გურია-გაგრა 2:2
1:0 ჯანგიძე (30. ტ. კუკულაძის პასით), 2:0 კვერენჩხილაძე (56), 2:1 ნ. ჯიშკარიანი (58), 2:2 ტყეშელაშვილი (73).
გურია გაგრა
4-4-1-1 4-4-1-1
ბუბუტეიშვილი ბეგაშვილი
ჩუენსუ ხუციძე
ზ. ჩხეტიანი კალანდაძე
ბაქრაძე ტყეშელაშვილი
ჯანგიძე ჯგერენაია
სამსეიშვილი ყურულაშვილი
მაისაშვილი ხოჯაშვილი
მოსიაშვილი ნ. ჯიშკარიანი
ტ. კუკულაძე სარდალიშვილი
კვერენჩხილაძე კვანტალიანი
გ. თოდუა ჯერემია
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. იმნაძე ზ. ჯელაძე
გურია
65. მოსიაშვილი - რ. კუკულაძე
78. ტ. კუკულაძე - ჩარგეიშვილი
88. სამსეიშვილი - ე. კილაძე
სათადარიგოები: გოგუაძე, ლაღაძე, შეწირული, ზ. კვარაცხელია
გაგრა
35. ხოჯაშვილი - ზვიადაძე
46. სარდალიშვილი - ყიფიანი
89. ჯიშკარიანი - კობერიძე
გაფრთხილება: ხოჯაშვილი (12), კვანტალიანი (40), ტ. კუკულაძე (53)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)
მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა "გურიამ" უმაღლესი ლიგის "რანგში" პირველი შეხვედრა გამართა - ეროვნული თასის პირველი გამარჯვებული იმავე ტიტულის მოქმედ მფლობელ "გაგრას" დაუპირისპირდა.
მატჩის დღეს დილით და წინადღეს ისევ მოთოვა და არსებობდა საფრთხე, რომ შეხვედრა არ ჩატარებულიყო, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე საათებით ადრე გამოიდარა, თანაც წყლიანმა თოვლმა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, მინდორზე "ფეხი ვერ მოიკიდა".
წინა ტურში ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა და თავისთავად, წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდებოდნენ, თუმცა მეტად მოტივირებულები ელიტლიგაში მოხვედრის მოსურნე მასპინძლები ჩანდნენ.
მატჩიც მათი შეტევებით დაიწყო და თანადათან კიდევ უფრო გაიზარდა გურულთა უპირატესობა. თუ სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 2-3 ჯერ დაატყეს "გურიის" კარისკენ სახიფათოდ, ლანჩხუთელებს გატანის შანსი მრავალჯერ მიეცათ.
პირველი რეალური ხიფათი გურულებმა პირველივე წუთზე შექმნეს, როცა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი გია თოდუა თავით ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ფორვარდმა კარს ცოტათი გადააცილა.
ამის შემდეგაც მასპინძლები სახიფათოდ კი უტევდნენ, მაგრამ რეალური ხიფათი 30-ე წუთზე შექმნეს, რომელიც გოლით დასრულდა - მარცხენა ფრთიდან კუთხური ტარიელ კუკულაძემ მოაწოდა, რომელსაც ლაშა ჯანგიძე გამოეხმაურა და თავურით ანგარიში გაიხსნა.
ამის შემდეგ გაგრელებმა ვითარების გამოსწორება კი სცადეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ისინი 2-ჯერ გადაურჩნენ გოლს - ჯერ სტანდარტული მდგომარეობის შესრულებისას, როცა გურულები სახიფათოდ უტყამდნენ და შემდეგ, როცა დათო მაისაშვილმა გაისროლა სახიფათოდ - მცველის გავლით ბურთი ხარიხას მოხვდა.
თამაშის განახლების შემდეგ აშკარა იყო, რომ "გურია" აქცენტს უფრო დაცვაზე გააკეთებდა. თუმცა არც შეტევაზე უთქვამთ მასპინძლებს უარი და ერთ შემთხვევაში, 56-ე წუთზე, გიგა კვერენჩხილაძემ თავისიანები დაწინაურა, როცა საჯარიმოში შეჭრილმა გაგრელთა მეკარე უშანსოდ დატოვა.
