ვალერი (ბაჩი) ბოლქვაძე ახლახან მივიდა ქუთაისის "ტორპედოში", მანამდე ბოლნისის "სიონში" და ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა, არადა, ყველაფერი "დინამო თბილისიდან" დაიწყო.
პლეიმეიკერებით ახლა ცოტა გუნდი თუ თამაშობს, ის ათი ნომრები, ვარსკვლავური ფეხბურთის დროიდან რომ გვახსოვს, თითქმის აღარ არიან. ბოლქვაძე კი სწორედ ასეთია. ის არ არის შავი
საერთოდაც, ბაჩი საინტერესო ადამიანი ჩანს. არ წაუკითხავს პო და შელი, მაგრამ პოეზია უყვარს და გულწრფელ ლექსებსაც წერს.
ბოლქვაძე ოზურგეთელია, იქაურ კლუბ "ბასაში" დაიწყო საფეხბურთო გზა. 14 წლის იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა, "დინამოს" აკადემიამ კემპი მოაწყო და ბაჩიც დაიტოვეს.
რამდენადაც დიდი ასპარეზია"დინამო", იმდენად ძნელია იქ ფეხის მოკიდება. ბოლქვაძე ნაბი-ნაბიჯ მიიწევდა წინ და, როცა დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა, მერე შეეშალა ხელი.
"კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტმა კარიერაში წინ ვეღარ წამწია. პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში პირველად მაშინ მოვხვდი, როცა "დინამოს" კახა ცხადაძე თავკაცობდა, მერე სხვა მწვრთნელები მოვიდნენ და რამდენჯერმე ვითამაშე კიდეც პირველ გუნდში. აღარ მინდა იმ კონფლიქტზე ლაპარაკი. ერთი კია, ვისაც ძალაუფლება აქვს, ყველაფერს ის წყვეტს", - ამბობს ბოლქვაძე.
ბაჩი უკვე ტორპედოელია და ძალიან საინტერესოა, შეაყვარებს თუ არა თავს ქუთაისელ ქომაგს, რიონისპირელებს ხომ განსაკუთრებით, თავისებურად უყვართ ფეხბურთი, იქ კარგად იციან ნიჭიერი ფეხბურთელის ფასი.
საინტერესოა ისიც, როგორ ჩაჯდება ბოლქვაძე გუნდის მწვრთნელის კონცეფციაში. გია გეგუჩაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზონების დროულად და სწორად შევსებას, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო მის გაწვრთნილ "ზესტაფონში" და, ესეც რომ არა, ზონების შევსება თანამედროვე ფეხბურთში საკვანძო ელემენტია.
"ყოფილა გამონაკლისები, საყრდენ ნახევარმცველად ან მარჯვენა შემტევად რომ მითამაშია, მაგრამ ძალიან მომწონს გამთამაშებლობა და უმეტესად ამ პოზიციაზე ვთამაშობ".
"ტორპედოში" მისვლა მისთვის გადამწყვეტი ეტაპია. ის 23 წლისაა და ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს.
"ეს ჩემთვის ბოლო შანსია დიდ ფეხბურთში მოსახვედრად, "ტორპედო" საამისო ტრამპლინია, ამ კლუბში ყველა პირობაა წინსვლისთვის", - იმედიანადაა ქუთაისელთა ახალწვეული.
მან კარგად იცის, ბურთი როგორ შეინარჩუნოს, როგორ გადააწოდოს თანაგუნდელს, როდის გააკეთოს პასი წინ და იყოს გამორჩეული მოედანზე.
"სწორი პასი წინ - ამის გაკეთება განსაკუთრებულად მიყვარს, სულ ბურთს ვითხოვ, სულ იმას ვცდილობ, თამაშში ვიყო ჩართული".
ბოლქვაძეს ბევრი უნახავს, მისი კონფლიქტი "დინამოს" ადრინდელ ხელმძღვანელობასთან თუ ძველი ამბავია, ბაჩის გასახსენებელი ახალიც აქვს.
"საქართველოს უმღლესი ლიგის გუნდს თამაშის წინ იპოდრომზე "ფიშკებით" უვარჯიშია. ძნელია, როცა ასე ემზადები მატჩისთვის".
ბოლქვაძე ჯერაც მზარდი ფეხბურთელია, იპოდრომი და "ფიშკები" უკან მოტოვებული საქმეა, ახლა სხვა გამოწვევის ჯერია - ბაჩის საკუთარი თავი აქვს შესაქმნელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"