უმაღლესი ლიგის XX ტურის წინათქმა: ხანგრძლივი ლოდინის დასასრული

AutoSharing Option
ორთვიანი პაუზის შემდეგ 19 თებერვალს უმაღლესი ლიგა განახლდება. შეგახსენებთ, სეზონის მეორე ნახევარი 14 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დიდთოვლობამ მე-19 ტური 22 თებერვლისთვის გადაიტანა.

ცუდმა კლიმატურმა პირობებმა ჩემპიონატს ამ ტურზეც დაასვა დაღი - ბუნებრივსაფარიან მოედანთა დიდი ნაწილი კვლავ თოვლითაა დაფარული, ამას ისიც დაუმატეთ, რომ რამდენიმე უმაღლესლიგელს საშინაო არენის საკითხი ბოლომდე ვერ მოუგვარებია და ყოველივე ამის გამო, უმაღლეს ლიგაში "დებიუტი" ექნებათ "ბენდელასა" და "მარაკანას" მოედნებს, "შატილს" კი, სადაც შარშან საშინაო მატჩებს "ვიტ ჯორჯია" ატარებდა, დიდი ფეხბურთი მიმდინარე სეზონში პირველად ესტუმრება.

იმედი ვიქონიოთ,
რომ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მოედნებს ჩვენი უმაღლესი ლიგა მცირე ხნით შეეკედლება და სულ მალე სტადიონების პრობლემა, რომელიც დღეს ასე მწვავედ დგას, ნაკლებად შეგვაწუხებს.

მეტალურგი-დინამო
19.02. რუსთავი. ფოლადი. 14:00
ტურის ცენტრალური მატჩი რუსთავის "ფოლადზე" გაიმართება, სადაც "დინამო" ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქეს ესტუმრება. "მეტალურგმა" საქართველოს ჩემპიონები ამ სეზონშიც გაამწარა - პირველ წრეში "მიხეილ მესხზე" ალექს გარსიას გუნდი 3:2 დაამარცხა. "დინამო" რევანშისთვის უკვე გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით იბრძოლებს.

როგორც იცით, დედაქალაქელებს საკადრო პრობლემები მრავლად აქვთ, რუსთაველები კი ამ მხრივ გაცილებით კომფორტულ მდგომარეობაში არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს, რუსთავში ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია.

გაგრა-ზესტაფონი
19.02. თბილისი. შატილი (თექმა) 14:00
ერთპიროვნული ლიდერი "ზესტაფონი" "გაგრას" სტუმრობს და რაკი საქართველოს თასის მფლობელს ზედა რვა გუნდში მოხვედრის შანსი აქვს, ჩემპიონები ვალდებულნი არიან, გამარჯვებისთვის იბრძოლონ. როგორც იცით, "ზესტაფონი" ხვალ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს.

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
19.02. ფოთი. ფაზისი. 14:00
ძალიან პრინციპულია "კოლხეთისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდება, თუმცა თუკი ვეტერინარებისთვის ფრეც არ იქნება კატასტროფული შედეგი, ფოთელებს მხოლოდ სამი ქულა აძლევთ ხელს.

სპარტაკი-ტორპედო
19.02. თბილისი. ბენდელა 14:00
განახლებული "ტორპედო" "სპარტაკს" თბილისში შეებრძოლება და იმისთვის, რომ "ზესტაფონს" ძალიან არ ჩამორჩეს, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. თავის მხრივ, გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებათ სპარტაკელებსაც. ასე რომ, ეს შეხვედრა ტურში ერთ-ერთი საინტერესო უნდა გამოდგეს.

ბაია-დილა
19.02. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 14:00
"ბაიას" რვა საუკეთესოში დამკვიდრებამდე ბევრი აღარაფერი აშორებს, მაგრამ ქულათა მარაგის შევსება მასაც სჭირდება. ეს კი მნიშვნელოვნად გაძლიერებულ "დილასთან" ძალიან რთული იქნება. გორელებს ისეთი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვთ, რომ თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებთ.

სიონი-მერანი
19.02. თბილისი. 35-ე სკოლა (მარაკანა). 14:00
ერთადერთი მატჩი, სადაც მოტივაცია არც მასპინძლებს აქვთ და არც სტუმრებს, "სიონი"-"მერანია". ჩემპიონატის ფორმატიდან და ქულათა დათვლის სისტემიდან გამომდინარე, შეხვედრის შედეგი ბოლნისელთათვისაც და მარტვილელთათვისაც აბსოლუტურად სულ ერთია. ასე რომ, "სიონსა" და "მერანს" ერთი კარგი სპარინგი გამოუვათ.

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 18 13 3 2 37-15 42
2.ტორპედო 18 12 2 4 26-13 38
3.დინამო 18 10 3 5 34-22 33
4.მეტალურგი 18 8 6 4 21-18 30
5.მერანი 18 9 2 7 22-21 29
6.ბაია 18 7 3 8 19-20 24
7.ვიტ ჯორჯია 18 6 5 7 21-22 23
8.გაგრა 18 6 3 9 18-23 21
9.სპარტაკი 18 5 4 9 16-25 19
10.დილა 18 5 3 10 23-25 18
11.კოლხეთი 18 4 6 8 15-24 18
12.სიონი 18 1 4 13 11-35 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული