მაგრამ მე-11 ტურიდან გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ბოლნისში ფრეს (2:2) შემდეგ ლანჩხუთში ფოთის "კოლხეთთან" მოულოდნელად 1:3 წააგო. მართალია, რუსთაველებმა ზუგდიდში "ბაია" 2:1 დაამარცხეს, მაგრამ მერე იყო საშინაო 1:1 "გაგრასთან", 14 ტურის შემდეგ კი რუსთაველები ლიდერ "ზესტაფონს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან და მხოლოდ მეხუთე ადგილზე არიან.
რა გახდა ამის მიზეზი? ეს კითხვა "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელ კობა
- ეს ჩავარდნა შემთხვევითი არ იყო. "მეტალურგს" ჩემს ხელში მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. ფეხბურთელებს ტესტირება რომ ჩავუტარეთ, ბიჭების კონდიციები არ მოგვეწონა. შემდეგ იყო ორი სანაკრებო პაუზა და ეს დრო მოთამაშეთა ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენეთ. მაგრამ მომზადებას სერიოზული საფუძველი თუ არ აქვს, მხოლოდ დროის ხანმოკლე მონაკვეთზე გეყოფა.
ასე თუ ისე, პირველი პერიოდი მაინც კარგად გავიარეთ, მაგრამ ხარვეზებმა მერე და მერე იჩინა თავი. ამას ფეხბურთელთა ტრავმებიც დაემატა. მოდებაძე კი დაგვიბრუნდა, მაგრამ საუკეთესო კონდიციებში ვერ არის, ტრავმირებული იყო და ვერ გვეხმარებოდა რეზო გეწაძე. ჭედიას ოჯახური ტრაგედია ჰქონდა და ისიც ვერ თამაშობდა.
ტრავმებმა თამაშიც აგვირია, ფლანგელები არ გვყავდა და ფეხბურთელთა მათთვის უჩვეულო პოზიციაზე დაყენება მოგვიხდა. არადა, მოთამაშე საუკეთესო თვისებებს თავის ამპლუაში ავლენს. მოკლედ, პრობლემებმა ერთად იჩინა თავი და, სამწუხაროდ, ლიდერობის შანსი ხელიდან ამიტომაც გავუშვით.
- გუნდი გადაღლილი ჩანს. ეს ევროთასზე გამოსვლის შედეგია?
- ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. თუმცა ფეხბურთელებს ზედმეტად არ ვტვირთავდით. ახლა შევეცდებით, ზამთრის შესვენებამდე დარჩენილი პერიოდი მინიმალური დანაკარგებით და მაქსიმალური შედეგით გავიაროთ და მეორე ეტაპისთვის სერიოზულად მოვეზადოთ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელთა მომზადების დონე გამოსასწორებელია, გარკვეული პოზიციები კი – მოსაღონიერებელი. აუცილებლად დაგვჭირდება ახალი მოთამაშეების დამატებაც.
- თქვენი სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ცვლილებებს უკვე გეგმავთ. ეს ცვლილებები რადიკალური იქნება?
- დიახ, ასე იქნება. "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მათ ორი სრული შემადგენლობა ჰყავთ, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გრძელი სათადარიგოთა სკამით ვერ დავიკვეხნით.
- გეწაძე ახსენეთ, ახლა როგორ არის?
- რეზო "გაგრასთან" ბოლო წუთებზე ვათამაშეთ, უკვე სრული დატვირთვითაც ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის. ამის მიუხედავად, მისი დიდი იმედი გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"