახსენა, როცა პორტის უფროსი ინაიშვილი კლუბს მილიონი ლარით აფინანსებდა. უმაღლესში დაბრუნებული, მაგრამ ჯერაც შეჭირვებული "კოლხეთის" წლევანდელი იმედიც პორტის პატრონაჟის ქვეშ გადასვლაა...

მატჩის შემდეგ
მერაბ კოჭლაშვილი (ვიტ ჯორჯია): "უპირველესად, "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ვულოცავ. ჩვენ ძველი შემადგენლობიდან 4 ფეხბურთელი ვათამაშეთ. ამანაც იქონია გავლენა, "კოლხეთს" უფრო გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს და დამსახურებულად მოიგეს. თუმცა ბევრს მოეჩვენა, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან, როგორც ამბობენ, დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა. მე კარგად არ დამინახავს".
ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "მინდა ფოთელ ქომაგს მივულოცო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება და პირველი მოგება. დამსახურებულად მოვიგეთ, უპირატესობაც გვქონდა და 2 გოლიც გავიტანეთ. ბიჭებმა დავალებები ბრწყინვალედ შეასრულეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩემი გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

მამუკა ქანთარია
ფოთიდან


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული