"სიონის" გასაჭირი უსახსრობით იყო გამოწვეული, ახლა კი კლუბს დაფინანსება გამოუჩნდა და შესაბამისად იმის შანსიც, რომ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეს. კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებს სახსრებს.
სეზონის დაწყების წინ გუნდს ხვიჩა ქასრაშვილი თავკაცობდა, თუმცა როცა გაირკვა, რომ გუნდი ფაქტობრივად უპატრონოდ იყო დარჩენილი, ქასრაშვილის და "სიონის" გზები გაიყარა. საშუასეზონო პერიოდში კი ეს სპეციალისტი
- რამდენად კმაყოფილი ხართ მოსამზადებელი პერიოდით?
- უკეთესადაც შეიძლებოდა მომზადება, უამინდობას რომ არ შეეშალა ხელი. თბილისში ათდღიანი შეკრება გავიარეთ, სასტუმრო "ბატესტაში" ვიყავით და 35-ე სკოლის მოედანზე, "მარაკანაზე" ვვარჯიშობდით დღეში ორჯერ. ვითამაშეთ ექვსი საკონტროლო მატჩი, ორჯერ "მერანთან", ერთხელ "სპარტაკთან", ორჯერ პირველი ლიგის "ზოოვეტთან" და ერთხელაც "ნორჩი დინამოელთან". საერთო ჯამში, ურიგოდ მომზადებულები ნამდვილად არ ვართ.
- "სიონიდან" არაერთი ფეხბურთელი წავიდა პირველი ეტაპის შემდეგ, მათ შორის ორმა ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა, თუმცა გიორგი რეხვიაშვილმა და გიორგი ქუცურუამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს.
- რეხვიაშვილი უკვე დაბრუნდა "სიონში", რაც შეეხება ქუცურუას, მისი საკითხი მალევე გაირკვევა, სავარაუდოდ, ისიც ჩვენთან ითამაშებს.
- "სიონის" ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?
- ჩიკვილაძე და დავით ბოლქვაძე "ტორპედოდან" დავიმატეთ და ისინი უდაოდ გააძლიერებენ "სიონს". რა თქმა უნდა, სხვა ახალწვეულებისაც დიდად გვეიმედება: "დილადან" მეტრეველი, გველესიანი და ჯოჯუა მოვიდნენ, "ზესტაფონიდან" ვინათხოვრეთ ჭანკოტაძე და ლომია,"სიონშია" გამოცდილი ქემოკლიძეც, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი არ უთამაშია. ვფიქრობ, ჩვენ ხელთ არსებული კონტინგენტით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.
- კონტინგენტის გაძლიერება კი მყარი ბიუჯეტითაა შესაძლებელი.
- მასეა, გვთხრეს, რომ მაისის ბოლომდე სტაბილური დაფინანსება გვექნება.
- სეზონის მერე ამ მხრივ რა ვითარება იქნება?
- ვერ გეტყვით, ვნახოთ...
- "სიონის" ამოცანა კი უმაღლეს ლიგაში დარჩენა უნდა იყოს.
- ყველა დარჩენილი თამაშიც რომ მოვიგოთ, რვა საუკეთესო გუნდში მაინც ვერ მოვხდებით. მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
- ქვედა რვა გუნდში პირველლიგელებიც იქნებიან. კარგად იცნობთ სავარაუდო მეტოქეებს?
- "გურიას" და "ჩიხურას" მეტ-ნაკლებად ვიცნობ, დანარჩენებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაც ჩვენთვის რეალურია, თუმცა ამ ამოცანის შესრულება ადვილი ნამდვილად არ იქნება.
- შეკრება, კონტინგენტის გაძლიერება და დაფინანსება - არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- რა თქმა უნდა, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოლო დროს "სიონის" საშინაო მატჩებზე ბევრი ქომაგი არ დადიოდა, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია - გუნდი წარმატებულდ რომ ათამაშდება, გულშემატკივართა რაოდენობაც გაიზრდება.
- მერამდენედ დაინიშნეთ "სიონის" მთავარ მწვრთნელად?
- მეხუთედ და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბოლნისელი ვარ. მწვრთნელი ვარ და სადაც მიმიწვევენ, იქ მივდივარ, ასეთია ჩვენი პროფესია.
- "სიონის" კაპიტანი ვინ იქნება?
- ამ საკითხს მწვრთნელი წყვეტს და ვფიქრობ, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ გუნდის კაპიტანი შეიცვალოს - სამკლავური დავით სვანიძეს დარჩება.
- ფაქტია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო დროს ბევრი სენსაცია ხდება, შედეგის პროგნოზირება უფრო ძნელი გახდა. როგორ ატყობთ, "სიონს" შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება?
- წინასწარ თქმა არ მიყვარს, თუმცა სიურპრიზები ალბათ იქნება. ჩვენ უკვე შეგვწევს იმის ძალა, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ასე იქნება 19 თებერვალს მარტვილის "მერანთანაც".
- სეზონი რომ განახლდება, სად ივარჯიშებს "სიონი"?
- ახლა ბოლნისშიც თოვლია და ჯერჯერობით თბილისში ვემზადებით. გვინდა, რომ სეზონის განახლებისთანავე ბოლნისში ვივარჯიშოთ, იქ მოედანს კარგად უვლიან და იმედია, ხელს არაფერი შეგვიშლის. ყველა გვერდში გვიდგას და უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"