- ბოლო დროს საქართველოს ჩემპიონატში ბევრი საინტერესო დაპირისპირებაა. მაგალითად, "ზესტაფონთან" ჩვენი შეხვედრები მაყურებლებში არანაკლებ ინტერესს იწვევს და იმერული დერბი ძალიან პრინციპული გახდა. თუმცა "ტორპედო"-"დინამო" მაინც გამორჩეულია და გულშემატკივრებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
იმედია, ხალხის მოლოდინს გავამართლებთ და ლამაზ და დაძაბულ თამაშს ვაჩვენებთ.
სხვათა შორის, ყოფილი დინამოელი კი ვარ, მაგრამ ამ კლუბის ფორმით "ტორპედოს" წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია, რადგან ჩემი
- ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებით?
- სხვათა შორის, არა, რადგან ყველა გუნდთან მოედანზე ერთნაირად მობილიზებულები გავდივართ. საფეხბურთო კანონია, მეტოქის დაუფასებლობის შემთხვევაში წაგება არ აგცდება. თუმცა "დინამოსთან" შეხვედრის წინ ამაზე ლაპარაკი ზედმეტიცაა, მეტოქე ძლიერია და ისედაც მობილიზებულები ვიქნებით.
ამ შემთხვევაში მთავარი იქნება განწყობა, მოედანზე ვინ როგორ გავა. ორივეს განსხვავებული სტიმული გვაქვს: "ტორპედომ" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, "დინამოს" კი, პირიქით, დიდი ხანია, არ მოუგია, მოტივირებული იქნება და ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას შეეცდება. ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზეა.
- განახლებულ ეროვნულ სტადიონზე ითამაშებთ და თქვენს განწყობაზე, ალბათ, ესეც იმოქმედებს.
- ეს "დინამოსთვის" იქნება დამატებითი სტიმული, რადგან, ფაქტობრივად, სტადიონი ხელახლა გაიხსნება - კარგი მინდორი, კარგი ატმოსფერო და პირდაპირი ტელერეპორტაჟი მართლაც ბევრს ნიშნავს. გავიგეთ, რომ ეროვნულ სტადიონზე საუკეთესო საფარი დააგეს და ეს ძალიან მახარებს. სულ ვამბობდი, რომ ხარისხიანი საფარი კარგი ფეხბურთის საწინდარია და მჯერა, მაყურებელს იმედებს გავუმართლებთ.
- ფსიქოლოგიურად "ტორპედო" უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან თქვენ პირველობას არ გთხოვენ, "დინამოსთვის" კი ყველა შედეგია ცუდია, ჩემპიონობის გარდა.
- ამაში გეთანხმებით. დანიშვნის შემდეგ გია გეგუჩაძემ თქვა კიდეც, რომ "ტორპედოს" მიზანი რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა, ამ მიზანს კი უკვე მივაღწიეთ. ასე რომ, "ეროვნულზე" ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლებმა უნდა ვითამაშოთ. მაგრამ "დინამო"-"ტორპედო" ისეთი მატჩია, შეუძლებელია, მღელვარება არ დაგეუფლოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"