სპარტაკი-ტორპედო 2:0 - ცხინვალელთა დამსახურებული გამარჯვება

AutoSharing Option
19.02. თბილისი. "ბენდელა". 500 მაყურებელი
სპარტაკი-ტორპედო 2:0
1:0 ჩაფიძე (14), 2:0 მელქაძე (33. ჩაფიძის პასით).

სპარტაკი ტორპედო
(4-2-3-1) 4-2-3-1
ნადირაძე მიგინეიშვილი
ჭაფოძე რიგვავა
ორბელაძე კვახაძე
ლომაია ფარულავა
ნ. მაისურაძე ლემონჯავა
თ. შონია გ. დათუნაიშვილი
ჩივაძე დიღმელაშვილი
გაბაშვილი დოლიძე
ვ. კილასონია თარხნიშვილი
ჩაფიძე საბანაძე
ლ. მელქაძე გოცირიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ. ხაჩიძე გ. გეგუჩაძე

სპარტაკი
61. გაბაშვილი - შარაშენიძე
80. ჩაფიძე - სამხარაძე
87. ჩივაძე - მ. ჯიშკარიანი
სათადარიგოები: ძაგანია, ტეტუნაშვილი, ბურძენაძე, გიორგი გურეშიძე

ტორპედო
46. საბანაძე - ფეიქრიშვილი
56. თარხნიშვილი - კუხიანიძე.
65. დოლიძე - იოსელიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, გამეზარდაშვილი, ფირცხალავა.
გაფრთხილება: მაისურაძე (69).
არბიტრი: ლ.
კვარაცხელია (ზუგდიდი)

ტრადიციულად, საგაზაფხულო ეტაპს "სპარტაკი" განახლებული შემადგენლობით შეხვდა: ზამთრის შესვენებას ცხინვალელებმა უამრავი მოთამაშე გაუშვეს და 10 ახალი დაიმატეს. "ტორპედომ" ხუთი ვეტერანი გაუშვა, ხმაურიანი ტრანსფერებით კი თავი არ გამოუჩენია, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ აქცენტი ნიჭიერი ახალგაზრდებზე გააკეთა.

"ასე სუსტი თამაში დიდი ხანია არ მინახავს. დღეს როგორი არეული ამინდიც იყო, ასეთი არეული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ამან გვაჩვენა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს", - თქვა მატჩის შემდეგ გეგუჩაძემ. მართლაც, სტუმართა თამაშში ბევრი ხარვეზი იყო.

ქარიან ამინდსა და სიცივეში ახალგაზრდულმა "სპარტაკმა" მეტოქეზე მეტი მონდომებითა და ჟინით ითამაშა, ამინდის და დროის გათვალისწინებით კი, ვოვა ხაჩიძის გაწვრთნილებმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგი ფეხბურთიც აჩვენეს.

ყველაფერი კი მე-14 წუთზე "ტორპედოს" მცველის შეცდომით დაიწყო: თემურ ფარულავა საჯარიმოს მისადგომებთან შეცდა, ბურთი ლაშა ჩაფიძემ ჩაიგდო, საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი გასროლით ბადე შეარხია - 1:0.

"სპარტაკის" კაპიტანი თემურ შონია, რომელიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს, 21-ე წუთზე შორეული დარტყმით შეეცადა ანგარიშის გაზრდას - სტუმარები მეკარე ომარ მიგინეიშვილმა იხსნა.

25-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური გაითამაშეს, კარში ისევ შონია არტყამდა - ამჯერად ბურთი ძელს მოხვდა.

"ტორპედო" მხოლოდ ამის მერე გამოფხიზლდა: 26-ე წუთზე ქუთაისელების შეტევას გიორგი დათუნაიშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით ასრულებდა, მაგრამ მეკარე გიორგი ნადირაძეს ვერ აჯობა.

31-ე წუთზე დათა რიგვავას ფლანგური გარღვევის შემდეგ "სპარტაკის" კარს რევაზ გოცირიძე დაემუქრა - მისი თავური კარს აცდა.

33-ე წუთზე კი ცხინვალელებმა მეორეც გაიტანეს: მარჯვენა ფლანგზე გადაადგილებულმა ლაშა ჩაფიძემ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, "ტორპედოს" მცველთა "ჩაძინებით" კი ლევან მელქაძემ ისარგებლა და თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა - 2:0.

ქუთაისელებმა მთელი მეორე ტაიმი შეტევებში გაატარეს, მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ: შედარებით მწვავე გამოდგა 65-ე წუთზე დავით დიღმელაშვილის ძლიერი დარტყმა, რომელიც ნადირაძემ მოიგერია.

ეს იყო და ეს - "ტორპედომ" "სპარტაკის" წინააღმდეგობა ვერ დაძლია, მატჩის მიწურულს კი კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვა: როდესაც მიგინეიშვილი შეტევის დაწყებას ცდილობდა, ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კინაღამ კარში აღმოჩნდა.

მთავარი არბიტრის საფინალო სასტვენმა "სპარტაკის" მოულოდნელი, თუმცა დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა - 2:0, ცხინვალელები კი საუკეთესო რვა გუნდში დაწინაურდნენ.

ქუთათურებმა ჩემპიონატი მარცხით კი დაიწყეს, მაგრამ ეს გუნდის საჩემპიონო ბრძოლიდან ჩამოშორებას არ უნდა ნიშნავდეს. უბრალოდ, ერთი მატჩით გუნდის შეფასება გაუმართლებელია.

მატჩის შემდეგ
ვლადიმერ ხაჩიძე, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი: "უამინდობის გამო, სეზონისთვის ხარისხიანად ვერ მოვემზადეთ. ვიცოდით, ქუთაისელები ფიზიკურად ჩვენზე უკეთ იყვნენ მომზადებულები და კონტრშეტევებზე ამიტომ ვითამაშეთ. მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ და ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ცოტა გამოცდილი და ბევრი ახალგაზრდა გვყავს. მიმაჩნია, რომ მათი შერწყმით შეიძლება ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ლიდერებსაც არაფერს დაუთმობს".

გია გეგუჩაძე: "ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. გამეზარდაშვილს დიდი დრო გაუცდა, ფორმაში არაა და დღეს ამიტომ არ ითამაშა. ჩვენ გვყავდა დაბალანსებული, მაგრამ ასაკოვანი გუნდი. ახლა "ტორპედოს" განახლება მიმდინარეობს. გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება, მაგრამ არა ამ ეტაპზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული