საფეხბურთო კონიუნქტურა, ანუ წინ, ბევრგუნდიანი ჩემპიონატისკენ!

AutoSharing Option
ლიტვის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა წელს, 3 თებერვალს უმაღლესი ლიგის 12-დან 10-გუნდამდე შემცირება გადაწყვიტა. ელიტა ფინანასური პრობლემების გამო "კაუნასმა" და "მაჟეიკაიამ" დატოვეს.

ლოგიკურია, როდესაც გუნდს ფული არ აქვს, მისი ადგილი უამღლეს ლიგაში არ არის. სამწუხაროდ, ეს ელემენტარული ლოგიკა საქართველოში ბევრს არ ესმის. ეტყობა, ამიტომ დაიწყო ლაპარაკი მომდევნო სეზონიდან უმაღლესი ლიგის მონაწილეთა 16-გუნდამდე გაზრდაზე.

ლოგიკა გასაგებია და მისაღებია - რაც მეტი გუნდი იქნება, მით უფრო მეტი მოთამაშე დასაქმდება და გაიზრდება. შარშან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურის 70%
განახლდება. თუ გუნდებს ექნებათ პირობები და ეყოლებათ სპონსორები, 16-გუნდიანი ჩემპიონატი იდეალური იქნება.

მაგრამ ერთია სურვილი, მეორე კი უეფას მკაცრი მოთხოვნები: უმაღლესი ლიგის კლუბმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რაც კონიუქტურულ შეხედულებებთან წინააღმდეგობაშია: აუცილებელია ფინანსური მდგრადობა და გარანტიები, კეთილმოწყობილი სტადიონები, სადაც იქნება ნორმალური გასახდელები, საშხაპეები, მოედნები, საჭირო ინფრასტრუქტურა, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, პრეს ლოჟა...

დავითვალოთ, რამდენი გუნდი პასუხობს ამ მინიმალურ მოთხოვნებს და აქვე შევთანხმდეთ, რომ მომავალში ასაშენებელი არ ითვლება. ვისაც უმაღლესში თამაშის პრეტენზია აქვს, ელემენტარული პირობები დღესვე უნდა ჰქონდეს, მომავლის იმედად კი ფედერაცია ლიცენზიას არ უნდა გასცემდეს.

მაგალითად, აჭარაში მომავლის იმედად უკვე ოთხი სტადიონი დაანგრიეს, მათ ნაცვლად კი ჯერ მხოლოდ ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

თუ უმაღლესი ლიგის 16-გუნდამდე გაზრდა სურთ, მაშინ ამ ჩემპიონატის პოტენციურ მონაწილეებად უმაღლესი ლიგის პლეი ოფისა და პლეი აუტის 16 გუნდი უნდა განვიხილოთ.

ფინალურ რვა გუნდში უპრობლემო მხოლოდ ხუთია: "ზესტაფონი", რუსთავის "მეტალურგი", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "დინამოს" და გორის "დილა". მათ აქვთ სტადიონები, ნორმალური მოედნები და მეტ-ნაკლებად მყარი ფინანსური მდგომარეობა. ელიტას ბოლოს შეუერთდა "დილა" და გარკვეულ პერიოდამდე მაინც არ გაივლის ნაცნობ ბეწვის ხიდზე - სტადიონს ურემონტებენ და სოლიდური სპონსორიც ჰყავს - შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ ზუგდიდის "ბაია", მარტვილის "მერანი" და ფოთის "კოლხეთი". "ბაიას" არ აქვს სტადიონი, მისი დაფინანსება კი არასტაბილურია. ფოთის "კოლხეთს" აქვს მოედანი, მაგრამ არ აქვს სტადიონი და ყოველ ექვს თვეში დაფინანსებაც სათუო ხდება. ფოთში, "ფაზისზე" მართლაც ჩინებული საფარი დააგეს, მაგრამ ტრიბუნები აღარ არის და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს "პირველი მერცხალის" ცოცხალ კადრებს უყურებ.

"მერანს" სტაბილური, მაგრამ უამღლესი ლიგისთვის უკვე არასაკმარისი დაფინანსება აქვს, მარტვილის სტადიონზე კი უმაღლესი ლიგის მატჩის ჩატარება არ შეიძლება: მოედანი უხარისხოა, გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები კი - არასტანდარტული. ის, რომ მალე ფედერაცია მოედანს დააგებს და სტადიონზე რეკონსტრუქცია დაიწყება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ახლა ფლეი აუტის მონაწილეებზეც ვთქვათ: "გაგრას" საკუთარი სტადიონი არ გააჩნია, მაგრამ თბილისში "მერანს" ქირაობს. მართალია, გუნდს ფინანსები არ გადასდის, მაგრამ არც უჭირს და უმაღლესის პირობებს აკმაყოფილებს.

ცხინვალის "სპარტაკი" მუდმივი ბედუინია, საკუთარი სტადიონი არ გააჩნია და უამრავ სტადიონზე "უმასპინძლია" - გორის "ქართლზე" და "თენგიზ ბურჯანაძეზე", თბილისში "მიხეილ მესხზე", "შატილზე", "მარაკანაზე", რუსთავში "ფოლადზე". თუმცა სტადიონის ქირაობა "მოსულა", ფინანსურად კი ცხინვალელებს არ უჭირთ.

ოდესღაც საქართველოში საუკეთესო სტადიონის პატრონი ბათუმის "დინამოც" ხიზანია. ბათუმის არენის აშენება ჯერ 2011 წლისთვის იგეგმებოდა, შემდეგ 2012 წლისთვის გადადეს, მაგრამ ჯერ პროექტის განხორციელება არ დაწყებულა. გუნდს ფინანსურად რომ არ უჭირს, ეს არ ნიშნავს, რომ უმაღლესი ლიგისთვის საკმარისი ფული გააჩნია. მაგრამ მალე გუნდი ქობულეთის სტადიონზე გადაბარგდება და საკუთარი არენის პრობლემა მოიხსნება.

ყველაზე მეტად უმაღლესი ლიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება გურიის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ - ლანჩხუთის სტადიონის კარკასი დასანგრევი და ახლიდან ასაშენებელია. გუნდს მეტი ბიუჯეტიც მოეთხოვება. ოზურგეთის "მერცხალის" დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ხარიტონ ჩხატარაშვილმა კი თავად თქვა, რომ ფლეი აუტში ყველაზე ღარიბი გუნდი ჰყავთ, ოზურგეთის სტადიონს კი სრული განახლება სჭირდება.

პრობლემა არ აქვს საჩხერეს "ჩიხურას", რომლის განკარგულებაშიც არის ორი მცირე კეთილმოწყობილი სტადიონი. საჩხერის ცენტრალური არენის რეკონსტრუქცია 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ არ დაწყებულა. ორი აზრი არაა, გუნდს რომ ფინანსურად არ გაუჭირდება. ამიტომაც, უმაღლესზე ოცნება რეალური ჰგონიათ.

"ვიტ ჯორჯიას" აქვს საკუთარი სტადიონი, მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური ბიუჯეტი და ისიც ელიტ-მარაქაშია.

მოკლედ, ამ 16 გუნდიდან მოთხოვნებს აკმაყოფილებენ "ზესტაფონი", "მეტალურგი", "ტორპედო", თბილისის "დინამო", "დილა", "გაგრა", "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია", ჰა და ჰა
"სპარტაკი" და ბათუმის "დინამო". ასეთ პირობებში 16-გუნდიან ჩემპიონატზე ლაპარაკი ნაადრევი და გაუაზრებელია.

გასაგებია, რომ მეტი ფეხბურთელის დასაქმება გვინდა, მაგრამ პირობები და სპონსორები არ არიან და ჩემპიონატიც ისევე ჩავარდება, როგორც ნოდარ ახალკაცი-უმცროსის დროს. მაშინაც ეს კონიუნქტურული მოთხოვნა იყო და არა საფეხბურთო სამყაროსი.

ერთი ყოფილი გუბერნატორი ბრიყვულად ამტკიცებდა, ადგილობრივ ბიჭებს მოვიწვევ, გვერდში დამიდგებიან და წელიწადში 51 ათასი ლარი მშვენივრად გვეყოფაო. ასეთი გუნდები უმაღლეს ლიგას არაფერს შეძენენ. ჩემპიონატის დონეც მაშინ აიწევს, ლიდერი 3 ქულას რომ არ დაგეგმავს და ბრძოლაში მოიპოვებს.

და კიდევ: როცა რაოდენობის გაზრდას აპირებენ, ეს რეგლამენტში წინასწარ უნდა ჩაიწეროს. ერთი გულშემატკივრის თქმის არ იყოს, ყოველი სეზონის ბოლოს რეგლამენტის გაფარატინება სწორი არაა, მართლა ბანანის რესპუბლიკა ხომ არ ვართ.

ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებთ, უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდა შეუქცევად სახეს მიიღებს და რამდენიმე წელიწადში ყველაზე ბევრგუნდიანი ჩემპიონატი გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვენიერი სტატიაა. ყველა არგუმენტი ნათლადაა ჩამოყალიებებული. თუ ზოგს გულზე დაესო ეს, კიდევ უკეთესი - იმაზე მეტყველებს რომ სტატიამ თავისი დანიშნულება შეასრულა.
კარგი იქნება ბევრი იწერებოდეს ასეთი კრიტიკული წერილები.
Toko
13:36 15-03-2012
0
სტატიის ბოლო წინადადება ძალიან ბავშვური და არაადეკვატურია, ისეთი როგორიც ინტრიგანი "კვირის პალიტრის" საფარ ქვეშ მყოფ გაზეთს შეეფერება. ამ ბოლო დროს პროვოკატორ გაზეთათ ჩამოყალიბდით, დაგეტყოთ "კვირის პალიტრის" ხელი.
დათო
02:50 15-03-2012
0

სიახლეები პოპულარული