22 თებერვალს გასამართ ტურში არ არის ისეთი დამაინტრიგებელი წყვილი, როგორიც კვირას "მეტალურგი"-"დინამო" იყო, მაგრამ უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის დასრულებამდე იმდენი რამაა გასარკვევი, რომ თითოოროლა გამონაკლისის გარდა, ინტრიგა თითქმის ყველა შეხვედრას ექნება.
დილა-მეტალურგი (გადაიდო)
გაიმართება 1 მარტს
22 თებერვალს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება "დილა"-"მეტალურგი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ გორელებსაც და რუსთაველებსაც ერთმანეთისთვის საკუთარი ამბიციების დამტკიცება 1 მარტს მოუწევთ. საქმე ის არის, რომ "მიხეილ მესხს" 29 თებერვლისთვის ამზადებენ. შეგახსენებთ, ამ დღეს საქართველოს ეროვნულ
როგორც იცით, პირველი ეტაპი 4 მარტს სრულდება და სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტს ისღა დარჩენოდა, "დილა"-"მეტალურგი" სანაკრებო შეხვედრა მეორე დღეს დაენიშნა.
ასე რომ, ამ უაღრესად საინტერესო მატჩამდე კვირაზე მეტია დარჩენილი, ახლა კი ხუთი შეხვედრით უნდა დავკმაყოფილდეთ, საიდანაც ცენტრალურის სტატუსი უთუოდ უნდა მივანიჭოთ "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკის" დაპირისპირებას.
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
22.02. მცხეთა პარკი. 14:00
მცხეთაში ორივე გუნდისთვის ბევრი რამ წყდება. თუკი "ვიტ ჯორჯია" შესვენებისას კომფორტულ მდგომარეობაში იყო, ფოთში განცდილმა მარცხმა ზურაბ ბერიძის გუნდს სატურნირო მდგომარეობა გაურთულა და ქულათა მარაგის შევსება დასჭირდა.
"სპარტაკმა" "ტორპედოს" ძლევით დაამტკიცა, რომ პროგრესირებს და არც დღეს იქნება იოლად გადასალახი ბარიერი. წესით, "მცხეთა პარკზე" დაძაბული და უკომპრომისო ფეხბურთი უნდა ვიხილოთ, სადაც ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი. მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი მეკარე გიორგი ძაძამია დააკლდებათ, რაც ვეტერინართათვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია.
მერანი-კოლხეთი
22.02. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 14:00
ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე, "მეგრული დერბი" გაიმართება, ოღონდ "ბაიას" გარეშე. იქ ერთმანეთს "მერანი" და "კოლხეთი" შეხვდებიან. საქმე ისაა, რომ მარტვილის სტადიონზე კვლავაც თოვლი დევს და იქ ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. "მერანმა" რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა დიდი ხანია, დაიბევა, მაგრამ ქულების დაგროვება არც მას აწყენს, "კოლხეთს" კი "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებით საუკეთესოებში დამკვიდრების რეალური შანსი გაუჩნდა და მისი წევრები ზუგდიდში წარმატებული სვლის გაგრძელებაზე იფიქრებენ. დიდი ალბათობით, ამ წყვილშიც შეუპოვარ ბრძოლას უნდა ველოდოთ.
ტორპედო-გაგრა
22.02. ქუთაისი. ტორპედო. 16:00
"ტორპედოსაც" და "გაგრასაც" გამარჯვება ჰაერივით სჭირდება და ვნახოთ, მოხდება თუ არა კიდევ ერთი სენსაცია ქუთაისელთა მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში. უდავოა, რომ "სპარტაკი"-"ტორპედოს" შედეგმა "გაგრას" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ქუთაისში წარმატების იმედი გაუძლიერა.
თავის მხრივ მარცხისგან სათანადო დასკვნებს ტორპედოელებიც გამოიტანდნენ და საკუთარი ქომაგების თვალში რეაბილიტაციისთვის დღეს ყველაფერს გააკეთებენ.
"გაგრას" ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო ნიგერიელი ფორვარდი ჯონ ჯერემია დააკლდება, რაც სტუმართა შემტევ პოტენციალს საგრძნობლად შეასუსტებს.
ზესტაფონი-ბაია
22.02. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 14:00
ჩემპიონი "ზესტაფონი" წელს შინ პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს და საკუთარი გულშემატკივრების კიდევ ერთხელ გახარებას შეეცდება. ფეროელებს კვლავ დააკლდებათ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, თუმცა "ზეტაფონის" ახალწვეულთა უმრავლესობამ "გაგრასთან" კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მათი იმედი სამწვრთნელო შტაბს ნამდვილად შეუძლია ჰქონდეს.
"ბაია" კი განწირული სულაც არ არის - ამჟამინდელ "დილასთან" ფრე ხომ ბევრისთვის უკვე დადებით შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იმის მიუხედავად, რომ ზამთარში ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, "ბაია" ხელწამოსაკრავი გუნდი არც ამჯერად იქნება.
დინამო-სიონი
22.02. თბილისი. დინამო არენა. 14:00
ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალი ამჯერად "დინამოა". რუსთავში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ გიორგი დევდარიანის გუნდს სულის მოთქმის საშუალება მიეცემა, ახალი მთავარი მწვრთნელი კი მშვიდად დააკვირდება საკუთარ ფეხბურთელებს და საჭირო დასკვნებს გააკეთებს.
"სიონისთვის" პირველი ეტაპის ბოლომდე დარჩენილი მატჩები არაფრისმომცემია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეორე ეტაპამდე ხვიჩა ქასრაშვილს კიდევ სამი შეხვედრა აქვს გუნდის გადამწყვეტი მატჩებისთვის მოსამზადებლად.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 19 14 3 2 38-15 45
2.ტორპედო 19 12 2 5 26-15 38
3.დინამო 19 11 3 5 36-22 36
4.მერანი 19 9 3 7 22-21 30
5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30
6.ბაია 19 7 4 8 19-20 25
7.ვიტ ჯორჯია 19 6 5 8 21-24 23
8.სპარტაკი 19 6 4 9 18-25 22
9.გაგრა 19 6 3 10 18-24 21
10.კოლხეთი 19 5 6 8 17-24 21
11.დილა 19 5 4 10 23-25 19
12.სიონი 19 1 5 13 11-35 8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"