მატჩის მიმდინარეობა და მოედნის მდგომარეობა "გაგრას" უმძიმეს სიტუაციაში აყენებდა, თუმცა ორბურთიანი ფორის მიღებიდან 2 წუთიც არ იყო გასული, როცა მასპინძელთა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა - ბურთი მოგერიების ნაცვლად მეტოქეს ჩააბარეს და არეულობაში მეკარესთან პირიპირ შერჩენილმა ნიკოლოზ ჯიშკარიანმა ანგარიში შეამცირა.
გატანილმა გოლმა სტუმრები გამოაფხიზლა და მეტად სახიფათო იერიშები მიიტანეს ლანჩხუთელთა კარზე. ჯერ იყო და ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იხეირეს, ხოლო 73-ე წუთზე, ისევ დაცვის შეცდომით - გურულებმა კვლავ ვერ შეძლეს ბურთის მოგერიება (თუმცა ატალახებულ მინდორზე ეს საკმაოდ ჭირდა) და გიორგი ტყეშელაშვილმა ძლიერი დარტყმით მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა, 2:2.
ამის შემდეგ სტუმრებმა დიდი მორალური უპირატესობა მიიღეს და მოგების შანსიც მიეცათ. "გაგრამ" ფსიქლოგიურთან ერთად სათამაშო უპირატესობაც მოპოვა. თუმცა ისინი ხიფათებს უფრო მეტად სტანდარტული მდგომარეობისას ქმნიდნენ - მოგეხსენებათ, ასეთ ამინდში საჯარიმოში "ჩაკიდება" ყოველთვის სახიფათოა, თუმცა ამისგან ხეირი ვეღარ ნახეს: მასპინძელთა დაცვას მეტი შეცდომა არ დაუშვია.
ყველაზე სახიფათო მაინც დამატებულ წუთზე საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა გახლდათ, როცა მალხაზ ბეუქლიშვილმა მასპინძელი მეკარის ხელით თამაში საჯარიმოს მიღმა დააფიქსირა, მაგრამ სტუმრებმა მისი გამოყენება ვერ შეძლეს.
რა თქმა უნდა, ამ დროს გურულებიც ცდილობდნენ თითქმის მოგებული თამაშის ისევ თავისკენ შემოტრიალებას, რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს და მათგან აღსანიშნავი კვერენჩხილაძის გარღვევა იყო - ფორვარდი დასარტყმელ პოზიციაზე კი გავიდა, მაგრამ "გაგრას" საჯარიმოში დაეცა. ისე ჩანდა, თითქოს ამაში მასპინძელი მცველები "დაეხმარნენ", მაგრამ არბიტრმა მატჩის გაგრძელება ბრძანა, რითაც მასპინძლებს ბოლო იმედიც გადაეწურათ.
საბოლოოდ, ფრე 2:2 და რაც "გურიამ" თბილისში "სპარტაკთან" მოახერხა, როცა 0:2-დან 2:2 გახადა, ახლა ლანჩხუთელებთან იგივე თასის მფლობელებმა შეძლეს.
მატჩის შემდეგ
ზვიად ჯელაძე (გაგრა): "რთული თამაში იყო, მინდვრის მდგომარეობის გამო ხარისხიან ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით, აქ მთავარი იყო ფიზიკური ბრძოლა, ორი ბურთით ვაგებდით და მადლობა ბიჭებს, რომ ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. "გურიას" კი წარმატებებს ვუსურვებ".
გიგლა იმნაძე (გურია): "ყველანაირი გაგებით უმნიშვნელოვანესი და ურთულესი შეხვედრა იყო, დიდი ძალა შევალიეთ პირველ ტაიმს, მეორეს დასაწყისშიც კარგად ვირჯებოდით, მეორე გოლიც გავიტანეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაცვაში არასწორად დაკავებული პოზიციების გამო გავუშვით 2 გოლი. "გაგრა" კარგი გუნდია, რაც იმითაც მტკიცდება, რომ 0:2-ზე არ გატყდა".
მათე გურული ლანჩხუთიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"