გოჩა ხოჯავა: გორის ”დილა” ევროპის ლიგაზე უნდა გავიყვანო

AutoSharing Option
გორის "დილა" ისეთ მადაზე მოვიდა, რუსულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა დაიმატა. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

- სიმართლე გითხრა, თავიდან ვერც ვიჯერებდი, რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი "დილაში" თამაშს თუ დაყაბულდებოდი.
- ეს ყველაფერი "ვოლგას" "დამსახურებაა". გუნდმა მე, გოგიტია გოგუას და ლაშა სალუქვაძეს კონტრაქტის გაწყვეტა შემოგვთავაზა, დეკემბერში დავალიანებას გაგისტუმრებთ და თავისუფალი აგენტები გახდებითო. გავიკვირვე, ტრავმირებული ვარ და ასეთ მდგომარეობაში ვინ ამიყვანს, თუ ასე გსურთ, მკურნალობის ხარჯი გადაიხადეთ, გუნდში ფორმის აღდგენის
საშუალება მომეცით და მერე ჩემს გზას ვიპოვი-მეთქი.

ჯერ დამთანხმდნენ, მაგრამ მერე დავალიანება მაინც არ გამისტუმრეს და მივხვდი, მათთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.

საბოლოოდ, თავისუფალი აგენტი გავხდი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა "დილა", თანაც, მალე ამ კლუბის გენერალური დირექტორი ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი გახდება. მამუკამ მთხოვა, ექვსი თვით მოგვეხმარე, "დილა" ევროპის ლიგაზე გავიყვანოთო. სიამოვნებით, საქართველო მომენატრა და რატომაც არა, ვითამაშებ.

- რუსეთში შემოთავაზება არ გქონია?
- არაერთი კლუბი მიწვევდა, მოსკოვის "დინამო", "ტერეკი", "ამკარი", "ალანია"... მოლაპარაკებების შემდეგ შევთანხმდით, რომ ევროპის ლიგის მატჩები დასრულდება თუ არა, "ალანიაში" ვითამაშებ.

- თბილისის "დინამო" არ გიწვევდა?
- ამაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ იმ დროს "ვოლგასთან" ურთიერთობა გარკვეული არ მქონდა და რუსეთიდან წამოსვლაზეც არ ვფიქრობდი. ვითარება მერე შეიცვალა, როდესაც ვერ შევთანხმდით და "დილაში" თამაში შემომთავაზეს.

- შენთან ერთად "დილაში" სალუქვაძესაც ვიხილავთ?
- ლაშაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დიდი შანსია, "დილაში" ზურაბ არზიანმა ითამაშოს.

- ტრავმა აღარ გაწუხებს?
- მოვჯობინდი და დღეს "დილასთან" ერთად ვივარჯიშე. ხუთი თვეა, არ მივარჯიშია, მაგრამ ანთალიაში მოვემზადები და სეზონის დაწყებამდე ფორმას აღვიდგენ.

- კონტრაქტს როდის გააფორმებ?
- პირობებზე დავილაპარაკებთ და კონტრაქტს თურქეთში გავაფორმებთ.

- ზუსტი პასუხი არავის უთქვამს, "ვოლგამ" ქართველების მიმართ დამოკიდებულება რატომ შეიცვალა?
- ეს ყველაფერი დმიტრი ჩერიშევის "კაი კაცობის" ბრალია. იმიტომ კი არ აგვითვალწუნა, რომ ვერ ვთამაშობდით, არამედ იმიტომ, რომ თავისი ფეხბურთელები მოეყვანა, თორემ რუსეთში ვერავინ იტყვის, რომ გოგუა, სალუქვაძე და ხოჯავა პრემიერლიგაში თამაშს არ იმსახურებდნენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული