ბუბა ტყავაძე: "მეტალურგი" უნდა გაძლიერდეს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მეოთხე ადგილით დაასრულა, თუმცა ჯერჯერობით მეორე ადგილზეა იმ ცხრილში, რომლითაც რვა საუკეთესო გუნდი გაზაფხულიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაახლებს.

თუმცა, კლუბის მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე მოსამზადებელი და სატრანსფერო პერიოდის გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ "მეტალურგს" გაძლიერება სჭირდება.

- საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და, ბუნებრივია, "მეტალურგში" ცვლილებებს გეგმავთ. რაზე გაამახვილებთ ყურადღებას?
- შეტევაში მეტ მრავალფეროვნებას ვისურვებდი, ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთი არსებობს მაყურებლისთვის, რომელსაც უფრო მიმზიდველი თამაში უნდა შევთავაზოთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ რამდენიმე შეხვედრაში მაყურებელს სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

- "მიხეილ
მესხზე" თბილისის "დინამოსთან" შეხვედრას თუ გულისხმობთ, ეს მართლაც გამორჩეული მატჩი იყო და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მას მერე გუნდი არასტაბილურად თამაშობს.
- დიახ, ეს მატჩიც ვიგულისხმე, რადგან მაშინ დიდი მოტივაცია იყო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ შუა სეზონში ვითამაშეთ და ფეხბურთელებიც ჯანმრთელად იყვნენ.

- მერე გუნდი ასეთივე თავდაჯერებული აღარ იყო.
- იმიტომ, რომ ტრავმირებულები მოგვიმრავლდნენ, რამაც ძალიან შეგვაბრკოლა. ბოლოს, ფაქტობრივად, ოთხ წამყვან მოთამაშეს ვერ ვიყენებდით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა გუნდის უპირველესი პრობლემა - არ გვყავდა ფეხბურთელების სასურველი რაოდენობა. გუნდის გასაძლიერებლად, კონკურენციისა და საჭირო დროს ტრავმირებულთა სრულფასოვნად შესაცვლელად კი რაოდენობა აუცილებელია.

- ამასვე ამბობს მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი.
- ჩვენ მართლაც ერთი აზრისანი ვართ - გაძლიერება უეჭველად გვჭირდება. ჩვენ ეს შეგვიძლია და საამისოდ ფინანსურადაც მზად ვართ.

მოთამაშეების დამატება ჩვენი ეროვნული ჩემპიონატიდანაც გვსურს და უცხოელების ჩამოყვანაზეც ვფიქრობთ, ისინი კი კარგად უნდა შევამოწმოთ, რასაც შეკრებაზე ვაპირებთ.

მაგრამ არ გვინდა, მოთამაშეთა შემატება თვითმიზნური გამოგვივიდეს, მთავარია არა მხოლოდ რაოდენობა - ისეთი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ, რომლებიც "მეტალურგს" გააძლიერებენ. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სოლიდურ მენეჯერთან, რომელიც არა მხოლოდ პირად, არამედ კლუბისა და ფეხბურთელის ინტერესებსაც ითვალისწინებს. ბევრია, ვინც ცდილობს, მოთამაშე შემოგაპაროს, ან სარფიანი ვარიანტი გამოუჩნდება და შუა სეზონში სურს ვინმეს წაყვანა. უარესებიც ხდება და ეს ყველამ იცის. ასეთ არასერიოზულ ხალხთან ურთიერთობას არ ვაპირებ.

- შეკრებას სად გეგმავთ?
- მზადებას რუსთავში დავიწყებთ, შემდეგ კი თურქეთში გავემგზავრებით. უმჯობესი იქნება, პოტენციური ახალწვეულები ძლიერ მეტოქეებთან გამოვცადოთ.

- "ზესტაფონმა" რამდენიმე ფეხბურთელს უკვე გაუფორმა კონტრაქტი. თქვენ წინასწარ არავისთან შეთანხმებულხართ?
- როგორც ვიცი, ეს ფეხბურთელები "ზესტაფონს" ადრევე ჰყავდა შეგულებული. ჩვენ კონტრაქტი ჯერ არავისთან გაგვიფორმებია, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაწყებულია.

- მართალია, რომ ზაქარია ბეგლარიშვილის მიწვევას აპირებთ?
- ჩვენ ყველა გვაინტერესებს, ვინც კარგი ფეხბურთელია და "მეტალურგში" თამაში სურს. ბეგლარიშვილიც ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ფეხბურთელია.

- ცვლილებები მხოლოდ დამატებას არ უნდა გულისხმობდეს.
- ჩვენ ფეხბურთელებს თუ დავიმატებთ, თორემ გასაშვები არავინ გვყავს. სხვა საქმეა, ფეხბურთელს მართლაც საინტერესო წინადადებით თუ მიმართავენ.

- ვიცით, რომ მოთხოვნაა ეროვნული ნაკრების კანდიდატ ირაკლი მაისურაძეზე. რამდენად რეალურია მისი უცხოეთში წასვლა?
- მაისურაძეს "მეტალურგთან" კონტრაქტი აკავშირებს, ძალიან მომწონს მისი პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ვარჯიში იქნება ეს, თამაში თუ კლუბისადმი დამოკიდებულება. ირაკლი პატივს სცემს საერთო ინტერესს და თუ ვინმეს აქვს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის სურვილი, კლუბს უნდა დაელაპარაკოს. მაისურაძე ამ საქმეშიც პროფესიონალურად იქცევა და კლუბისგან მალულად მენეჯერებთან საქმეს არ იჭერს.

- "მეტალურგს" პოტენციალი აქვს, მაგრამ არასტაბილურად თამაშობდა. ასეთ დროს მთავარი სამიზნე მწვრთნელი ხდება – თქვენ კობა ჟორჟიკაშვილს ენდობით?
- მწვრთნელის ნდობა აუცილებელია, ჟორჟიკაშვილს ვენდობი და მგონია, რომ ერთად დიდხანს ვიმუშავებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული