"ზესტაფონი" თოვლმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო

AutoSharing Option
25 თებერვალს ზესტაფონში ჩინებული დარი კი იყო, მაგრამ 26-ში დილით ისეთი თოვლი წამოვიდა, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი თეთრად გადაიპენტა.

მოედნის გასაწმენდად კლუბისა და ქალაქის ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ "ზესტაფონმა" ფეისბუკზე დახმარებისთვის გულშემატკივრებს მიმართა, რასაც 50-მდე ადამიანი გამოეხმაურა და უამინდობას საერთო ძალებით შეუტიეს, მაგრამ ამაოდ - მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ცხადი გახდა, რომ მოედნის სათამაშო მდგომარეობაში მიყვანა შეუძლებელი იქნებოდა.

კლუბების წარმომადგენლები მატჩის გადადებას დათანხმდნენ, საბოლოო სიტყვა კი მატჩის დელეგატს, ვალერი მანაგაძეს უნდა ეთქვა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავასა და
საშეჯიბრო კომიტეტის თავკაცს, ნოდარ კაკულიას დაუკავშირდა. სიჭინავას მითითება იყო: თუ მოედნის გაფუჭების საფრთხეა, შეხვედრა გადაედოთ.

საბოლოოდ, მანაგაძემ შეადგინა აქტი, რომელზეც ხელი მოაწერეს მსაჯთა დამკვირვებელმა, ავთანდილ სამხარაძემ, მთავარმა არბიტრმა, მალხაზ ბეუქლიშვილმა, კლუბების ხელმძღვანელებმა.

გუნდები დაინტერესდნენ, როდის გაიმართება გადადებული მატჩი და "ზესტაფონს" არც ისე სასიამოვნო ამბავი აცნობეს - სავარაუდოდ, ცხინვალელებს 2 მარტს უმასპინძლებენ. ფედერაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ცხადია, უამინდობა საშეჯიბრო კომიტეტსაც დამატებით საზრუნავს უჩენს, მაგრამ "ზესტაფონი" მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მოგეხსენებათ, 29 თებერვლის სანაკრებო შეხვედრაში ალბანეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 4 ზესტაფონელი გამოიძახა - როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი. თუ ფედერაცია "ზესტაფონი"-"სპარტაკის" მატჩს 2 მარტს დანიშნავს, გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები უმძიმესი ფიზიკური გამოცდა ელით - კალენდრით 4 მარტს მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" უნდა ესტუმრონ. გამოდის, რომ გუნდის ლიდერებს 5 დღეში სამი მატჩი ელით, რაც ჩემპიონს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს.

კლუბის მთავარი მწვრთნელის გია ჭიაბრიშვილის თქმით, სწორედ შემჭიდროებული გრაფიკის გამო 2 მარტს "სპარტაკთან" თამაში გაუმართლებელი იქნება და იმედი გამოთქვა, რომ ფედერაცია უფრო მისაღებ თარიღს შეარჩევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული