გაგრა-ზესტაფონი 0-1 - დებიუტში მოგვარებული საქმე

AutoSharing Option
19.02. თბილისი. შატილი. 200 მაყურებელი
გაგრა-ზესტაფონი 0:1
0:1 რაჟამაშვილი (5)

გაგრა ზესტაფონი
4-5-1 4-4-2
ბეგაშვილი რ. კვასხვაძე
ხუციძე თ. ღონღაძე
ყურულაშვილი მ. კობახიძე
ტყეშელაშვილი გ. ონიანი
ნ.ჯიშკარიანი ელიავა
როსტიაშვილი რაჟამაშვილი
ხოჯაშვილი გორგიაშვილი
ზვიადაძე მენთეშაშვილი
ჭკუასელი სამუშია
სარდალიშვილი წინამძღვრიშვილი
ჯერემია მუჯირი

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ჯელაძე გ. ჭიაბრიშვილი

გაგრა
60. სარდალიშვილი - ლ. ყიფიანი
63. როსტიაშვილი - კვანტალიანი
84. ზვიადაძე - ლ. სეთურიძე
სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, ფალავანდიშვილი, კიკნაველიძე

ზესტაფონი
46. მენთეშაშვილი - შარიქაძე
59. სამუშია - თ. გრიგალაშვილი
76. მუჯირი - გაგოშიძე
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, გ. ბერაია, ს. ლომია

გაფრთხილება: ჯერემია (42), წინამძღვრიშვილი (54)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ისევე, როგორც ტურის მატჩების უმრავლესობას, ქარიშხალმა ამ შეხვედრასაც დაღი დაასვა. პირველ ტაიმში ქარი "ზესტაფონის" სასარგებლოდ ქროდა და "გაგრას" იმის საშიშროებაც კი შეექმნა, რომ სტუმართა მეკარე როინ კვასხვაძეს საკუთარი პოზიციიდან გოლი გაეტანა.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ თამაში ვერ გამოდგა მაინცდამაინც სანახაობრივი. "ზესტაფონმა" საწადელს მატჩის დებიუტშივე მიაღწია, "გაგრამ" კი, იმის მიუხედავად, რომ ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, უფრო მაღალი კლასის მეტოქესთან დაპირისპირებაში ქულა ვერ გადაარჩინა.

"ზესტაფონმა" 19 თებერვალს დიდი დანაკლისით ითამაშა - სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოს ჩემპიონებს დააკლდნენ შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, ალექსი ბენაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ხიდეშელი და აბაიომი ოვონიკოკო. სამაგიეროდ, ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ზურაბ მენთეშაშვილმა. ძირითად შემადგენლობაში მოხვდა იმერელთა რამდენიმე ახალწვეული, რომელთა დიდმა ნაწილმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

დავით რაჟამაშვილმა კი ეფექტური გოლი გაიტანა - "გაგრას" კარში საჯარიმო საკმაოდ შორი მანძილიდან და მახვილი კუთხიდან ჩაახვია.

მასპინძელთაგან ყველაზე აქტიურები ნიგერიელი ჯონ ჯერემია და "ზესტაფონიდან" იჯარით გადასული მიხეილ სარდალიშვილი იყვნენ. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი ჯერემიას მიეცა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში მიზანს სულ ოდნავ ააცილა. შესვენებამდე კი გურამ სამუშიას დარტყმა გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია, რატი წინამძღვრიშვილის სახიფათო თავური კი არაზუსტი აღმოჩნდა.

თუკი პირველ ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც ვიხილეთ, მეორე ნახევრიდან გასახსენებელი ბევრი არაფერია. "ზესტაფონმა" დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერის პოზიციები განიმტკიცა, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად მებრძოლ "გაგრას" კი თუნდაც ერთი ქულა დიდ სამსახურს გაუწევდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული