რას ეტყვის დინამო მუჯირს?

AutoSharing Option
ახალი სეზონის დაწყებამდე საქართველოს ჩემპიონატში უცხოეთის სხვადასხვა კლუბებიდან არაერთი ფეხბურთელი დაბრუნდა; თუმცა, ყველაზე "ხმაურიანი დაბრუნება" თურმე წინ გველოდა - უკვე მეორე დღეა თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 32 წლის დავით მუჯირი! დანამდვილებით იმის თქმა, რომ მუჯირი თავის კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს, ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის.

ყოველ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, ერთდროულად რამდენიმე მხარე დარჩება მოგებული: "დინამო" უაღრესად გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს, გუნდის შემტევი პოტენციალის გაძლიერება რომ ხელეწიფება; თვითონ მოთამაშისათვისაც სასარგებლო იქნება სათამაშო პრაქტიკის მიღება - მოსკოვის
"ლოკომოტივიდან" წამოსვლის მერე მუჯირი ხომ უგუნდოდ იყო; ამას გარდა, საერთოდ ჩვენი ჩემპიონატისათვის უთუოდ დიდი შენაძენი იქნება ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენა - "მუმუს" ხომ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა.

"დინამოს" პოტენციურ და სახელოვან ახალწვეულზე უფრო დაწვრილებით "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვისაუბრებთ; მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოში" უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ტიტულების მომგებ (1994-1998 წლებში) მუჯირს მართლაც ჩინებული უცხოური კარიერა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში სადაც კი უთამაშია, ყველგან და ყოველთვიის იმ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ: მოლდოვურ "შერიფში", ავსტრიულ "შტურმში", რუსეთის "კრილია სოვეტოვში"; მუჯირის ბოლო გუნდი კი მოსკოვის "ლოკომოტივი" იყო, საიდანაც ქართველი ფეხბურთელი, ცოტა არ იყოს, სკანდალურად წამოვიდა. უფრო ზუსტად, რუსული კლუბის ხელმძღვანელობა დავით მუჯირს აშკარად უსამართლოდ მოექცა და კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული