ნიკა ფირცხალავა: "ზესტაფონს" "ტორპედო" გია გეგუჩაძის გამო ვამჯობინე

AutoSharing Option
საქართველო "ელ კლასიკოს" მსგავსი დაპირისპირებებითა და დიდი ქალაქური დერბებით განებივრებული არ ყოფილა. გამონაკლისი თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრები იყო. ულხინდათ თუ უჭირდათ, ამ გუნდების მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.

ბოლო დროს კი ასეთი დაპირისპირებების რაოდენობა გაიზარდა და ასეთთა რანგში შეიძლება განვიხილოთ "ტორპედო"-"ზესტაფონისა" და "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩებიც.

მოთამაშის კონკურენტ გუნდში გადასვლა ყოველთვის მძაფრ რეაქციას იწვევს, განსაკუთრებით ბოლო დროს. გავიხსენოთ ზესტაფონელი ირაკლი ძარიას ტრანსფერი თბილისის "დინამოში", რამაც იმერული კლუბის ფანების განრისხება გამოიწვია.

ამ მხრივ ნიკა ფირცხალავას ტრანსფერი იშვიათი გამონაკლისი იყო: თბილისის "დინამოს"
ყოფილი კაპიტნის ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლაზე "დინამოს" ფანების რეაქცია ძალიან თბილი და ადამიანური გამოდგა, ნიკას წარმატებები უსურვეს და მის წასვლაზე გული დასწყდათ.

მისი "ადგილნაცვლობის" მიზეზი კი ყველასთვის ნათელი იყო: ნიკას ალექს გარსია არ ენდობოდა და სკამზე ჯდომას ვერ შეეგუებოდა.

ნიკასთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.

- "დინამო" და "ტორპედო" პრინციპული მეტოქეები არიან და კონკურენტ გუნდში გადასვლა იოლი გადასაწყვეტი არ იქნებოდა.
- რასაკვირველია, ადვილი არ იყო, უპირველესად, "დინამოდან" წამოსვლა გამიძნელდა. ამ გუნდში გავიზარდე და ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემი განვითარებისთვის ასე აჯობებდა. თანაც, სასიამოვნოა, საქართველოში გამორჩეული მწვრთნელი გია გეგუჩაძე რომ გიწვევს.

- როგორც ვიცი, "ზესტაფონიც" გიწვევდა.
- შეთავაზება მართლაც იყო. "ზესტაფონი" მშვენიერი გუნდია და კარგი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ "ტორპედო" ვამჯობინე - გადამწყვეტი გეგუჩაძის ფაქტორი იყო.

- მთავარი და მოულოდნელი ის იყო, რომ შენს ამ ნაბიჯს "გლადიატორების" არა განრისხება, არამედ სინანული მოჰყვა და თბილად გაგაცილეს.
- მათგან ყოველთვის ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს და მეც ყოველთვის მეყვარება ისინი. მათ გუნდის თანადგომა ყველაზე მძიმე მომენტებში იციან, რაც ძალიან დასაფასებელია.

- ასე მგონია, "დინამოში" უთამაშებლობა საკუთარი ძალების რწმენას შეგირყევდა.
- სამწუხაროდ, ეს უთამაშებლობის თანმდევი სენია და მეც დამემართა.

- ახლა "ტორპედოში" მოგიწევს იმის დამტკიცება, რომ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ იყავი.
- მაგრამ ამას გავაკეთებ არა "დინამოს" ჯიბრზე, არამედ იმიტომ, რომ განვვითარდე როგორც ფეხბურთელი. დიდი ხანია, არ მითამაშია და, ფაქტობრივად, კარიერას თავიდან ვიწყებ. მართლაც ბევრი მაქვს დასამტკიცებელი და ამას ამ სეზონშივე შევეცდები.

- "ტორპედომ" შენი ტრანსფერი გამოისყიდა?
- არა, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ კონკურენციის შეგეშინდა ზესტაფონში ? :):)
kapo
18:20 20-01-2012
0
დზარია არაკაცია
irina
17:17 20-01-2012
0

სიახლეები პოპულარული