გიორგი ლორია: "დილა" არაფერ შუაშია, მოედანი არ ვარგოდა!

AutoSharing Option
საქართველოს თასის მერვედფინალურ შეხვედრებში მთავარი სენსაცია გორში დაფიქსირდა. თბილისურ მატჩში 2:2-ის შემდეგ "ქართლზე" გამართულ განმეორებით შეხვედრაში "დილა" თბილისის "დინამოს" უგოლო ფრით გაეყარა და ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბი მეოთხედფინალის მიღმა დატოვა.

შედეგით უკმაყოფილო "დინამოს" 25 წლის მეკარემ გიორგი ლორიამ მატჩის შემდეგ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ემოციური კომენტარი გააკეთა.

"(წაგების) მიზეზი ის არის, ძლიერი გუნდი ეთამაშებოდა დაბალი კლასის გუნდს, რომელიც ყანაში თამაშობს და გამოვიდა, რომ ყანაბურთში, ჩხუბში მოგვიგეს. ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ იმის გამო, რომ მინდორი არ ვარგოდა და მაქსიმალური შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ. თორემ,
ჩემი აზრით, ნორმალურ მოედანზე ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა," - თქვა ლორიამ.

საქართველოს ნაკრების მეკარის ამ კომენტარმა გორელები გაანაწყენა, თუმცა ლორიამ "ლელოს" განუცხადა, რომ გორელების შეურაცხყოფა არც უფიქრია:

- "დილასა" და მისი ფეხბურთელების შეურაცხყოფა აზრადაც არ მქონია. იქ ჩემი ძმაკაცები თამაშობდნენ და ასეც რომ არ იყოს, ელემენტარული კოლეგიალობის ამბავია, მეტოქეს პატივისცემით უნდა მოექცე.

ცხელ გულზე იმ სატკივარზე ვილაპარაკე, რომელიც მხოლოდ მე არ მაწუხებს - ასეთ სტადიონსა და მოედანზე თამაში არ შეიძლება! ვთქვი და ვიმეორებ, "ქართლზე" ყანაბურთი ვითამაშეთ და "დინამომ" მისთვის ჩვეულად ბურთის გაგორება ვერ მოახერხა. ამით წაგების გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ მე აღმოვაჩინე, რომ ამ სტადიონზე მოედანი და გასახდელები არ ვარგა? ან ვინ შემედავება, რომ "დინამო" "დილაზე" ძლიერი გუნდია? ეს შეურაცხყოფა კი არა, ფაქტია.

ბოლო დროს გაუმჯობესდა მოედნების მდგომარეობა, ქუთაისში, ზესტაფონში, "ბასაზე" და "მიხეილ მესხზე" თამაში ერთი სიამოვნებაა.

"დინამოს" ბაზაზე და ეროვნულ სტადიონზეც ძალიან კარგი საფარი დააგეს. ყველგან ასეთი მოედნები რომ იყოს, ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა, რადგან სამი-ოთხი შეხების ნაცვლად ბურთს ერთი შეხებით გადააწოდებ და თამაშის ტემპი აუცილებლად მოიმატებს, რაც საბოლოოდ ჩემპიონატის ხარისხზე აისახება.

მაგრამ მხოლოდ მოედნების მოვლა არ კმარა, სტადიონებსაც უნდა მიეხედოს, რათა გასახდელებიდან დაწყებული, ტრიბუნებით დასრულებული, ყველაფერი კოხტა და კომფორტული იყოს.

განახლებული "მიხეილ მესხი" გაიხსენეთ - გასახდელიდან მოედნამდე გასასვლელი შეცვალეს და მესერი აიღეს, თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ამით სტადიონს იერი ისე სასიკეთოდ შეეცვალა, ფეხბურთელს თამაში უხარია, გულშემატკივარს - ასეთ არენაზე მოსვლა და ქომაგობა. ალბათ, თქვენც, ჟურნალისტები თამაშის მიმოხილვებს მეტი ხალისით დაწერთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლორია, კარგი ფეხბურთელია მარა ასეთი იაფი არგუმენტები არადამაჯერებელია მისგან. დინამოს პრობლემები აქვს და ცუდი მინდორი და გასახდელი ყველაზე ბოლოა ამ პრობლემებში. დინამომ ზევიდან არ უნდა უყუროს სხვა გუნდებს და თამაშზე გააკეთოს კონცენტრაცია სჯობს. საქართველოში კიდევ დიდხანს მოგიწევს ყანებში თამაში და შენი ლოგიკით დღევანდელი დინამო ყანებში ვერასდროს ვერ ანახებს შედეგს!

დაბრუნდით დედამიწაზე დინამოელებო! :)
უძლევი
01:32 05-11-2011
0
მაშინ რისთვისღა ატარებენ თასის გათამაშებას პირდაპირ დინამო გახდეს ჩემპიონი ხო ფაქტია რო ყველაზე ძლიერია? კარგი მოედნიდან არ იყო ცაუნიამ რო დაგირტყა ჯარიმა?:D
0

სიახლეები პოპულარული