მართალია, ბოლო წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში ვერ გაზარდა, მაგრამ მეხსიერებაში ამოტივტივდა ახალგაზრდული ნაკრების შვეიცარიასთან თბილისური შეხვედრის მეორე ტაიმიც, ასევე შეცვლაზე შესული არანაკლები აქტიურობით რომ გამოირჩეოდა და საერთო "კონტურებიც" გამოიკვეთა - ეს ახალგაზრდა საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა.
- ფეხბურთელი ერთი შეხვედრის ნორმალურად ჩატარებით თუ დაკმაყოფილდა, ცუდად ყოფილა მისი საქმე.
- გეგუჩაძემ "ზესტაფონთან" მოედანზე რა დავალებით შეგიშვა?
- მითხრა, რომ მეაქტიურა, ფლანგზე სისწრაფე გამომეყენებინა და ის ფეხბურთი მეთამაშა, რაც გუნდს მოსაგებად სჭირდებოდა. ისე დამელაპარაკა, მოტივაცია გამიორმაგდა და ერთი სული მქონდა, მინდორზე შევსულიყავი. კიდევ იყო პატარ-პატარა კონკრეტული დავალებები, მაგრამ ემოციების მერე ყველაფერი აღარ მახსენდება.
- ყველაფერი კარგი და, ბოლო წუთზე გოლი როგორ ვერ გაიტანე?
- მეკარემ ფეხზე ხელი გამომკრა, წავბორძიკდი, გადაწყობა გამიძნელდა, სუსტად დავარტყი და მცველმაც კარგად ითამაშა.
- გავიგე, რომ ერთი ხანობა ტრავმის გამო კარიერის შეწყვეტას აპირებდი.
- სამი წელი ტრავმებმა გამტანჯა, თან გადამწყვეტ მომენტებში ვშავდებოდი. 17 წლისას მუხლზე ოპერაცია დამჭირდა, შემდეგ ორი წელი კუნთების პრობლემა მაწუხებდა - გამუდმებით მიწყდებოდა. 2009 წელს ისიც კი ვიფიქრე, რომ თამაშს ვეღარ შევძლებდი. მაშინ "ვიტ ჯორჯიაში" ვთამაშობდი და, როცა ეს ტრავმიანობის პერიოდი დამეწყო, გუნდიდან წამოვედი და რამაზ მუმლაძესთან "ავაზა-ვისოლში" ვვარჯიშობდი, თამაში კი არ შემეძლო. მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების თანადგომით შევძელი და ყველაფერი ნულიდან დავიწყე. 2010 წლის იანვრიდან კი სრულფასოვნად ავთამაშდი.
- გამოდის, "ტორპედოშიც" მუმლაძემ მიგიყვანა.
- აქ მისი და "ტორპედოს" მენეჯერ დავით ყენიას რეკომენდაციით მოვხვდი. დუბლებით დავიწყე და კარგად ვიცოდი: როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ, გაორმაგებული მონდომებითაც უნდა ივარჯიშო.
- მამაშენს, ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმ დავით იოსელიანს ყველა დიდ პატივს სცემს და, რაღა დაგიმალო, მეგონა, ახალგაზრდულ ნაკრებში მისი ხათრით აგიყვანეს, რადგან "ტორპედოს" დუბლებში თამაშობდი და არა ძირითადში.
- ვიცოდი, რომ ეს კითხვა ბევრს გაუჩნდებოდა და ამიტომაც ვვარჯიშობდი გაათმაგებულად, ვცდილობდი, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ მამაჩემი არაფერ შუაში იყო.
- შენი თამაშით "მამის პროტექციის თემა" ნამდვილად გამორიცხე: "ზესტაფონთან" ისეთი სასარგებლო და მონდომებული იყავი, თითქოს ეს შენი ბოლო შანსი იყო.
- ყველა თამაშზე მართლაც ბოლო შანსივით გავდივარ, ისე, თითქოს იმის იქით აღარაფერია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "ზესტაფონთან" მატჩი დიდხანს მემახსოვრება და დიდი მადლობა გია გეგუჩაძეს ასეთ მატჩში ნდობისთვის.
- თბილისელი, ვაკელი კაცი ქუთაისში თავს როგორ გრძნობ?
- თავიდან გამიჭირდა, ყველა და ყველაფერი მენატრებოდა, ოჯახი, მეგობრები, უბანი... თუ თავისუფალი დღე გამოჩნდა, ვცდილობ, ყველა მონატრებული ადამიანი მოვინახულო.
საერთოდ კი, ვცდილობ, ვაკეთო ის, რაც სწორი და კარგია და ამიტომ არ მიჭირს. არ შეიძლება, ფეხბურთელი "ტორპედოში" თამაშობდეს და რამეზე წუწუნებდეს. აქ ყველაფერია იმისთვის, ფეხბურთი რომ ითამაშო. ახლა ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი მთავარია და ვფიქრობ, მოვხვდი იმ გუნდში, რომელიც ჩემი ასაკის ფეხბურთელის გასაზრდელად იდეალურია. თანაც, ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ბიჭებს ქუჩაში ცნობენ და ყოველი მოგებული თამაშის მერე მადლიერი თვალებით უყურებენ. ამ ყველაფერმა ქუთაისი ძალიან შემაყვარა და თავს კარგად ვგრძნობ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მადლობთ წინასწარ