კობა ჟორჟიკაშვილი: გავძლიერდით, რადგან შემადგენლობა შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
კობა ჟორჟიკაშვილი და მის გაწვრთნილები ანთალიური შეკრებიდან დაბრუნდნენ. რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს მოსამზადებელი ეტაპის შეჯამება ვთხოვეთ.

- შეკრება დასრულდა, სეზონი მალე განახლდება და საინტერესოა, მოსამზადებელ ეტაპს როგორ შეაფასებდით?
- ძალიან კარგი შეკრება იყო, რადგან ცუდად არ დაგვიგეგმავს, ტრავმებსაც გადავურჩით და ძალიან სასარგებლო სამუშაოებიც ჩავატარეთ. შევინარჩუნეთ სტაბილური შემადგენლობა, დავიმატეთ თექთურმანიძე, სიხარულიძე, ოთარიშვილი და ხოხონიშვილი, რომლებმაც თავი ურიგოდ არ წარმოაჩინეს და ვფიქრობ, გუნდში კონკურენციას გაზრდიან.

მომზადების ეტაპები ისე დავგეგმეთ, რომ რუსთავში ფუნქციონალური მდგომარეობა და ფიზიკური კონდიციები გაგვეუმჯობესებინა, თურქეთში კი გუნდი სათამაშო რეჟიმზე
გადაერთო და დავხვეწეთ ტაქტიკური და სათამაშო ელემენტები, შეტევითი და დაცვითი ფუნქციები და სხვა.

- საკონტროლო მატჩებში რა შთაბეჭდილება დაგრჩათ გუნდის მდგომარეობაზე, რა არის გამოსასწორებელი?
- ყურადღება იმას მივაქციეთ, რომ ბურთის ფლობით ყველა მეტოქეს ვჯობდით, მაგრამ შეტევაში სათანადოდ ეფექტურები არ ვიყავით, დროისა და სივრცის ათვისება გვიჭირდა. განსაკუთრებით ჩინურ კლუბ "ტიანჯინ ტედას" ვაჯობეთ და უნდა მოგვეგო, მაგრამ 0:0 დავასრულეთ. კარგად გამოვიყურებოდით ტირასპოლის "შერიფთანაც", მოგებაც შეგვეძლო, წასაგები არ იყო "ასტანასთანაც" (0:1). მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვიჭირდა და ამ მიმართულებით გვჭირდება მუშაობა.

- გოლებს შემსრულებლები იტანენ, "მეტალურგს" კი საქართველოს პირობებში საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელები ჰყავს.
- გეთანხმებით, მაგრამ შეკრებაზე სხვადასხვა სტილისა და ქვეყნის გუნდებს შევხდით და ნაკლოვანებებიც გამოჩნდა. ანუ, აქედან დასკვნა: "მეტალურგს" პოტენციალი აქვს, მაგრამ მისი ათვისებაა საჭირო და ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. იმედია, ამას ჩემპიონატის მსვლელობისას მოვახერხებთ.

- ამბობენ, ანთალიური კომფორტის შემდეგ ფეხბურთელებს საქართველოში ვარჯიში არ ეხალისებათ.
- ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი უდავოდ არსებობს. მშვენიერ სასტუმროში დავბინავდით, სადაც იყო 10 მოედანი და ყველანაირი მოსამზადებელი გარემო. გასაგებია, რომ საქართველოში ანთალიური პირობები არ არის, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს პირადი მოტივაცია, სტიმული და აქაურ პირობებშიც ხალისით ივარჯიშებენ. აქაურ მოედნებზე ვარჯიშობდნენ ის ქართველი ბიჭები, რომლებიც ახლა ევროპის, რუსეთისა და უკრაინის ცნობილ კლუბებში თამაშობენ.

სხვათა შორის, ბიჭებს დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ გუნდის გაძლიერების გზა თითოეული მათგანის განვითარებაც არის. გარდა საერთო გუნდური ვარჯიშებისა, თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული ზრდითა და უცხოეთში ძლიერ ლიგაში მოხვედრით. მაგალითად, ჩინურ კლუბში საშუალო ხელფასი 20 ათასი დოლარია.

უნდათ მაღალ დონეზე თამაში და უზრუნველი ცხოვრება? მოინდომონ და აჯობონ საკუთარ თავს. მოთამაშეთა და გუნდის ინტერესები სწორედ აქ იკვეთება: ითამაშებენ კარგად? ამით გუნდიც გაძლიერდება და თითოეულ მათგანსაც მეტ ყურადღებას მიაქცევენ.

სხვაგვარად, არც "მეტალურგი" იქნება ლიდერებში და მათაც არავინ დააფასებს. ვფიქრობ, ბიჭებს ეს ჩემზე არანაკლებად აქვთ გააზრებული. ჩვენი მეტოქეების სხვა გუნდებთან ჩატარებული მატჩების შედეგებიც იცოდნენ და ბიჭები მიხვდნენ, რომ არავიზე ნაკლებნი არ არიან, ეს არის სწორედ მათი სტიმული.

- მომზადებას რუსთავში აგრძელებთ?
- ვცდილობთ, მაგრამ დიდთოვლობა სავარჯიშო პროცესს ხელს უშლის. ახლა მთავარია, რამენაირად თურქეთში აღებული ტემპი შევინარჩუნოთ.

- გეწაძე და მოდებაძე გუნდს ტრავმების დაუბრუნდნენ, მაგრამ ამჟამად რა მდგომარეობაში არიან?
- საბედნიეროდ, მათ თურქეთში ბოლო სამი დღე ივარჯიშეს. ექიმების პროგნოზიც დამაიმედებელია, რომ მალე სრულად დაიტვირთებიან. ანთალიაშიც იმიტომ წავიყვანეთ, რომ ჩვენი ზედამხედველობით და გუნდთან ერთად უფრო ეფექტურად ივარჯიშებდნენ. თბილისში ინდივიდუალურად მომზადება გაუჭIრდებოდათ.

- ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე თქვენს კონკურენტებში მომხდარ ცვლილებებს თვალს გადაავლებდით. ამის გათვალისწინებით, რა მიზნებისთვის ბრძოლა იქნება "მეტალურგისთვის" რეალური?
- რა თქმა უნდა, მეტოქეები ერთმანეთის მზადებასა და ცვლილებებს თვალყურს ვადევნებთ და ვაანალიზებთ, ვინ რა დონეზე არის. მაგრამ მიმაჩნია, რომ "მეტალურგი" არავისზე ნაკლებად არ გაძლიერდა.

- ბევრი მოთამაშე არ დაგიმატებიათ და რას გულისხმობთ?!
- ჩვენ არ ჩამოგვიყვანია "ცნობილი სახეები", მაგრამ თუნდაც იმით გავძლიერდით, რომ შემადგენლობა შევინარჩუნეთ, სტაბილურობა კი წარმატების საწინდარია. სამწუხაროდ, ამას საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ, არადა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მეორე ფაქტორი უკვე ვახსენე, ეს მოთამაშეებში არსებული რეზერვია, რომელიც უკეთ უნდა გამოვიყენოთ. სახელი ფეხბურთში ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო სახელის წარმოჩენა.

ასე რომ, იმედი მაქვს, საგაზაფხულო ეტაპიდან "მეტალურგი" უკეთესი გუნდი იქნება, ვიდრე შემოდგომაზე იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული