სიონი-ჩიხურა 3:1 - სითამამე და იღბლიანი შეცვლა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" პირველი ლიგიდან კი მოხვდა პლეი აუტში, მაგრამ ამ გუნდში უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები გამოდიან და ბოლნისიდან ქულის თუ ქულების წამოღების შანსი ნამდვილად ჰქონდა.

"სიონმა" თამაშის შემოტრიალება მოახერხა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ სეზონის მეორე ეტაპზე მოღონიერებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა სავსებით ხელეწიფება.

"ჩიხურას" ისეთი კონტინგენტი ჰყავს, 90 წუთი სწრაფი თამაში გაუჭირდება. სტუმრებმაც ისეთი ტაქტიკა აირჩიეს, პირველ ტაიმში წარმატება რომ მოუტანა - ტემპის დაგდება, გამოცდილების, სწორი თამაშის ხარჯზე მეტოქის შებოჭვა და ფლანგებზე გამწესებული სწრაფი შემტევების, დავით კირკიტაძისა და ნიკა
კვასხვაძის ეფექტურად გამოყენება.

პირველი 45 წუთი ისე გავიდა, "სიონს" მეტოქის კართან სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, "ჩიხურამ" კი თავისი საქმე გააკეთა. გიორგი ტუხაშვილის დიაგონალური გადაცემის შემდეგ კვასხვაძემ კარგად გამოიყენა მიხეილ კობაურის შეცდომა და მასპინძლები წინ გაიყვანა.

"ჩიხურას" მეორე გოლის გატანაც შეეძლო - ზურაბ ძამსაშვილის პასი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა კვასხვაძემ კარგად ვერ მიიღო, თორემ ახლოდან ალბათ, არ ააცდენდა მიზანს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, "ჩიხურას" ისევ რომ გაუჩნდა შანსი - კვასხვაძის გადაცემით კირკიტაძე გაიჭრა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა კუთხე დაიმახვილა და ხეირიანადაც ვერ დაარტყა. კირკიტაძე მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა "სიონის" დაცვას. სტუმართაგან საუკეთესო მასზე ითქმის.

"ჩიხურა", ცოტა არ იყოს, გათამამდა, უფრო გაბედულად მიდიოდა წინ და თამაშიც უფრო გაიხსნა. ეს კი "სიონს" აძლევდა ხელს და ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შესაძლებლობაც შექმნა: შეცვლაზე შესული ვილი იანის პასის შემდეგ ჯაბა უგულავას მართებდა გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. "სიონმა" მალე მაინც გატეხა მოწინააღმდეგე, დავით ბოლქვაძემ კარგად გაუჭრა პასი ისიანს და - 1:1.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისელთა დამრიგებელმა ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვლა გამოიცნო. ისიანის მოედანზე გამოსვლა წარმატებული გამოდგა.

რევაზ ქემოკლიძესა და დავით სვანიძეს მიჯრით შეეძლოთ გოლის გატანა - მათ დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ, გიორგი ჭანკოტაძის შორიდან გასროლილი კი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

ამასობაში "ჩიხურამაც" გამოიდო თავი, როცა გიორგი მურველაშვილმა კარგი ფლანგური რეიდი განახორციელა, კარგადაც ჩააწოდა და კირკიტაძემ არაზუსტი თავური მიაყოლა.

მატჩის ბოლო მონაკვეთი კი "სიონის" იყო. ბოლნისელებმა ფიზიკურ მომზადებაში აშკარად აჯობეს მეტოქეს. მეტრეველის დაწყებული იერიში თენგიზ ჩიკვილაძის გოლით დასრულდა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ბოლქვაძის შორეული დარტყმა თევდორაძემ კარგად ვერ მოიგერია და დამატებაზე მეტრეველმა იყოჩაღა.

12.03. ბოლნისი. თ.სტეფანია. 800 მაყურებელი
სიონი-ჩიხურა 3:1
0:1 ნ.კვასხვაძე (15. ტუხაშვილის პასით), 1:1 ისიანი (63. დ.ბოლქვაძის პასით), 2:1 ჩიკვილაძე (81), 3:1 მეტრეველი (90)

სიონი ჩიხურა
4-4-2 4-2-3-1

ბობღიაშვილი თევდორაძე
კობაური მურველაშვილი
სვანიძე ჭელიძე
ქემოკლიძე ბერიანიძე
ჩიკვილაძე ჩიხრაძე
ჭანკოტაძე ნოზაძე
ნემსაძე ძამსაშვილი
დ.ბოლქვაძე კირკიტაძე
გველესიანი ტუხაშვილი
უგულავა ნ.კვასხვაძე
მეტრეველი მუმლაძე

მწვრთნელი მწვრთნელი:
ხ.ქასრაშვილი ს.ფრუიძე

სიონი
55. გველესიანი -ისიანი
65. ნემსაძე - ჯოჯუა
85. უგულავა - ოქროპირიძე
სათადარიგოები: ზუხბაია, ლ.ჩხეტიანი, კაციტაძე, ხიდეშელი

ჩიხურა
67.ნოზაძე - ლილუაშვილი
72.მუმლაძე - დეკანოიძე
77. ძამსაშვილი - ჩიკვაიძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გუშარაშვილი, იაშვილი, ზაბახიძე

გაფრთხილება: ბერიანიძე (32), მუმლაძე (42), სვანიძე(43), ძამსაშვილი(70), უგულავა (84)

არბიტრი: გ.ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული