გოჩა ტყებუჩავა: ისევ ბრძოლა და ახალი ხედვა

AutoSharing Option
ორი დღეა, ზუგდიდის "ბაიას" ახალი თავკაცი გოჩა ტყებუჩავა ზუგდიდშია და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ტყებუჩავას საკმაო გამოცდილება აქვს, იყო თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მცირე ხნით უმუშავია "ვიტ ჯორჯიასა" და თბილისის "ლოკომოტივში".

საერთოდ, ფეხბურთში ცოტა როდი უნახავს. უთამაშია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში - თბილისის "დინამოში", ლანჩხუთის "გურიასა" და მოსკოვის "დინამოში". ფეხბურთელის კარიერის ბოლო წლები ისრაელის სხვადასხვა გუნდში გაატარა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ზუგდიდში ჩასულ ტყებუჩავას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რა ვითარება დაგხვდათ "ბაიაში"?
- გუნდის ჩონჩხი უკვე
არსებობს, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა. ჩვენი სურვილია, "ბაიას" მეორე გუნდიდან დავაწინაუროთ პერსპექტიული ფეხბურთელები. უკვე შევიმუშავეთ სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადების გეგმა. სავარაუდოდ, "ბაიას" ბაზაზე გვექნება ათდღიანი შეკრება.

- ამჟამად რომელი ფეხბურთელის საკითხია გასარკვევი?
- ჯერ არ გადაწყვეტილა, წავა თუ დარჩება მეკარე გიორგი სომხიშვილი.

- რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდით. რას საქმიანობდით ესპანეთში?
- იქ დაახლოებით ორი წელი დავყავი, ალიკანტესთან ახლოს, ბენიდორმში ბავშთა მწვრთნელად ვმუშაობდი, რამაც გამოცდილება გამიმდიდრა. იქ ბევრი სიახლე შევითვისე, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხედვა მაქვს რამდენიმე საკითხზე და ვნახოთ, როგორ გადავიტანთ ამას მოედანზე.

- პირველი სამწვრთნელო გამოცდილება თბილისის "დინამოში" შეიძინეთ - უშეღავათო ბრძოლა, განსაკუთრებული აგრესია და ჟინი - ასე დაგვამახსოვრეთ თავი "დინამოს" მწვრთნელობისას. "ბაიაში" განსხავებული კონცეფციით მიხვედით?
- ბრძოლა "ბაიაშიც" განსაკუთრებული პირობა იქნება, გუნდის ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტების მხრივ კი რაღაც-რაღაცები შეიცვლება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის დავალების შესრულებასაც.

- თავდაპირველად რა სამუშაოებს გეგმავთ?
- პირველი ეტაპი გაცნობითი ხასიათისა იქნება. გუნდი "ბაიას" ბაზაზე ივარჯიშებს და ითამაშებს.

- ამის შემდეგ რაზე გააკეთებთ აქცენტს?
- ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბებაზე, ვფიქრობ, ზუგდიდელებს ეხერხებათ ასეთი თამაში.

- საქართველოდან ორი წლით იყავით წასული. რა ცვლილებებს ატყობთ ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს უწინდელთან შედარებით?
- მიმაჩნია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ზოგიერთი გუნდის მნიშვნელოვანი წინსვლა აშკარაა - "ზესტაფონი", "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი"...

ყველაფერი სწორ მენეჯმენტსა და ფინანსებზეა დამოკიდებული, ვისაც ეს სხვაზე უკეთესი აქვს, მოედანზე ჩანს, ასეთი გუნდები სხვებზე უფრო სწრაფ და სწორ ფეხბურთს თამაშობენ. არაერთ სტადიონზე დაიგო კარგი საფარი და გუნდებიც უკვე ერთი შეხებით ცდილობენ თამაშს - ესეც დადებითი ტენდენციაა. ძალიან გვინდა, რომ "ბაიაც" ასეთი გუნდი იყოს.

- ერთსაც გკითხავთ - ყველაზე სასარგებლო სამწვრთნელო გამოცდილება სად მიიღეთ?
- თბილისის "დინამოში" და ახალგაზრდულ ნაკრებში - ეს ძალიან ძვირფასი და ამავე დროს რთული პერიოდი გამოდგა ჩემთვის, ამ გუნდებში მუშაობისას დადებითი უფრო მეტი იყო.

- "ვიტ ჯორჯიაში" რა მოხდა, იქიდან მალევე რატომ წამოხვედით?
- იქაც მთელი სულითა და გულით ვმუშაობდი, უბრალოდ, მწვრთნელის კარიერაში ხდება ხოლმე, რომ რაღაც კარგად ვერ აეწყობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული