თავად განსაჯეთ: მომდევნო სანაკრებო პაუზამდე გუნდებმა 22 დღის განმავლობაში ექვს-ექვსი შეხვედრა უნდა ჩაატარონ; ანუ, ფაქტობრივად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ტურია და ჩემპიონატის ეს ურთულესი მონაკვეთი სატურნირო ცხრილში სერიოზულ კორექტივებს რომ შეიტანს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სწორედ ამ პერიოდში (10 სექტემბერი-3 ოქტომბერი) "გამოჩნდება" კიდეც თითოეული გუნდის
მოკლედ, მართლაც საინტერესო, "შემოდგომის მარათონის" რთული ეტაპი გველოდება, ინგლისური პრემიერლიგის "ბოქსინგ დეის" ანალოგს რომ წარმოადგენს; ოღონდ, დროის მოკლე პერიოდში მატჩების ხშირ-ხშირად ჩატარებას ვგულისხმობთ, თორემ სხვა მხრივ როგორ უნდა შევედაროთ...
V ტურში, სულ მცირე, სამი ისეთი მატჩია, მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთხწლიანი პაუზის მერე, უმაღლეს ლიგაში კვლავაც ვიხილავთ ფოთის "კოლხეთისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებას! არანაკლებ დამაინტრიგებელი შეხვედრა უნდა ჩატარდეს ზუგდიდშიც: ახალი სეზონის დაწყების წინ საგრძნობლად გაძლიერებული და ამბიციამოძალებული "ბაია" ჩემპიონატის ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტს "ზესტაფონს" მასპინძლობს.
თუმცა ჩვენ მიერ ნახსენები ორივე ეს მატჩი, პლუს კიდევ ორი დაპირისპირება ("სიონი"-"ვიტ ჯორჯია" და "ოლიმპი"-"სპარტაკი") შაბათს გაიმართება; დღეს კი ტურის ერთადერთი და ამასთან, მეტად საინტერესო პაექრობა გველოდება: "იმერულ დერბიში" ერთმანეთს "სამტრედია" და "ტორპედო" დაუპირისპირდებიან!
იმერული დერბის დაბრუნება
როცა ჩემპიონატში მხოლოდ სამი ტურია ჩატარებული, გუნდების ლიდერებად თუ აუტსაიდერებად დაყოფა, ცოტა არ იყოს, უადგილოდაც გვეჩვენება; თუმცა, საპირისპირო შემთხვევაში სატურნირო ცხრილის არსებობის ლეგიტიმურობის საკითხი დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, "სამტრედიას" და "ტორპედოს" საქმე საამაყოდ ნამდვილად არა აქვთ - ჩემპიონატში მხოლოდ ეს ორი გუნდია, მოგებათა გრაფაში ნული რომ უწერიათ! კი ბატონო, სეზონის დასაწყისია, ორივე გუნდში ახალი მწვრთნელები (შესაბამისად, გელა სანაია და რამაზ მუმლაძე) მუშაობენ, ასევე ორივე გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობაც ახალწვეულია და ასეთ დროს კი, მოგეხსენებათ, ერთმანეთში შეთამაშების პრობლემაც მეტისმეტად აქტუალური ხდება.
მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ნაკლებად აღელვებს "სამტრედიისა" და "ტორპედოს" ერთგულ ქომაგებს - მათი საყვარელი გუნდები ცხრილის ბოლოში მოექცნენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით თამაში არ მოუგიათ...
ამ სეზონში "სამტრედიის" პროგრამა-მაქსიმუმიცა და მინიმუმიც, მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა (თანაც, არცთუ ძლიერ მეტოქესთან); დღესაც არანაკლებ რთული მატჩი ელოდება, მით უფრო, რომ მეტოქე გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის - "ტორპედოს" აუტსაიდერობას ნამდვილად არავინ მოელოდა.
გასაგებია, რომ ქუთათურთა საყვარელ გუნდს სეზონის სტარტზე ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, 2-3 ფეხბურთელის გარდა, დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ახალწვეულია, მაგრამ "ტორპედოს" ქომაგებისთვის ეს ობიექტური მიზეზები... მეორეხარისხოვანია! ანუ, უმაღლეს ლიგაში სერიოზული მიზნებითა და დიდი ამბიციებით დაბრუნებული გუნდისგან პირველსავე სეზონში... მაქსიმუმ - ჩემპიონობისათვის, მინიმუმ კი - ევროტურნირის საგზურისათვის ბრძოლას ითხოვენ. ქუთაისში არც ის მოსწონთ, "ტორპედომ" იმ სამ ტურში მხოლოდ 1 გოლის გატანა რომ მოახერხა...
თუმცა გუნდის პრობლემები, გულშემატკივრებზე უკეთ მთავარ მწვრთნელს ეცოდინება და სწორედ ამას ემსახურებოდა კიდეც რამაზ მუმლაძის ბოლო სატრანსფერო გადაწყვეტილებაც: საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია ამიერიდან "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს. თანაც, უცნაური დამთხვევაც არის: "ვიტ ჯორჯიას" მაისურით მოასპარეზე ვახტანგ კვარაცხელიამ უკანასკნელ ტურში "დუბლი" შეასრულა და მეტოქე... "სამტრედია" იყო. ანუ, ისეთი სიტუაციაა, როცა ახალგაზრდა ფორვარდი ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ერთი და იმავე გუნდს ზედიზედ ორჯერ უნდა დაუპირისპირდეს...
"სამტრედია" და ტორპედო" უმაღლეს ლიგაში უკანასკნელად ერთმანეთს 9 წლის წინათ დაუპირისპირდნენ; სამწუხაროდ, 2000-01 წლების სეზონის შემდეგ "სამტრედია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მერე მეზობლის ბედი ტიტულოვანმა "ტორპედომ" გაიზიარა და აი, როგორც იქნა, "იმერული დერბიც" აღსდგა.
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "სამტრედიამ" და "ტორპედომ" ერთმანეთში 25 მატჩი ჩაატარეს და უპირატესობას ქუთაისლები ფლობენ: 13 მოგება, 5 ფრე და 7 წაგება (ბურთების სხვაობა 54-24). ოღონდ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ტორპედომ" ამ უპირატესობას ბოლო სეზონებში მიაღწია: 1996 წლის მერე ამ ორ გუნდს შორის ჩატარებული 9 მატჩიდან 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. მანამდე კი "სამტრედია"-"ტორპედოს" დაპირისპირებები უდიდეს ინტერესს იწვევდა და ამ შეხვედრებშიც ფავორიტი და აუტსაიდერი, ფაქტობრივად, არც არსებობდა.