გელა სანაია: სირცხვილია, ფოთსა და მის გუნდს ასეთი ხელმძღვანელობა რომ ჰყავს!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ გელა სანაიას "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა, ფაქტიურად, გადაწყვეტილი იყო და ეს ინფორმაცია 33 წლის სპეციალისტმაც დაგვიდასტურა და "კოლხეთის" ხელმძღვანელობამაც, თუმცა შემდეგ მოვლენები წარმოუდგენლად განვითარდა - გუნდის თავკაცად სოსო ფილია დააბრუნეს, სანაია კი უმუშევარი დარჩა.

რა მოხდა უფრო კონკრეტულად, ამას თავად სანაიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თქვენც და კლუბის ხელმძღვანელობამაც გვითხარით, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო. რატომ ჩაიშალა ეს შეთანხმება?
- ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერავინ გამცა. ბოდიშის გარდა არაფერი მომისმენია, ჩემთვის კი ბოდიში არგუმენტი არ არის.

-
თუ არ ვცდებით, "კოლხეთს" ვარჯიშიც კი ჩაუტარეთ.

- დიახ, გუნდი ერთხელ უკვე ვავარჯიშე, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და "ზესტაფონთან" შეხვედრისთვის ვემზადებოდით, მაგრამ...

ვარჯიში კი არა, "კოლხეთთან" კონტრაქტსაც კი მოვაწერე ხელი.

- მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ, კლუბს უჩივლოთ.
- სამწუხაროდ, კონტრაქტის ასლი არ წამომიღია. საკუთარი უფლებების დაცვას კი ნამდვილად ვაპირებ. ფეხბურთის ფედერაციასაც მივმართავ და ყველა შესაძლო ინსტანციასაც. მხარდაჭერა ბევრმა კოლეგამ და საფეხბურთო მოღვაწემ აღმითქვა და შევეცდებით, ერთობლივი ძალებით ვებრძოლოთ ამ განუკითხაობას.

აქ საქმე მხოლოდ ჩემში არ არის. ქართულ ფეხბურთში ბევრი უმსგავსობა მომხდარა, მაგრამ მსგავსი პრეცედენტი პირველია და თუ ამ ხალხს ეს საქციელი შერჩა, მერე უარესები მოხდება.

მესმის, რომ კონტრაქტის გაფორმების ფაქტის დამტკიცება გამიჭირდება, მაგრამ ის ხომ ყველამ ნახა, რომ ერთ დღეს გუნდი ვავარჯიშე როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მეორე დღეს კი ამ თანამდებობაზე აღარ ვიყავი. სხვა რომ არაფერი, ეს ფაქტიც აღმაშფოთებელია და ვერავითარ კანონიერ თუ მორალურ ჩარჩოებში არ ჯდება.

როგორია, როცა არა მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობა, არამედ ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე პირადად გპირდებიან მომავალ საქმიანობაში ყოველგვარ ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას, კლუბი ფოთში დაგიქირავებს ბინას და მერე უცებ სიტუაცია თავდაყირა დგება.

პირდაპირ ვაცხადებ, სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ ქალაქ ფოთსა და ფოთის "კოლხეთს" ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს. მათი ადგილი ქართულ ფეხბურთში არ არის! ეს მხოლოდ ფოთის ფეხბურთისა და იქაური გულშემატკივრების შეურაცხყოფა კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთის სირცხვილია!

- ერთი ვერსიით, მთავარ მწვრთნელად სოსო ფილიას დაბრუნება ფეხბურთელებმა მოითხოვეს.
- ვინც ამ ხმებს ავრცელებს, ის ბიჭებს შეურაცხყოფს! კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ფეხბურთელებს ჩემს წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადაედგათ!

- საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლის გარდა, რა გეგმები გაქვთ? ხობის "კოლხეთში" ხომ არ დაბრუნდებით?
- ხობელებთან კონტრაქტი ფოთელებთან შეთანხმებისთანავე გავწყვიტე, უახლოეს პერიოდში მუშაობას არ ვაპირებ, გონზე მოსვლა მჭირდება. თუ ქართულ ფეხბურთში ასეთი საშინელებები გაგრძელდება, იქ ჩემს ადგილს საერთოდ ვერ ვხედავ. თუმცა მაინც არ ვკარგავ იმედს, რომ მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესდება და ჩემი სამსახურიც ვინმეს დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნინო, რას ამბობ? ყველა მწვრთნელი მასეა, ვისაც უნდა იმას მოიყვანს, რადგან თავისებური ხედვა და პრეროგატივა აქვს... ან რა შუაშია "მეგრელები"? ვინ გაყო მეგრელები, კახელები, აფხაზები ან სვანები? ყველა ქართველები არ ვართ? "ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა, კაცს, და არა გვარიშვილობა"....
დევიდ აირონს
21:35 07-11-2011
0
რას იზამ გელა. შენც ესე არ ექცეოდი ფეხბურთელებს. ვინც გინდოდა იმას აიყვანდი და მეგრელებს განსაკუთრებით
nino
16:33 07-11-2011
0

სიახლეები პოპულარული