გორის "დილამ" მეტოქეები დაადგინა

AutoSharing Option
გორის "დილა"'საყოველთაო ყურადღების ცენტრშია: შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბს კარგად აფინანსებს, "დილას" ფული გაუჩნდა და, ცხადია, გორელებს გაძლიერების იმედი აქვთ.

გუნდში შეინარჩუნეს მოთამაშეთა ბირთვი, გაუშვეს ბევრიც და მიიწვიეს ახლებიც: "დილასთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს გიგა ბეჭვაიამ, ალექსანდრე ინწკირველმა, დავით მეგრელიშვილმა - ეს ოფიციალური ინფორმაციაა.

გორელებმა დაასრულეს მოლაპარაკება თბილისის "დინამოსთან" და შეთანხმდნენ, რომ "დილაში" იჯარით ითამაშებენ ირაკლი ლექვთაძე, შოთა კაშია და გიორგი გველესიანი.

"ლექვთაძე და კაშია უკვე ჩვენთან ვარჯიშობენ, მათ კონტრაქტებიც გააფორმეს. გიორგი გველესიანი ორი დღის წინ მათთან ერთად მოვიდა და ივარჯიშა
კიდეც, მაგრამ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია", - ამბობს "დილას" პრესატაშე ზურაბ კარტოზია.

"დილას" გაზრდილმა ამბიციამ უამრავი ჭორ-მართალი დაბადა. ვრცელდება ხმები, თითქოს მეორე წრეში თემურ მახარაძის გუნდში ითამაშებენ გიორგი კახელიშვილი ("დინამო"), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი"), რევაზ გეწაძე ("მეტალურგი"), ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა (ორივე - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა").

კარტოზიამ კომენტარი მხოლოდ ნიჟნინოვგოროდელებზე გააკეთა: "რამდენად რეალურია სალუქვაძისა და ხოჯავას ტრანსფერები, უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 18 იანვრამდე გვეცოდინება".

"დილაში" ვარჯიშობენ რევაზ ჯიქია, ბესიკ დეკანოიძე, ზვიად მეტრეველი (სამივე - ცხინვალის "სპარტაკი"), თორნიეკე შალიკაშვილი (მარტვილის "მერანი"), თომა ტაბატაძე ("დაუგავა"). მოლაპარაკებები მიმდინარეობს ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელ ირაკლი ეხვაისთან, მაგრამ მათი საკითხი არ გადაწყვეტილა.

"დილას" პრესატაშემ მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის გეგმები გაგვაცნო:

"გუნდი "ამერის" სტადიონზე ორჯერად ვარჯიშებს 22 იანვრამდე გააგრძელებს. თემურ მახარაძემ უკვე დაგეგმა საკონტროლო მატჩები. 23 იანვარს სელექცია დასრულდება, შერჩეული ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 24-ში ანთალიაში გავემგზავრებით. იქ ოთხ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ, საქართველოში კი 6 თებერვალს დავბრუნდებით".

"დილას" საკონტროლო მატჩების განრიგი თბილისში, "ამერის სტადიონზე
14 იანვარი - "სიონი", 16 - რევაზ ძოძუაშვილის აკადემია, 18 - "გაგრა", 20 - "მეტალურგი"

"დილას" საკონტროლო მატჩების განრიგი ანთალიაში
27 იანვარი - იაროსლავლის "შინიკი" (რუსეთი), 30 იანვარი - "გაზ მეთანი" (რუმინეთი), 2 თებერვალი - "იაბლონეცი" (ჩეხეთი), 5 თებერვალი - "ბატე" (ბელარუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული