გია გეგუჩაძე: "ჩვენ გამოცდილ ფეხბურთელებს ვენდობით"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ქართული "კლასიკოსათვის" მზადებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. გუნდი უკვე თბილისშია და კვირას "დინამოსთან" დანიშნულ მატჩამდე საგურამოს საწვრთნელ კომპლექსზე მოემზადება.

ამ მატჩისა და მომავალი კვირის შუაში "ზესტაფონთან" გასამართი პირველი მეოთხედფინალური სათასო დაპირისპირების წინ, ჩვენ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გია, საკმაოდ წარმატებული სტარტი გქონდათ "ტორპედოში". თქვენი უშუალო თავკაცობით, გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. ჩვენთვის ამ განვლილი პერიოდის თქვენს მიერ გაკეთებული შეფასებაა საინტერესო.
- ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ მთლიანობაში განვლილ ეტაპს დადებითად შევაფასებ - რაც არ
უნდა იყოს, შედეგი ასპროცენტიანია. თუმცა, თუ კიდევ ჩავუღრმავდებით, ვიტყოდი, რომ სათამაშო ხარისხი ჩემთვის პირადად უკეთესის სურვილს ტოვებს.

- გუნდში ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთანხმებული და რაც მთავარია ტაბლოზე ასახული თამაში შეინიშნება. ეროვნულში არა, მაგრამ "ტორპედოს" რამდენიმე ფეხბურთელს ახალგაზრდულ ნაკრებში მუდმივად იწვევენ. მათგან აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს გივი იოსელიანი, რომელმაც მიმდინარე შესარჩევი ციკლის ყველა შეხვედრა ითამაშა. ესაა, რომ მას კლუბში მარჯვენა ფლანგზე თამაში უწევს, ნაკრებში კი – მარცხენაზე.
- ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე სრულფასოვანი თამაში შეუძლია, ეს მხოლოდ დადებით მომენტად მიმაჩნია. ეს ფეხბურთელს ძალიან კარგად ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ მოთამაშეს მეტი ფასი აქვს. ცხადია, კლუბში ჩვენი, ნაკრებში კი იქაური მწვრთნელების გადასაწყვეტია, ვინ სად გამოიყენებს ამა თუ იმ ფეხბურთელს.

- "ტორპედოში" ორი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს. თუმცა, როგორც ვიცით, ისინი ახალ წლამდე გუნდს ვერ დაეხმარებიან.
- დავით ჯანელიძე უკვე შევიყვანეთ გუნდის განაცხადში - ამ ბიჭის პრობლემა არ არსებობს. იგი თითქმის ერთი თვეა ჩვენთანაა და რეგულარულად ვარჯიშობს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და უკეთეს კონდიციებს მიაღწევს. ჯანელიძე ნიჭიერი ფეხბურთელია და ამიტომაც ავიყვანეთ "ტორპედოში".

რაც შეეხება ნიკა ფირცხალავას, მას დიდი ხანია ვიცნობდი, ვაკვირდებოდი თბილისის "დინამოში" თამაშის დროს. ვისარგებლეთ იმ მომენტით, რომ ყოფილმა გუნდმა მის სამსახურზე უარი თქვა. სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ გაიღება, ჩვენ ამ ფეხბურთელის გამოყენებას ვერ შევძლებთ, რადგან მას მიმდინარე სეზონში უკვე ნათამაშები აქვს "დინამოში". თუმცა იგი გუნდშია, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ეჩვევა აქაურ ატმოსფეროს.

- გუნდში ახალი მოსული იყავით, როცა ჩვენთვის მოცემულ პირველ ინტერვიუში თქვით - ამ შემადგენლობით "ტორპედოს" უახლოესი მიზნის დასახელებისთვის, მასთან მუშაობის გარკვეული პერიოდი გჭირდებოდათ.
- მინდა სწორად ვიყო გაგებული. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ ჩვენ რაიმე მიზნის დასახვას გავურბივართ. რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ, მით უკეთესი იქნება. კლუბი აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენთვის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა მნიშვნელოვანი. მე მგონი, ეს ამოცანა ფაქტიურად გადავწყვიტეთ.

ახლა ჩვენ გვინდა მეტი თავისუფლად, მეტი ლაღად შევუდგეთ გუნდის შენების პროცესს. მოგეხსენებათ, არა მარტო პირველი გუნდია ჩვენი საზრუნავი, არამედ საუბარია მეორე გუნდზე, აკადემიის ჩამოყალიბებაზე. ეს ერთ ჯაჭვად აწყობილი სისტემა სრული სიმძლავრით გვინდა ავამოქმედოთ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

თუნდაც ის, რომ ახლა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს იმის საშუალება ეძლევა, რომ მონაწილეობა მიიღონ ძირითადი გუნდის თამაშებში, ესეც ზემოთ თქმული პროცესების განუყოფელი ნაწილია. მე არ მინდა იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ გამოცდილ ფეხბურთელებს ვენდობით. მათ უკავიათ თავიანთი ადგილი გუნდში და სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო თამაშებში ასპროცენტიანი შედეგი გვაქვს.

ეს ყველაფერი ოპტიმიზმთან ერთად, იმის სტიმულსაც გვაძლევს, რომ მეტი თავისუფლად და კომპლექსების გარეშე ვიმუშავოთ. ყველაფერი ეს, პირველ რიგში გულშემატკივრის მხრიდან მინდა იყოს სწორად გაგებული. რადგან ასეთი შედეგი გვაქვს, არ მინდა "ცაში ფრენის" და იმის ილუზია შევიქმნათ, თითქოს ყველაფერი აწყობილი და იდეალურად დალაგებული გვაქვს. ასე ნამდვილად არაა, სამუშაო ძალიან ბევრია.

- "ტორპედოს", უახლოეს კვირაში 2 მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ქართული "კლასიკო" თბილისის "დინამოსთან" და იმერული დერბი თასზე "ზესტაფონთან".
- არ მინდა ამ თამაშების ირგვლივ, რაღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი შეიქმნას. ძალიან კარგად მესმის, რომ ქუთაისელი, ისევე როგორც თბილისის "დინამოს" გულშემატკივრები, განსაკუთრებულად ემზადებიან ამ თამაშისთვის. ეს ნორმალურია და სავსებით მისაღებია.
ჩვენთვის ამ თამაშს უპირატესად ის დანიშნულება აქვს, რაც შეიძლება სწორი გზა დავინახოთ, როგორ უნდა გააგრძელოს გუნდმა აღმშენებლობა. გვესმის, რომ "დინამოს სახით საქართველოს ერთ-ერთ ძლიერ გუნდს ვხვდებით. ამდენად, სწორედ ასეთ გუნდთან დაპირისპირებისას, მოჩანს სუსტი და ძლიერი მხარეები ყველაზე უკეთ.

დავასწრებ მოვლენებს და ანალოგიურის მოლოდინი გვაქვს "ზესტაფონთან" თასის თამაშისაგან. ძალიან სასიამოვნოა, როცა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფარგლებში ასეთ კარგ გუნდებთან გვიწევს თამაში. მხოლოდ ასეთ შეხვედრებში ხდება მომავლის გუნდის ჩამოყალიბება.

- იმის ფონზე, რომ დაძაბულობამ იმატა, შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, რომ წინა სეზონთან შედარებით ჩემპიონატის დონე ამაღლდა?
- მოგეხსენებათ, გათამაშების ფორმულა შეიცვალა და ვერ ვიტყვი, რომ ყველა ნიუანსი იქნა გათვალისწინებული. ამ მხრივ ჩემპიონატის ჩატარების სისტემის დამდგენთ სამუშაო ჯერ კიდევ აქვთ. თუმცა, ამის ფონზეც, ჯერ არ გამოკვეთილა ის გუნდი, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გასავარდნადაა განწირული. ასეთად ყველას მიაჩნდა ბოლნისის "სიონი", მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მანაც დააგროვა ქულები.
იმაში, რომ დაძაბულობამ იმატა, გეთანხმებით. დონეს რაც შეეხება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მოდით, ნუ ვიჩქარებთ და შედეგები მაშინ შევაჯამოთ, როცა დასრულდება ყველაფერი და უკან მოსახედად საკმარისი პერიოდი გვექნება.

- ეს უკან მოსახედი კი, ალბათ მაშინ იქნება, როცა მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით, ქართული გუნდები ევროტურნირებზე იასპარეზებენ.
- რა თქმა უნდა, ევროტურნირზე გუნდის თამაში მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩემპიონატის დონის ავკარგიანობას. იქ გარკვეული ეტაპების გადალახვა, პირველყოვლისა, შიდა ასპარეზში შექმნილ ფონზე მოქმედებს დადებითად. როგორც წესი, სწორედ ამის ხარჯზე მატულობს დაძაბულობა ეროვნულ ჩემპიონატსა თუ თასის გათამაშებაზე.

- ისევ "დინამოსთან" კვირის შეხვედრას მივუბრუნდეთ. მოგეხსენებათ, ეროვნულ სტადიონზე ბალახის საფარი გამოიცვალა და მეტოქე უკვე კარგა ხანია მატჩის ჩატარების ადგილზე ვარჯიშობს. ჩვენი გუნდი თბილისში თამაშამდე 3 დღით ადრე ჩავიდა და ხომ არ აპირებთ თამაშის წინა დღით მაინც მოითხოვოთ ეროვნულზე ვარჯიში?
- ასეთი რამ სასურველი კია, მაგრამ ვიდრე ინფრასტრუქტურა ისე არ მოწესრიგდება, რომ ყველა გუნდს ექნება მეტოქისთვის საკუთარი მინდვრის სავარჯიშოდ დათმობის საშუალება, მანამდე ალბათ ეს სისტემა ვერ ამუშავდება. ჩვენ თბილისში ხუთშაბათს საღამოს ჩამოვედით. გუნდი სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდა, ვარჯიში კი საგურამოს საწვრთნელ კომპლექსზე გვექნება 18 და 19 ნოემბერს.

- წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრებში.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული